Facebook Twitter
¹ბს-544-515(კ-09) 1 ივლისი, 2009 წ

¹ბს-544-515(კ-09) 1 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ჩ-ანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ხონის რაიონულ სასამართლოში დ. ხ-ავა (მოპასუხე)

მესამე პირი _ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირი _ რ. თ-ანი

დავის საგანი – მიწის ნაკვეთის გამოყოფის დავალდებულება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ჩ-ანმა 2007 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ხონის სასამართლოს აღმასრულებლის დ. ხ-ავას მიმართ და მოითხოვა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ხონის რაიონში დ. ხ-ავამ დაავალოს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ ამ უკანასკვნელმა დროულად გამოუყოს მას ეზოს გაგრძელებაზე არსებული 600კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ა. ჩ-ანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ანმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ა. ჩ-ანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ხონის რაიონში, დ. ხ-ავამ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ხელახლა განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ხონის რაიონში, დ. ხ-ავას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა. Aამავე სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად აგრეთვე, ჩაბმული იქნა რ. თ-ანი.

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ანმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის განჩინებით ა. ჩ-ანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-ანმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ა. ჩ-ანის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მარტის განჩინებაზე;

2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.