Facebook Twitter
ბს-552-523(კ-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ბს-552-523(კ-09) 24 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს «...»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხის _ შპს «...» მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2006 წლის 31 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შპს «...» კუთვნილი ობიექტის დაცვის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებდა «შემსყიდველის» კუთვნილი ობიექტების, მათ შორის, სამტრედიის «...» სპორტული კომპლექსის დაცვას. 2007 წლის 1 აპრილს შპს «...» და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რის შედეგადაც მოხდა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება მითითებულ ორგანიზაციებს შორის. შესაბამისად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა კვლავ განაგრძო სამტრედიის «...» სპორტული კომპლექსის დაცვა. აღნიშნული გარემოების დასადატურებლად მოსარჩელე მიუთითებდა 2007 წლის 1 მაისს, 1 ივნისსა და 1 ივლისს გაწეული მომსახურების თაობაზე, შპს «...» და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გაცემულ ცნობებზე, საიდანაც დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც მოპასუხის მიერ შესრულებული არ იყო, მას გადასახდელი ჰქონდა დაცვის მომსახურების ღირებულება 24 270,96 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოითხოვა შპს «...» მის სასარგებლოდ 24 270,96 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ «...» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17 100 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა დარჩენილი თანხის _ 7 170,96 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებაზე.

საქალაქო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 31 მარტს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს «...» შორის გაფორმებულ იქნა შპს «...» ობიექტების დაცვის ხელშეკრულება. 2006 წლის დეკემბერში მხარეთა შეთანხმებით, მათ შორის, არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობათა ფარგლებში და ამავე ხელშეკრულებით მომსახურების პირობებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დასაცავ ობიექტთა ნუსხაში დამატებით გადაეცა შპს «...» სადგურ «სამტრედიის» სპორტული კომპლექსი «...». აღნიშნულ ობიექტზე მოსარჩელის მიერ დაცვა ხორციელდებოდა 2007 წლის ივნისამდე, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ცნობებით.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს «...» შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით სადავო ობიექტი არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სამტრედიის სპორტული კომპლექსის «...» დაცვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა შპს «...» დირექტორთა საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება, რის თაობაზეც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით მითითებულ ობიექტზე მომსახურების გაწევის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მოსაზრება 2007 წლის აპრილი, მაისი და ივნისის ცნობებზე შპს «...» მხრიდან ხელმომწერი პირების არაუფლებამოსილების თაობაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული ცნობები წარმოადგენდა ვალის აღიარებას და ადასტურებდა მათში მითითებულ თვეებში დაცვის პოლიციის შესაბამისი თანამშრომლების მიერ სპორტკომპლექს «...» დაცვის განხორციელებას. საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაკი 2007 წლის 12 აპრილიდან დასაცავი ობიექტი აღარ წარმოადგენდა შპს «...» საკუთრებას, თანხის ანაზღაურების ვალდებულება მას არ წარმოშობია. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს დასაცავი ობიექტის მისი საკუთრების სფეროდან გასვლის თაობაზე არ შეუტყობინებია დაცვის პოლიციისათვის და მოსარჩელეს არ შეეძლო ევარაუდა, რომ დაცვის ობიექტთან დაკავშირებით ვალდებულების შესრულების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა, რის გამოც მან კეთილსინდისერად განაგრძო ხელშეკრულების შესრულება, მოპასუხეს მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2007 წლის ივნისსა და ივლისში გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ 7 270,96 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ შპს «...» 17 100 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და შპს «...» სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნის _ 7170,96 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება თანხის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს «...» საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 10 ნოემბერს, 14:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, სსიპ დაცვის პოლიციის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 1 თებერვლის განჩინება დაშვებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს «...» და სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის 2006 წლის 31 მარტს გაფორმდა ¹შს/06-049 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა რკინიგზის ობიექტების დაცვის მომსახურება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 1 აპრილამდე. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს «...» დირექტორთა საბჭოს 2006 წლის 8 დეკემბრის ¹21/137 დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შპს «...» სამტრედიის «...» სტადიონისა და მის ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსის შსს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს მიერ დაცვის ქვეშ აყვანა, აღნიშნული ობიექტის სახელმწიფოსათვის გადაცემის პროცედურის დასრულებამდე. აღნიშნული დადგენილების თაობაზე 2006 წლის 21 დეკემბრის წერილით ეცნობა შსს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და ეთხოვა ობიექტის დაცვის ქვეშ აყვანა. საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 28 დეკემბრის აქტით დგინდება, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა დააყენა დაცვა სადგურ სამტრედიის «...» სპორტულ კომპლექსზე 1 ინსპექტორისა და 15 უმცროსი ინსპექტორის საშტატო ერთეულით (ს.ფ. 52). სსიპ «საწარმოთა მართვის სააგენტოს» 2007 წლის 11 იანვრის ¹1-3/13 ბრძანებით შპს «...» საწესდებო კაპიტალი შემცირდა 2 456 040 ლარით საწესდებო კაპიტალიდან რიგი ობიექტების, მათ შორის, ქ. სამტრედიის «...» ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსის ამოღებით. საწესდებო კაპიტალი ნაცვლად 587 274 740 ლარისა განისაზღვრა 584 818 700 ლარით. შპს «...» გენერალურ დირექტორს, ბრძანების აღსრულების მიზნით უნდა უზრუნველეყო დადგენილი წესით საზოგადოების სამეწარმეო რეესტრში აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა სსიპ «საწარმოთა მართვის სააგენტოში» (ს.ფ. 45-46). 2007 წლის 12 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება შპს «...» საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული უძრავი ქონების, მდებარე სამტრედიაში, ... ქ. ¹95-ში მდებარე სამტრედიის «...» ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ამავე დღეს აღნიშნული უძრავი ქონება მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა სამტრედიის მუნიციპალიტეტს (ს.ფ. 38-44). საქმეში წარმოდგენილი ორმხრივად დადასტურებული 2007 წლის 1 მაისის, 1 ივნისისა და 1 ივლისის ცნობებით (ს.ფ. 6-8) დგინდება, რომ შესაბამისად, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურეობა მიღებულ იქნა შპს «...» მიერ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ შპს «...» საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 თებერვლის განჩინება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.

დადგენილია, რომ საქართველოს შსს სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის 2007 წლის 8 აგვისტოს ბრძანებით, შპს «...» «...» სტადიონი და მის ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსი მოხსნილ იქნა დაცვიდან და დადგინდა ობიექტიდან პოლიციელების გამოყვანა შესაბამისი აქტით (ს.ფ. 207). ამავე დღეს შედგენილი ოქმი ¹1-ით დგინდება, რომ შპს «...» სადგურ სამტრედიის დირექტორმა უარი განაცხადა ობიექტიდან დაცვის პოლიციელების გამოყვანის აქტის ხელმოწერაზე, ვინაიდან არ იყო უფლებამოსილი, დაედასტურებია აღნიშნული (ს.ფ. 208). ამავე დღეს შედგენილი აქტით დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტიდან გამოყვანილ იქნა დამცავი პოლიციელები, რაზეც შედგა სათანადო აქტი და დამტკიცებულ იქნა ერთი მხრივ იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ხოლო მეორე მხრივ, შპს «...» დირექტორის მიერ (ს.ფ. 206). ასევე შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შპს სპორტული კომპლექსი «...» გადაბარების თაობაზე, რაც დადასტურებულ იქნა როგორც დაცვის პოლიციის ასევე შპს სპორტული კომპლექსი «...»¬ დირექტორის, ამავე კომპლექსის მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის მიერ (ს.ფ. 205). ამდენად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ 2007 წლის 8 აგვისტომდე ხორციელდებოდა შპს «...» დირექტორთა საბჭოს 2006 წლის 8 დეკემბრის ¹21/137 დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტის დაცვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ «საწარმოთა მართვის სააგენტოს» 2007 წლის 11 იანვრის ¹1-3/13 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება _ საწესდებო კაპიტალიდან რიგი ობიექტების, მათ შორის, ქ. სამტრედიის «...» ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსის ამოღებით შპს «...» საწესდებო კაპიტალის შემცირება, კანონიერ ძალაში შესასვლელად საჭიროებდა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას მეწარმეთა შესახებ კანონის 5.3.3 და 56.1, 56.2 პუნქტების თანახმად. ამასთან, შპს «...» ბალანსზე არსებული უძრავი ქონების სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა საჭიროებდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა რა მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, ორმხრივად დადასტურებული აქტი შპს «...» მხრიდან სადავო თვეებში დაცვის განხორციელების აღიარების თაობაზე, არ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად საჭირო ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, გაურკვეველი დარჩა საკითხი იმის შესახებ, თუ ვის საკუთრებაში იმყოფებოდა ფართი სადავო პერიოდში, კერძოდ, გადაეცა რა მუნიციპალიტეტს შპს «...» ბალანსზე არსებული ქონება საკუთრებაში, მისი საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, ზემოაღნიშნული ნორმების სრული დაცვით მოხსნილ იქნა თუ არა ქონება შპს «...» ბალანსიდან და წარმოეშვა საკუთრების უფლება სამტრედიის მუნიციპალიტეტს. იმის გასარკვევად შპს «...» ეკისრება თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აანაზღაუროს 2007 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში გაწეული დაცვის მომსახურეობის საფასური, უნდა დადგინდეს, ამ დროისათვის ვის ბალანსზე ირიცხებოდა დასაცავი ქონება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შპს «...» ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სადაც რეგისტრირებული იქნებოდა საწარმოს საწესდებო კაპიტალის ცვლილება. ასევე საქმეს არ ერთვის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც მითითებული იქნებოდა უძრავი ნივთის მესაკუთრის ცვლილება. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი ვერ ცხადყოფს სადავო პერიოდისათვის, 2007 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში სამტრედიაში, ... ქ. ¹95-ში მდებარე სამტრედიის «...» ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსი იყო თუ არა მოხსნილი შპს «...» ბალანსიდან, დასრულებული იყო თუ არა საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის პროცესი. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევით შესაძლოა, დღისწესრიგში დადგეს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ მოპასუხის სათანადოობის საკითხი.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებები, ასევე გამოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა სრულყოფილად დადგინდეს დავის გადასაწყვეტად საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზია შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება დაშვებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.