¹ბს-5-5(კ-09) 22 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ხ-ძე, ა. ს-უა, ე. ჭ-შვილი,
მ. რ-ძე და ქ. ფ-შვილი (მოსარჩელეები)
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული
აქტის გამოცემის დავალდებულება;
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ხ-ძემ, ა. ს-უამ, ე. ჭ-შვილმა, მ. რ-ძემ და ქ. ფ-შვილმა 2005 წლის დეკემბერში სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ¹-კოლ-885, 6-847 გადაწყვეტილების (წერილის) ბათილად ცნობა, ასევე თითოეულ მოსარჩელეზე მათი წილების შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალდებულება მოპასუხისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ მ. ხ-ძის, ა. ს-უას, ე. ჭ-შვილის, მ. რ-ძის და ქ. ფ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხის _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2005 წლის 9 დეკემბერს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ¹-კოლ-885, 6-847 გადაწყვეტილების (წერილის) ბათილად ცნობაზე; მოსარჩელეებს ასევე უარი ეთქვათ მოპასუხის _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დავალდებულებაზე, გასცეს თითოეულ მოსარჩელეზე მათი წილების შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: 1999 წლის 30 აპრილს მოქალაქეებს ა. ს-უას, მ. ხ-ძეს, ე. ჭ-შვილს, ლ. მ-შვილს, დ. ა-შვილს, ნ. მ-შვილსა და ქ. ფ-შვილს შორის დაიდო ხელშეკრულება იმის თაობაზე, რათა მათ ერთობლივად მიეღოთ მონაწილეობა დაბა წყნეთში, ... ქ. ¹20-ში მდებარე 543 კვ.მ. ფართის და მასზედ დამაგრებული 2496 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის პრივატიზებაში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ობიექტის პრივატიზების შემთხვევაში წილები განაწილდებოდა შემდეგნაირად: ა. ს-უა _ 12,19%, მ. ხ-ძე _14,43%, ე. ჭ-შვილი _ 14,20%, ლ. მ-შვილი _ 9,87%, დ. ა-შვილი _ 9,53%, ნ. მ-შვილი _ 24,26%, ქ. ფ-შვილი _ 15,57%. ობიექტის ღირებულების გადახდა მოხდებოდა თითოეულის მიერ ქონებაში მისი წილის პროპორციულად. ამავე ხელშეკრულებით ჯგუფის წარმომადგენლად დაინიშნა მ. ხ-ძე. ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების ჯგუფის წარმომადგენელს მ. ხ-ძესა და მოპასუხეს _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 1999 წლის 31 მაისს დაიდო იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება, დაბა წყნეთში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ორი სააგარაკო სახლის (მთლიანი ფართი _ 542,64 კვ.მ) და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის _ 2490 კვ.მ. ფართის თაობაზე. ქონების საერთო ღირებულება შეადგენდა 24223,18 აშშ დოლარს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1999 წლის 31 მაისიდან 2004 წლის 31 მაისამდე. საიჯარო ქირის ოდენობამ შეადგინა ქონების გამოსასყიდი ფასის _ 24230 აშშ დოლარის 10% _ 2430 აშშ დოლარი, რომელიც მოიჯარეს მეიჯარისათვის უნდა გადაეხადა წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად; მოიჯარე ვალდებული იყო საიჯარო ქონების საპრივატიზაციო ღირებულების 51% დაეფარა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო დარჩენილი თანხა ეხადა ყოველწლიურად ქონების დარჩენილი ღირებულების თანაბარი ოდენობით; ამავე ხელშეკრულებით მოიჯარეს მიენიჭა უფლება, მთლიანად ან ნაწილობრივ გამოესყიდა იჯარით აღებული ქონება, მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე. იჯარით გაცემული ქონება კი სრულ გამოსყიდვამდე მეიჯირის საკუთრებაში რჩებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. მ-შვილმა ერთობლივ საქმიანობაში თავისი კუთვნილი წილი 9,87 % (2390, 82 აშშ დოლარის ღირებულებით) დაუთმო მ. რ-ძეს; ხოლო ნ. მ-შვილმა 2001 წლის მაისში სრულად გამოისყიდა თავისი წილი საპრივატიზაციო ქონებიდან, რის გამოც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2001 წლის 22 მაისს ნ. მ-შვილს საკუთრების უფლების დასადასტურებლად მისცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/793-ი დაბა წყნეთში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ორი სააგარაკო სახლის (საერთო ფართით 542,64 კვ.მ.) ნაწილზე 24,26 %-ზე. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე დ. ა-შვილი გარდაცვლილია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოსარჩელეებმა მ. ხ-ძემ, ა. ს-უამ, ე. ჭ-შვილმა, მ. რ-ძემ და ქ. ფ-შვილმა სრულად გადაიხადეს მათი წილების შესაბამისი საიჯარო ქირა და ქონების გამოსყიდვისათვის საჭირო გადასახადი. აწ გარდაცვლილ დ. ა-შვილის მიერ, კუთვნილი წილის 9,53% შესაბამისი ქირა და ქონების გამოსყიდვის საფასური, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის გადახდილი არ იყო; სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ 2005 წლის 9 დეკემბრის ¹კოლ-885,6-847 წერილით უარი განუცხადა მოსარჩელეებს მათ მიერ გამოსყიდული ქონების გამო საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ დაირღვა 1999 წლის 31 მაისის ხელშეკრულების მე-5.4 მუხლის პირობა, რადგან იმ დროისათვის საიჯარო ქონება მოიჯარეებს სრულად არ ჰქონდათ გამოსყიდული და გასული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა მიერ არ იქნა დაცული ხელშეკრულების 5.1. პუნქტით დადგენილი პირობა _ ანუ მათ მიერ სრულად არ იქნა გამოსყიდული უძრავი ქონება, მდებარე დაბა წყნეთში, ... ქ. ¹2, რაც სასამართლოს მოსაზრებით სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 930-ე, 937-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 474-ე მუხლზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ხ-ძემ, ა. ს-უამ, ე. ჭ-შვილმა, მ. რ-ძემ და ქ. ფ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ძის, ა. ს-უას, ე. ჭ-შვილის, მ. რ-ძის და ქ. ფ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ხ-ძის, ა. ს-უას, ე. ჭ-შვილის, მ. რ-ძის და ქ. ფ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა მ. ხ-ძის, ა. ს-უას, ე. ჭ-შვილის, მ. რ-ძის და ქ. ფ-შვილის სახელზე გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას წარმოდგენილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წერილით დადგენილად ჩათვალა, რომ 2007 წლის 19 მარტის მდგომარეობით სრულად არის გადახდილი საპრივატიზაციო ღირებულება და საიჯარო ქირა. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ამავე კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, აპელანტები სარგებლობდნენ სადავო ქონებით და მოპასუხეს ქონების მართვის სამმართველოს, აღნიშნულის თაობაზე პრეტენზია არ განუცხადებია. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება განახლდა განუსაზღვრელი ვადით. სააპელციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როცა ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს წარმოშობილი აქვთ ხელშეკრულების 5.5 პუნქტით განსაზღვრული საკუთრების უფლება საიჯარო ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლის სამართლებრივ შედეგს. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით არასწორად მიიჩნია, რომ 1999 წლის 31 მაისის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება ვადის ამოწურვის შემდგომ განახლდა განუსაზღვრელი ვადით და მოსარჩელეთა მიერ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ საპრივატიზებო და საიჯარო თანხების დაფარვა სასამართლომ არასწორად ჩათვალა ვალდებულების ჯეროვან შესრულებად. კასატორი თვლის, რომ სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზება წესრიგდება საჯარო სამართლის ნორმებით, მისი აზრით, იჯარა-გამოსყიდვა წარმოადგენს პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას და არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ იჯარის ფორმას. კასატორი თვლის, რომ იჯარა-გამოსყიდვაზე ვერ გავრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლი. კასატორი თვლის, რომ იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა 1999 წლის 31 მაისს, ცალსახად განსაზღვრავს, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება, თუ გავიდა იჯარის ვადა (მუხლი 6.3) კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი და შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ქონების ღირებულება მოსარჩელეთა მხრიდან დაფარულ იქნა 2005 წლის ოქტომბერში, მაშინ როდესაც ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2004 წლის 31 მაისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ხ-ძის, ა. ს-უას, ე. ჭ-შვილის, მ. რ-ძის და ქ. ფ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ფიზიკური პირების _ ა. ს-უას, მ. ხ-ძის, ე. ჭ-შვილის, ლ. მ-შვილის, დ. ა-შვილის, ნ. მ-შვილისა და ქ. ფ-შვილის ჯგუფის წარმომადგენელს მ. ხ-ძესა და მოპასუხეს _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის 1999 წლის 31 მაისს დაიდო იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება _ დაბა წყნეთში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ორი სააგარაკო სახლის (მთლიანი ფართი _ 542,64 კვ.მ) და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის _ 2490 კვ.მ. ფართის თაობაზე. ქონების საერთო ღირებულება განისაზღვრა 24223,18 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1999 წლის 31 მაისიდან 2004 წლის 31 მაისამდე. საიჯარო ქირის ოდენობამ შეადგინა ქონების გამოსასყიდი ფასის _ 24230 აშშ დოლარის 10% _ 2430 აშშ დოლარი, რომელიც მოიჯარეს მეიჯარისათვის უნდა გადაეხადა წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად; მოიჯარე ვალდებული იყო საიჯარო ქონების საპრივატიზაციო ღირებულების 51% დაეფარა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო დარჩენილი თანხა ეხადა ყოველწლიურად ქონების დარჩენილი ღირებულების თანაბარი ოდენობით; ამავე ხელშეკრულებით მოიჯარეს მიენიჭა უფლება, მთლიანად ან ნაწილობრივ გამოესყიდა იჯარით აღებული ქონება, მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე (ტI.სფ.7-10). ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ნ. მ-შვილმა 2001 წლის მაისში სრულად გამოისყიდა თავისი წილი საპრივატიზაციო ქონებიდან, რის საფუძველზეც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ, 2001 წლის 22 მაისს, ნ. მ-შვილის სახელზე გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹23/793-ი დაბა წყნეთში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ორი სააგარაკო სახლის (საერთო ფართით 542,64 კვ.მ) ნაწილზე _ 24,26%-ზე (ტI.სფ.15).
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის ¹კოლ-885,6-847 წერილით ა. ს-უას, მ. რ-ძეს, მ. ხ-ძეს, ე. ჭ-შვილის და ქ. ფ-შვილს უარი ეთქვათ მათ წილ გამოსყიდულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მოიჯარის მიერ სრულად არ არის გამოსყიდული საიჯარო ქონება და ამასთან გასულია იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა (ტ.I. სფ.39).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილი და 559-ე მუხლის მე-2 ნაწილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმები არეგულირებს კერძო ხასიათის იჯარის სახელშეკრულებო სამართლებრივ ურთიერთობას; მოცემულ შემთხვევაში კი მხარეთა შორის 1999 წლის 31 მაისს გაფორმდა საჯარო სამართლებრივი ხასიათის იჯარა გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება, რომლის დადების წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და ასეთი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები იმპერატიულად არის განსაზღვრული სპეციალური ნორმატიული აქტებით, კერძოდ: “სახელმწიფო ქონების პრივატიზების” შესახებ კანონით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის ¹1-3/548 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებით, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის ¹671 ბრძანებულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ხ-ძის, ა. ს-უას, ე. ჭ-შვილის, მ. რ-ძის, ქ. ფ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.