ბს-540-511(კ-09) 16 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ბ-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2008 წლის 8 დეკემბერს ზ. ბ-უამ სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან გაუცემელი ხელფასის- 1285,54 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-11).
აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ბ-უას მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს მოსარჩელე ზ. ბ-უას სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 577,54 ლარის ანაზღაურება. ზ. ბ-უას სასარჩელო მოთხოვნა კვების ულუფის კომპენსაციის სახით 708 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ტ.1 ს.ფ. 46-49)
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-უამ და მოითხოვა აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება კვების ულუფის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით გაუცემელი ხელფასის სრულად ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 54-65).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით ზ. ბ-უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. Uუცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 92-101).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-უამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 106-114).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით ზ. ბ-უას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 117-118)
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები მხარეებს არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ბ-უას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ ზ. ბ-უას მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ზ. ბ-უას მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზ. ბ-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ბ-უას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-უას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.