¹ბს-549-520 (კ-09) 8 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ლ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის
სააღსრულებო ბიურო
(მოპასუხეები)
მესამე პირი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის დაუყოვნებლივ აღსრულება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ლ-შვილმა 2005 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და ხელფასის ანაზღაურება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ლ-შვილის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანება გ. ლ-შვილის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ; იგი აღდგენილ იქნა მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება; გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე გ. ლ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 4 ოქტომბრის ¹1/810 ბრძანება; გ. ლ-შვილი აღდგენილ იქნა კადრების განკარგულებაში; გ. ლ-შვილის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე 2006 წლის 27 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
გ. ლ-შვილმა 2007 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინიტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ¹868, 2007 წლის 19 ივლისის ¹177, ასევე 2004 წლის 24 ივლიის ¹1/535 ბრძანებების (გ. ლ-შვილის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში) ბათილად ცნობა, სააღსრულებო ბიუროსათვის ¹3ბ/1667-05 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნების დაუყოვნებლივ აღსრულების დავალება, ასევე ექიმად აღდგენა, იძულებით განაცდური დროის ხელფასის და 1993 წლიდან 2007 წლის ჩათვლით მიუღებელი სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება და მორიგი «კაპიტნის» წოდების მინიჭება 2006 წლის 4 აგვისტოს თარიღით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/535 და 2004 წლის 19 ივლისის ¹177 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხისა და მორიგი «კაპიტანის» წოდების მინიჭების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის ამ ნაწილში დაუშვებლობის გამო; გ. ლ-შვილის სარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში დასაშვებად იქნა მიჩნეული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ლ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში (პირველი პუნქტი) და საქმე დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გ. ლ-შვილის სარჩელზე ... თანამდებობაზე აღდგენისა და სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ. ლ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის ¹868 ბრძანების ბათილად ცნობის და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ¹3ბ/1667-05 სააღსრულებო ფურცლის დაუყოვნებლივ აღსრულების დავალების თაობაზე ეთქვა უარი.
პირველის ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი, ხოლო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ლ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით გ. ლ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებით გ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
გ. ლ-შვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებებისა და ამავე პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგებიან ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 თებერვლის განჩინებებზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.