¹ბს-561-532(კ-09) 2 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 21 ივლისს ს. ა-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1972 წელს ააშენა უპროექტო მშენებლობა ნაძალადევის რაიონში, ... ქ. ¹2-ში, რაც სახელმწიფო საკუთრება გახდა, მაგრამ მფლობელობაში ჰქონდა მოსარჩელის ოჯახს. 1985 წელს აღნიშნული ფართი სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე დროებით სარგებლობაში გადაეცა მეტრომშენს, რომელსაც ეს ტერიტორია სასაწყობო მეურნეობად სჭირდებოდა, იმ პირობით, რომ ს. ა-ძე გადავიდოდა ქირით საცხოვრებლად და ქირის საფასურში მიიღებდა ბინას, ხოლო იურიდიული უფლება ... ქ. ¹2-ში მდებარე ბინაზე გაუგრძელდებოდა ობიექტის დამთავრებამდე. მოსარჩელის მითითებით, თუ მიმდებარე ტერიტორია კვლავ დასჭირდებოდა მეტრომშენს, შეაფასებდნენ ბინას და გადაუხდიდნენ საფასურს, თუ არ დასჭირდებოდათ იურიდიული უფლება ბინაზე დარჩებოდა მას. მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ ობიექტი დაუმთავრებელია და ტერიტორია აღარ სჭირდებათ საფასური არ მიუღია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბინის პრივატიზაციის თაობაზე, რაზეც მიიღო უარი, რომელიც ჩაიბარა 2008 წლის 1 აპრილს. მისივე მითითებით, აღნიშნული უარი კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ ჯერ უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 მაისის განჩინების ჩაბარებისთანავე მიმართა მერიას საჩივრით, რომლითაც ასაჩივრებდა გლდანი-ნაძალადევის გამგეობის უარს, თუმცა თბილისის მერიამ საჩივრის განხილვაზე უარი განუცხადა ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გაშვების მიზეზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის 2008 წლის 8 ივლისის ¹652 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მერიისათვის მის მიერ 2008 წლის 19 ივნისს გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მარტის ა-1008 წერილის თაობაზე შეტანილი საჩივრის განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2008 წლის 8 ივლისის ¹652 განკარგულება და მოპასუხე ქ. თბილისის მერიას დაევალა ს. ა-ძის საჩივრის განხილვა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 14 მარტის ა-1008 წერილის კანონიერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.