ბს-526-497(კ-09) 11 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. თ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 13 მაისს მ. თ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ფირმა ,,...” დაევალა მისთვის ქ. თბილისში, ... ქუჩებს შორის აშენებული ¹... კორპუსში მე-7 სართულზე მდებარე 2-1 ტიპის, ¹40 ოროთახიანი, 65 კვ.მ ფართის მქონე ბინის საკუთრებაში გადაცემა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2001 წლის 16 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის განჩინებით ბინას დაედო ყადაღა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001 წლის 5 ნოემბერს მიმართა თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოეხდინა ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა 2001 წლის 15 ნოემბრის წერილში განმარტა, რომ მოთხოვნა განიხილებოდა მას შემდეგ, რაც ფირმა ,,...” აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადასცემდა ბინას საკუთრებაში შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით.
მოსარჩელის მითითებით, 2002 წლის 18 თებერვალს, სასამართლო აღმასრულებლის მონაწილეობით შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნული ბინა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2002 წლის 25 თებერვალს და 19 მარტს მან კვლავ მიმართა თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს და დამატებით წარუდგინა 2002 წლის 18 თებერვალს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით. აღნიშნულ მოთხოვნაზე 2002 წლის 11 აპრილის საჯარო რეესტრის ¹თ-12 პასუხით ეთქვა უარი, რის მიზეზად დასახელებულ იქნა იპოთეკის ხელშეკრულება ამხანაგობა ,,...” კუთვნილ უძრავ ქონებაზე. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით და დაევალა თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს გაეუქმებინა საჯარო რეესტრში ამხანაგობა ,,...” ქონებაზე იპოთეკით დატვირთვის ჩანაწერი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 6 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა მის სახელზე მოეხდინათ საკუთრების რეგისტრაცია ... ქუჩებს შორის მდებარე ¹... კორპუსში, მე-7 სართულზე, 65 კვ.მ ფართის მქონე ¹40 ბინაზე. 2008 წლის 8 თებერვალს მოხდა ბინის მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირება, თუმცა ამონაწერის ვალდებულების გრაფაში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბინაზე ყადაღის დადების შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის განჩინების ნაცვლად, მისთვის უცნობი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის 12/6652 ბრძანებით დადებული ყადაღა იყო ასახული, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 ივლისის ¹2/1649 გადაწყვეტილება და არა რეალურად უფლების წარმომშობი 2002 წლის 18 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისაგან ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და საჯარო რეესტრში ჩანაწერის ცვლილება მისამართზე: ქ. თბილისში, ... ქუჩებს შორის მდებარე ¹... კორპუსში, სართული 7, ბინა ¹40, 65 კვ.მ ფართზე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად 2002 წლის 18 თებერვალს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითითება, ვალდებულების განყოფილებაში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბინაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების ასახვა და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის 12/6652 ბრძანებით დადებული ყადაღის ჩანაწერის ამოღება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ, მისამართზე: ქ. თბილისში, ... ქუჩებს შორის მდებარე ¹... კორპუსში, სართული 7, ბინა ¹40, 65 კვ.მ ფართზე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად 2002 წლის 18 თებერვალს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითითება, ვალდებულების განყოფილებაში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის განჩინების სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბინაზე ყადაღის დადების შესახებ, ასახვა და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 ნოემბრის 12/6652 ბრძანებით დადებული ყადაღის ჩანაწერის ამოღებაზე უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინებით მ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. თ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მ. თ-ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. მ. თ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.