Facebook Twitter

ბს-535-506(კ-09) 6 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ რ. შ-იანცი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა

დავის საგანი _ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 30 მარტს რ. შ-იანცმა სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, 1926 წლიდან ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ... ქ. II შესახვევი ¹1-ში მშობლებთან ერთად, მაგრამ ამჟამად სახლი დანგრეულია გამგეობის მიერ. მითითებული შენობა იყო ერთსართულიანი, შედგებოდა 4 საცხოვრებელი ოთახისაგან, რომელთაგან 3 ოჯახი დაკმაყოფილდა სხვა საცხოვრებელი ფართით, ხოლო მოსარჩელე სახლის დანგრევის შემდეგ დარჩა უბინაოდ.

ტექაღრიცხვის სამსახურის 2004 წლის ცნობის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. II შესახვევი ¹1-ში მდებარე ერთსართულიანი შენობა ირიცხება ჩუღურეთის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტის სახელზე.

მოსარჩელის მითითებით, 1992 წლის 1 თებერვალს გამოცემული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების შესაბამისად, 1992 წელს ვერ მოახერხა ბინის პრივატიზება შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო. სახლის დანგრევის შემდეგ, მრავალჯერ მიმართავდა ადგილობრივ გამგეობას სხვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით. გამგეობისაგან ეცნობა, რომ მისი განცხადება აყვანილი იყო კონტროლზე და ფართის გამოთავისუფლების შემთხვევაში განიხილებოდა მისი ბინით დაკმაყოფილების საკითხი (იხ. ს.ფ. 3-4).

მოპასუხე საქალაქო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და არც წერილობითი შესაგებელი წარუდგენია რ. შ-იანცის სარჩელთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით^რ. შ-იანცის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობას დაევალა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა რ. შ-იანცისათვის დიდუბე-ჩუღუღეთის რაიონში 16.08 კვ.მ ფართის შესაბამისი გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. შ-იანცი 1943 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ქ. II შესახვევი, ¹1-ში. აღნიშნულ მისამართზე არსებული საცხოვრებელი სახლი დანგრეულია და ბინა ირიცხება კომუნალურ ფონდში. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღუღეთის რაიონის გამგეობის 2004 წლის 24 ივნისის წერილის თანახმად, რ. შ-იანცს საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სახლი დანგრეულია და მითითებული ფართი წარმოადგენს ქუჩის ნაწილს. ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნაზე რ. შ-იანცს გამგეობის წერილით ეცნობა, რომ ბინის გამოთავისუფლების შემთხვევაში მოხდებოდა მისი ბინით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა.

საქალაქო სასამართლომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის ¹უ-60 ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. II შესახვევი ¹1-ში მდებარე ერთსართულიანი, ოთხი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი შენობა ირიცხება დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტის სახელზე.

საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. II შესახვევი ¹1-ში მდებარე სახლთმფლობელობა წარმოადგენდა მოსარჩელის საცხოვრებელ ფართს და იყო მის სარგებლობაში. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე წარმოადგენდა მითითებულ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის კანონიერ მოსარგებლეს. აღნიშნულის შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც იყო მოსარჩელის მფლობელობაში, ამჟამად სახელმწიფოს სარგებლობაშია და წარმოადგენს ქუჩის ნაწილს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. ს.ფ. 25-28).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, რ. შ-იანცს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1992 წლიდან, როდესაც მოხდა სახლის დანგრევა. სამოქალაქო კოდექსის 128.4 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს. რ. შ-იანცს 1992 წლიდან 2004 წლამდე არ მიუმართავს გამგეობისათვის და არ მოუთხოვია შესაბამისი ქმედების განხორციელება.

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც არ შესრულდა და რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა (იხ. ს.ფ. 30-31).

მოწინააღმდეგე მხარე – რ. შ-იანცი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და არც წერილობითი შესაგებელი წარუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. შ-იანცის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა ისინი, არასწორად გამოიყენა კანონი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ რ. შ-იანცს გააჩნდა მის სარგებლობაში არსებული ფართის პრივატიზაციის უფლება, მას არ მიუმართავს გამგეობისათვის, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბინა დანგრეულია, აღნიშნული უფლების რეალიზაციაზე უარის ტოლფასია.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს არც მის სარგებლობაში არსებული ბინის დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნდა. ახალი ბინის გამოყოფის შესახებ მოთხოვნა ზიანის ნატურით მოთხოვნაა, მაგრამ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. შ-იანცმა 1990 წელს დანგრეული ბინის სანაცვლო ფართის გამოყოფის მოთხოვნით გამგეობას მიმართა 2004 წელს, ხოლო სარჩელი აღძრა 2005 წელს (იხ. ს.ფ. 54-56).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. შ-იანცმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა რ. შ-იანცის დასწრების გარეშე.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გაშვების შესახებ, რადგან 2004 წელს რ. შ-იანცმა შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა 2004 წლის 7 ოქტომბრის ¹შ-14777 წერილით აღიარებს ვალდებულებას და პირდება რ. შ-იანცს ბინის გამოთავისუფლების შემთხვევაში ფართით დაკმაყოფილებას (იხ. ს.ფ. 71-78).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით რ. შ-იანცის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. ).

მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. შ-იანცის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მათ, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა რ. შ-იანცის დაუსწრებლად, რომელსაც შეტყობინება არ მიუღია კანონით დადგენილი წესით.

საქმის მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ უწყება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.4 მუხლის მოთხოვნის დარღვევით (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოქმედი რედაქცია) გაეგზავნა მხოლოდ რ. შ-იანცს, მაგრამ იმ მოტივით, რომ სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე რ. შ-იანცისათვის უწყების ჩაბარება ვერ იქნა უზრუნველყოფილი, სასამართლო სხდომა ჩატარდა მოწინააღმდეგე მხარის მონაწილეობის გარეშე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.4 მუხლის შესაბამისად, თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს. საქმეში წარმოდგენილია რწმუნებულება, რომლის მიხედვით, რ. შ-იანცის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა ხ. გ-იანს. რწმუნებულება გაცემული იყო 2005 წლის 20 იანვარს სამი წლის ვადით _ 2008 წლის 20 იანვრამდე (იხ. ს.ფ. 6-7).

ამდენად, 2007 წლის 23 დეკემბერს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენდა სასამართლო დოკუმენტების, მათ შორის უწყების, (თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით) წარმომადგენლისათვის გაგზავნის ვალდებულებას და არ ანიჭებდა სასამართლოს უფლებამოსილებას უწყება გაეგზავნა მხოლოდ მხარისათვის. რ. შ-იანცს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ჰყავდა წარმომადგენელი, რომელსაც იმ პერიოდისათვის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევით არ გაეგზავნა უწყება სასამართლო პროცესის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა ცნობა იმის თაობაზე, რომ, რ. შ-იანცს შეწყვეტილი ჰქონდა ხელშეკრულება წარმომადგენელთან, რაც გამორიცხავდა წარმომადგენლისათვის სასამართლო უწყების გაგზავნის საპროცესო ვალდებულებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელე რ. შ-იანცს გაშვებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მოუხდენია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბინის დანგრევიდან 2004 წლამდე რ. შ-იანცს არ მიუმართავს გამგეობისათვის ბინის გამოყოფის მოთხოვნით. საქმის მასალების თანახმად, ბინა დაინგრა 1992 წელს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი დოკუმენტით, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის 2004 წლის 7 ოქტომბრის ¹შ-14777 პასუხით, რომლითაც რ. შ-იანცს ეცნობა, რომ მისი განცხადება საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების შესახებ აყვანილია კონტროლზე და გამოთავისუფლებული ბინის შემთხვევაში განიხილებოდა მისი ბინით დაკმაყოფილების საკითხი (იხ. ს.ფ. 10). სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და მხოლოდ ერთ წერილზე დაყრდნობით მიიჩნია მოთხოვნა ხანდაზმულად, კერძოდ, არ დაუდგენია მიმართავდა თუ არა რ. შ-იანცი ბინის დანგრევის შემდეგ, 2004 წლამდე ადმინისტრაციულ ორგანოებს ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით. არ უსარგებლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილებით და არ გამოუთხოვია აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოდან. მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა რ. შ-იანცი და სააპელაციო სასამართლოს არ მოუსმენია მისი განმარტებები მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების შესრულების შედეგად სათანადოდ გამოიკვლიოს იგი და მხოლდო აღნიშნულის შემდეგ უნდა მოახდინოს საქმის გარემოებების სათანადო სამართლებრივი შეფასება.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეუფასებია გამგეობის 2004 წლის 7 ოქტომბრის ¹შ-14777 პასუხი, კერძოდ, არ უმსჯელია წარმოადგენდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი შინაარის წერილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას, რადგან მითითებული წერილის თანახმად, გამგეობა პირდება რ. შ-იანცს, რომ მისი ბინით დაკმაყოფილების საკითხს განიხილავს ბინის გამოთავისუფლების შემთხვევაში.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს.

კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა წარმოეშვა თუ არა რ. შ-იანცს კანონიერი ნდობის უფლება გამგეობიდან პასუხის მიღებით და ასეთ ვითარებაში, არსებობდა თუ არა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ხანდაზმულობის მოტივით და მოსარჩელეს მოთხოვნის უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოდან დაპირების მიღება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს ობიექტური გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. შ-იანცის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.