Facebook Twitter
ბს-542-513(კ-09)

ბს-542-513(კ-09) 1 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 9 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფოსტის მეშვეობით სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე მ. ჯ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 14000 ლარის, ზიანის სახით 2476,80 ლარისა და 14000 ლარის 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად, 2005 წლის 11 ოქტომბრიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე, დაკისრება.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით შეწყდა მოცემული საქმის წარმოება ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო ჯარიმისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში საქმის განხილვა გაგრძელდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე და ხსენებული სასარჩელო მოთხოვნა, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის (კიდევ ერთი) განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება. ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის გასაჩივრებული განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.