Facebook Twitter
ბს-543-514(კ-09) 18 ივნისი, 2009წ

ბს-543-514(კ-09) 18 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 22 აგვისტოს რ. ჩ-ძემ, ხ. ხ-ძემ და გ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების შპს ,,...» და ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს მიმართ ხელფასიდან ზედმეტად დაქვითული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ მოპასუხეს დაკისრებოდა უკანონოდ დაქვითული თანხების რ. ჩ-ძისათვის – 1676 ლარის, ხ. ხ-ძისათვის – 1200 ლარისა და გ. კ-ძისათვის – 1174 ლარის ანაზღაურება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ძის, ხ. ხ-ძისა და გ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,...» რ. ჩ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის აგვისტოდან 2005 წლის მაისის ჩათვლით 1265 ლარის, ხ. ხ-ძის სასარგებლოდ – 902 ლარისა და გ. კ-ძის სასარგებლოდ – 878 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...».

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით გ. კ-ძისა და რ. ჩ-ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განუხილველად დარჩა რ. ჩ-ძისა და გ. კ-ძის სარჩელი შპს ,,...» მიმართ ზედმეტად დაქვითული თანხების დაბრუნების თაობაზე. ამავე საოქმო განჩინებით ხ. ხ-ძის სარჩელზე არასათანადო მოპასუხე შპს ,,...» შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრით, ხოლო შპს ,,...» საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განჩინებით ხ. ხ-ძის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ გადაეგზავნა განსჯად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ხ. ხ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ხვთისო ხურციძის სასარგებლოდ დაეკისრა მისი თანხებიდან 2003-2005 წლებში უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო გადასახადის 902 ლარის ანაზღაურება; ხ. ხ-ძეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვა უარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ხ. ხ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს რეგიონალური ცენტრი შეიცვალა სათანადო უფლებამონაცვლით – საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას ხ. ხ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მისი ხელფასიდან 2003-2005 წლებში უკანონოდ დაქვითული საშემოსავლო გადასახდის – 902 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.