Facebook Twitter

ბს-553-524(კ-09) 8 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გრეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღნდეგე მახრეები - დ. ტ-ძე, ვ. ხ-შვილი, ი. მ-შვილი, ნ. ა-ძე და მ. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინება

დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 7 აგვისტოს დ. ტ-ძემ, ვ. ხ-შვილმა, ი. მ-შვილმა, ნ. ა-ძემ და მ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ დ. ტ-ძე 1993 წლის 13 მაისიდან 1994 წლის 4 აპრილამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ზემსახურად, ხოლო 1994 წლის 4 აპრილიდან 2005 წლის 28 აპრილამდე – ოფიცრად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1272 ბრძანებით, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მიუღებელი დარჩა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს რვამაგი ოდენობით, ვინაიდან შეიარაღებულ ძალებში მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 12 წელს (თანამდებობრივი სარგო - 120 ლარი, ხოლო წოდებრივი – 40 ლარი), ხელფასი - 388,12 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია - 2016 ლარი.

ვ. ხ-შვილი 2003 წლის 29 მაისიდან 2005 წლის 28 აპრილამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მიუღებელი დარჩა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს სამმაგი ოდენობით, ვინაიდან შეიაღებულ ძალებში მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 2 წელს (თანამდებობრივი სარგო - 117 ლარი, ხოლო წოდებრივი – 3 ლარი) და სანივთე ქონების კომპენსაცია - 250 ლარი.

ი. მ-შვილი 1997 წლის 20 ივნისიდან 2005 წლის 28 აპრილამდე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 მაისის ¹1270 ბრძანებით დათხოვნილ იქნა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით და მიუღებელი დარჩა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით, ვინაიდან შეიაღებულ ძალებში მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 6 წელს (თანამდებობრივი სარგო - 117 ლარი, ხოლო წოდებრივი – 3 ლარი), ხელფასი – 297,42 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია - 1510 ლარი.

ნ. ა-ძე 1999 წლის 16 ივნისიდან 2005 წლის 28 აპრილამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისს ¹1270 ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მიუღებელი დარჩა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს ხუთმაგი ოდენობით, ვინაიდან შეიაღებულ ძალებში მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 6 წელს (თანამდებობრივი სარგო - 119 ლარი, ხოლო წოდებრივი – 4 ლარი), ხელფასი – 153,24 ლარი და სანივთე ქონების კომენსაცია - 1257 ლარი.

მ. კ-ძე 1996 წლის 25 დეკემბრიდან 2001 წლის 1 მაისამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2003 წლის 27 მაისიდან მან განაგრძო სამსახური შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1270 ბრძანებით მ. კ-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მიუღებელი დარჩა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება, შეიაღებულ ძალებში მისი წელთა ნამსახურობა შეადგენდა 7 წელს. ხელფასი – 369,41 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაცია - 1257 ლარი.

მოსარჩელეების განმარტებით, მათ განცხადებით მიმართეს მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება; მოპასუხემ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარემ თავისი 2008 წლის 29 მაისის წერილებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები; მოსარჩელეებმა აღნიშნული წერილების თაობაზე ზემდგომ თანამდებობის პირს _ საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგინეს ადმინისტრაციული საჩივარი, რაც აგრეთვე არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის ¹415 ბრძანებით.

მოსარჩელეთა მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის შესაბამისად, ,,სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკაშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით, ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით». მართალია, საქართველოს პრეზიდენტის 31.12.2004 წლის ¹640 ბრძანებულებით ¹493 ბრძანებულებას დაემატა 611-ე პუნქტი, რომლითაც 2006 წლის პირველ იანვრამდე შეჩერებულ იქნა 331-ე პუნქტის მოქმედება, მაგრამ მოსარჩელეთა განმარტებით, 611-ე პუნქტით მხოლოდ დროებით 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა 331-ე პუნქტით გათვალისიწინებული უფლების რეალიზაცია და არ გაუქმებულა, ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მითითებული ბრძანებულების საფუძველზე ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება უნდა მიეცეთ არა მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილ იქნენ 2006 წლის 1 იანვრის (კომპენსაციის თაობაზე შეჩერებული ნორმის ამოქმედების) შემდეგ, არამედ იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც, რომლებიც დათხოვნილ იქნენ 2006 წლის 1 იანვრამდეც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომიდნარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის ¹415 ბრძანების ბათილად ცნობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის შემდეგი სახის დავალიანების დაკისრებას: დ. ტ-ძისათვის სახელფასო დავალიანების – 388,12 ლარის, ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების - 2000 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 2016 ლარის; ვ. ხ-შვილისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების – 360 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 250 ლარის; ი. მ-შვილისათვის სახელფასო დავალიანების – 297,42 ლარის, ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების - 600 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 1510 ლარის; ნ. ა-ძისათვის სახელფასო დავალიანების – 153,24 ლარის, ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების – 615 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 1257 ლარის; მ. კ-ძისათვის სახელფასო დავალიანების – 369,41 ლარის, ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების – 615 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის – 1257 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს – საქართველოს თავდაცვის სამინიტროს დაეკისრა დ. ტ-ძისათვის: სახელფასო დავალიანების – 388,12 ლარის, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 2000 ლარის; ი. მ-შვილისათვის – 297,42 ლარის, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 600 ლარის; ნ. ა-ძისათვის სახელფასო დავალიანების – 153,24 ლარის, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 615 ლარის; მ. კ-ძისათვის სახელფასო დავალიანების – 369,41 ლარის, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 615 ლარის; ვ. ხ-შვილისათვის - ერთჯერადი გასასვლელი დახმარების – 360 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა დ. ტ-ძისათვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის – 2016 ლარის, ი. მ-შვილისათვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის – 1510 ლარის; ნ. ა-ძის სასარგებლოდ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის – 1257 ლარის; მ. კ-ძის სასარგებლოდ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის – 1257 ლარის; ვ. ხ-შვილის სასარგებლოდ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის – 250 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის ¹415 ბრძანება, სახელფასო დავალიანებებისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების თანხების გაუცემლობის ნაწილში მოსარჩელეთა ადმინისტრაციული საჩივრების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელეები იმყოფებოდნენ რა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ისინი “საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდნენ მოხელეებს, ხოლო «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - სამხედრო მოსამსახურეებს.

სადავო სახელფასო დავალიანებების წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციის «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი იყო, რომ ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურეს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს».

იგივე დებულებებს იმეორებს დღეს მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი (მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, პრემია განხილულ უნდა იქნეს ხელფასის შემადგენელ ნაწილად, ხელფასის დანამატად, რადგან თავად კანონი («საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) განსაზღვრავს პრემიის, როგორც კონკრეტული სახის სამართლებრივი კატეგორიის, სტატუსს; შესაბამისად, უკვე დარიცხული პრემიის ხელფასისგან დამოუკიდებლად განხილვაც კანონსაწინააღმდეგოა. პრემიის, როგორც განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიის, კერძოდ, ხელფასის შემადგენელი ნაწილის, ბუნებას ვერ შეცვლის (სხვა სახის სამართლებრივ კატეგორიად ვერ ჩამოაყალიბებს) ის გარემეობა, რომ იგი (პრემია) გაიცემა პერიოდულად, თუნდაც წელიწადში ერთხელ.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები – ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით. კერძოდ, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

ხოლო რაც შეეხება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, სასამართლოს მითითებით, ეს სამართლებრივი ინსტიტუტები შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც არ განეკუთვნება მოსარჩელეებს _ დ. ტ-ძეს, ვ. ხ-შვილს, ი. მ-შვილს, ნ. ა-ძეს, მ. კ-ძეს და ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, უდავოა, რომ მოსარჩელეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ როგორც სამხედო მოსამსახურეები და ეს ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით - ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მომსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს; მოსარჩელეებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების, მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლოს განმარტებით, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება კონკრეტული მტკიცებულებები (დოკუმენტები), რაც დაადასტურებს მოსარჩელეების მიერ ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების შესაძენად გაწეულ შესაბამის ხარჯს (ხარჯებს). სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ დაეყრდნობა სარჩელზე თანდართულ ცნობებს კომპენსაციის თანხის მთლიანი ოდენობის თაობაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მოსარჩელეთა მიერ ნამდვილად იქნა გაწეული შესაბამისი ხარჯები ფორმა-ტანსაცმლის შესაძენად.

ხოლო ერთეჯერადი გასასვლელი დახმარების საკითხთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტით დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურების, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსხურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.»

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹993 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 ბრძანებულების ,,ბ» პუნქტით, 05.11.2004 წლის ¹493 ბრძანებულებას დაემატა 331-ე მუხლი, ხოლო 611-ე პუნქტით დადგინდა, რომ ამ ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედება შეჩერდებოდა 2006 წლის 1 იანვრამდე.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტს 2006 წლის 1 იანვრიდან არ განუცდია რაიმე ცვლილება, სამართლებრივი ნორმის (ბრძანებულების 331-ე პუნქტის) მოქმედების შეზღუდვის (შეჩერების) ვადა ამოიწურა 2006 წლის 1 იანვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დღიდან დღემდე – დავის გადაწყვეტის მომენტისათვის ბრძანებულების 331-ე პუნქტი ძალაშია და მოქმედებს. უდავოა, რომ მოსარჩელეების გათავისუფლების დღისთვის ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო და კანონიერად არ იქნა მათზე გაცემული ერთჯერადი გასასვლელი დახმარება გათავისუფლების დღისათვის, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ გარემოებათა თანხვედრის გამო არ გათავისუფლებულა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანბებულების 331-ე პუნქტით ნაკისრი ვალდებულებისაგან. სამართლებრივი ნორმის მოქმედების შეჩერების პირობებში სახელმწიფომ ფაქტიურად გადაავადა სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთა წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების მომენტი, რაც, თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ შეჩერებული ნორმის ამოქმედების პირობებში მოპასუხემ სრულად უნდა შეასრულოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მანამდე ნაკისრი მოვალეობა, კერძოდ უნდა გასცეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მოსარჩელეების სასარგებლოდ. ამსათან, სადავო შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის დროს (პერიოდს) დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თუმცა მოსარჩელეთა დათხოვნის დროისათვის სამართლებრივი ნორმის (331-ე პუნქტის) მოქმედება შეჩერებული იყო, ეს უკანასკნელი არსებობდა, გაუქმებული არ ყოფილა.

,,საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე და 331–ე პუნქტების შესაბამისად, მოსარჩელეთა წელთა ნამსახურობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მოსარჩელეებზე უნდა გავრცელდეს იმავე ბრძანებულების 33-ე პუნქტი, რომლითაც დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ისა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი; ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 – წლამდე ექვსმაგი; 10-დან 15 წლამდე – რვამაგი; 15-დან 20 წლამდე – ათმაგი; იმავე ბრძანებულების მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურის ფულადი სარგო მოიცავს თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნები და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 06 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთიეთებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 12 დეკემბრის ბრძანბულებით შევიდა ცვლილება, რომლითაც, აღნიშნულ ბრძანებულებას დაემატა 331-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვილნი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით; 33-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა)-სამმაგი; ბ) 2-დან 1- წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამედე – რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი.

კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას (გარდა ოფიცერთა შემადგენლობისა) ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება არ გაიცემა.

¹493 ბრძანებულებას დაემატა 611 მუხლი, რომელმაც 2006 წლის 1 იანვრამდე შეაჩერა 33-ე მუხლის მოქმედება.

კასატორის განმარტებით, ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებას ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, განმარტებით ბარათში აისახება ნორმატიული აქტების მიღების მიზეზი და მისი ძირითადი მახასიათებლები.

საქართველოს პრეზიდენტის 31.12.2004 წლის ¹630 ბრძანებულების პროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედების შეჩერებით კანონმდებელმა არა დროებით შეაჩერა, ან გადაავადა ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი თანხების გაცემის ვალდებულება, არამედ გაათავისუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულების შესრულებისაგან.

კასატორის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლით _ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

აქედან გამომდინარე, კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს.

საყურადღებოა, განისაზღვროს, მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება _ ნების გამოვლენა _ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობისა და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენს მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების არსებობა.

აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის გაფორმებას ხელშეკრულების დადებისას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად, წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

აღნიშნული მიდგომა სახელმწიფოს მიერ ასევე ფაქტობრივად აღიარებულია "შრომის კოდექსის" მე-6 მუხლის მე-3 ნაწილითაც _ პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა, უდავოა, უფრო მეტიც, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ვალდებულებას მიეცა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ხელფასი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის მოსარჩელეებისათვის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულების საფუძველზე ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილ იქნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახური წლების მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ს და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) - სამმაგი; 2-დან 1- წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი; 10-დან 15 წლამედე – რვამაგი; 15-დან 20 წლამდე – ათმაგი და 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი.

ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილ იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

საგულისხმოა, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება განახლდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹531 ბრძანებულებით, ზემოაღნიშნული 331-ე პუნქტი ბრძანებულებიდან საერთოდ იქნა ამოღებული. ამდენად, პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტმა იმოქმედა 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 21 სექტემბრამდე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას ზემოაღნიშნული 331-ე მუხლის იმ პირებზე გავრცელების დაუშვებლობის შესახებ, რომლებიც გათავისუფლდნენ 2005 წელს და იზიარებს სასამართლოთა მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე მოხდა 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების მიღების უფლების რეალიზების გადავადება 2006 წლის 1 იანვრამდე, რაც არ ნიშნავს მითითებული პუნქტით განსაზღვრული და დადგენილი უფლების გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტი გაუქმდა 2007 წლის 21 სექტემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2008 წლის 7 აგვისტოს. ამდენად, სარჩელით მიმართვის მომენტისათვის არ არსებობდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს განისაზღვროს, მოახდინა თუ არა მოსარჩელემ უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და აღნიშნავს, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს, მოახდინეს თუ არა მოსარჩელეებმა დ. ტ-ძემ, ვ. ხ-შვილმა, ი. მ-შვილმა, ნ. ა-ძემ და მ. კ-ძემ თავისი უფლებების დროულად რეალიზება. არსებობს თუ არა სარჩელით მიმართვის მომენტისათვის მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც საქმე, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში, ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინება ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.