ბს-546-517(კ-09) 11 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. მ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 3 და 30 აგვისტოს ბ. მ-ძემ სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი შსს სისტემაში მუშაობდა 1979 წლიდან და იმსახურა 25 წელზე მეტი. შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის მიზეზით, 2005 წლის 15 აპრილის ¹1877 პ/შ ბრძანებით დაითხოვეს შს ორგანოებიდან იმავე წლის 23 იანვრის თარიღით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შსს საფინანსო სამსახურს მისი საპენსიო-ფულადი დაანგარიშება შს მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების თანახმად უნდა განეხორციელებინა 2005 წლის 23 იანვრის, ანუ მისი შს ორგანოებიდან დათხოვნის დღისათვის არსებული და მოქმედი თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად. მისივე მითითებით, არასწორად განუსაზღვრეს შს ორგანოებში წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატიც, რაც მოსარჩელისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2007 წლის 19 აპრილს განცხადებით მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მისი პენსია-კომპენსაციის გადაანგარიშების თაობაზე. რეორგანიზაციის შედეგად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი გარდაიქმნა სოციალური სუბსიდიების სააგენტოდ. 2007 წლის 20 ივლისს სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან მიღებულ პასუხში აღნიშნული იყო, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადრე დანიშნულ პენსიებს ეწოდა კომპენსაციები, ხოლო II პუნქტის თანახმად, ადრე დანიშნული კომპენსაციები გადაანგარიშებას არ ექვემდებარებოდა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2005 წლის 23 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე მიუღებელმა სხვაობამ ყოველთვიურად შეადგინა 430,26 ლარი, ხოლო 2006 წლის 1 იანვრიდან მიუღებელმა სხვაობამ _ ყოველთვიურად 429,19 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთვის მისი პენსიის გადაანგარიშება პენსიის დანიშვნის დღიდან და მიუღებელი სხვაობის ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვა.
2007 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომელშიც თანამოპასუხედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიუთითა და საქართველოს Aშინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 11533,13 ლარის ზიანის ანაზღაურების, სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის მისი კუთვნილი პენსიის გადაანგარიშების, შემდგომში ყოველთვიურად კომპენსაციის _ 560 ლარის, 171,60 ლარისა და 2007 წლის 1 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 429,19 ლარის ზიანის ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. მ-ძის სასარჩელო განცხადება პენსიის გადაანგარიშებისა და მიუღებელი საპენსიო სხვაობის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
2008 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელემ წარმოადგინა დაზუსტებული მოთხოვნა და განმარტა, რომ მისი საპენსიო-ფულადი დაანგარიშების შედეგად, თუ თანამდებობრივ სარგოდ განისაზღვრებოდა 440 ლარი და წელთა ნამსახურობის დანამატი 40% იქნებოდა, მას უნდა მიეღო 561,07 ლარი, ამ შემთხვევაში ზიანი შეადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2007 წლის 19 აპრილამდე _ 11569,80 ლარს, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მხრიდან 2007 წლის 19 აპრილიდან 2008 წლის 1 დეკემბრამდე _ 8346,54 ლარს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფულადი ატესტატის შედგენის დროს სწორად რომ დაეფიქსირებინა წელთა ნამსახურობის დანამატი 40% და დაეტოვებინა თანამდებობრივი სარგოს გაუქმებული ნორმა _ 42,84 ლარი, მაშინ პენსია განისაზღვრებოდა 132,94 ლარით, ხოლო ზიანი შსს-ს მხრიდან 63 ლარით 2007 წლის 19 აპრილამდე, ხოლო სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მხრიდან 47,54 ლარით 2007 წლის 19 აპრილიდან 2008 წლის 1 დეკემბრამდე. მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვის პერიოდიდან მე-4 თვეში, ანუ 2005 წლის იანვარში შს მინისტრის ¹55 ბრძანებით გაუქმდა ძველი სახელფასოს სარგოები და იმავე წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა ახალი სარგოები, ანუ 2005 წლის იანვარში მისი ბოლო დაკავებული თანამდებობის სახელფასო სარგო გაიზარდა 42,84 ლარიდან 440 ლარამდე, ე.ი. მთლიანმა ხელფასმა შეადგინა 692,30 ლარი, საიდანაც ,,სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულებით არ Eეძლეოდა თანამდებობრივი სარგო 440 ლარი (კადრების განკარგულებაში ყოფნის ბოლო 2 თვე), მაშინ 2005 წლის იანვარში უნდა მიეღო სარგო _ 252,30 ლარი. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში საპენსიო_ფულადი გაანგარიშება უნდა მოეხდინათ 252,30 ლარს დამატებული ძველი თანამდებობრივი სარგო _ 42,84 ლარი, სულ _ 295,14 ლარი, პენსია უნდა განსაზღვრულიყო 255,26 ლარით, ზიანი შსს-ს მხრიდან შეადგენდა 2007 წლის 19 აპრილამდე _ 3273,05 ლარს, ხოლო სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მხრიდან 2007 წლის 19 აპრილიდან 2008 წლის 1 დეკემბრამდე _ 2410,20 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ბ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და ბ. მ-ძის სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.