Facebook Twitter
ბს-563-541 (კ-08)

ბს-563-541 (კ-08) 05 აგვისტო, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე): სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური

ქ. თბილისის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ი. ბ-ოვა

მოპასუხე: გ. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2008 წ. განჩინება

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

03.02.03 წ. ი. ბ-ოვამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის, ქ. თბილისის არქმშენინსპექციის და გ. ბ-ძის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 26.06.2001 წ. ¹20/6 ბრძანების და ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 19.12.2001 წ. მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.07წ. განჩინებით ი. ბ-ოვას სარჩელი ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 19.12.2001 წ. მშენებლობის დაწყების ნებართვის ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილი იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. ამავე სასამართლოს 30.03.2007 წ. გადაწყვეტილებით ი. ბ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავარი არქიტექტორის 14.09.2001 წ. ¹20/6 ბრძანება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის 14.09.2001 წ. ¹20/ნ ბრძანების თანახმად, შეთანხმდა ქ. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ... ქ. ¹9ა-ში მოქ. ა. წ-შვილის სახლის ავარიული ნაწილის დანგრევისა და ახლის აშენების პროექტი. 19.12.2001 წ. ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» ¹409 მშენებლობის დაწყების ნებართვის თანახმად, ა. წ-შვილს ნება დაერთო ეწარმოებინა მშენებლობა ქ. თბილისში, ... ქ. ¹9ა-ში ავარიული ნაწილის ნაცვლად ახლის აშენების მიზნით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომისიის მიერ ი. ბ-ოვას საცხოვრებელ სახლს მინიჭებული ჰქონდა ავარიული მდგომარეობის III კატეგორია. სახელმწიფო სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ ... ქ. @¹13 საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, დადგინდა, რომ დეტალური დასაბუთებული დასკვნის გასაკეთებლად აუცილებელი იყო ობიექტისა და მისი ტერიტორიის რეალური მდგომარეობის დადგენა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შესრულებით. ტერიტორიის გეოლოგიურად რთული პირობებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული განხორციელებულ პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა ნაგებობის გამსუბუქების მიზნით. საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესახებ დასკვნის თანახმად გ. ბ-ძის სათავსოების მიერ გამოწვეული დატვირთვის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცემოდა ი. ბ-ოვას სახლის დეფორმირებულ კედელს, რაც დაუშვებლად იქნა მიჩნული. მშენებლობის პროექტი საძირკვლის ნაწილში საჭიროებდა აუცილებელ შესწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ი. ბ-ოვას სახლის დეფორმირებული კედელი კვლავ გააგრძელებდა დეფორმაციას, რეალური საფრთხე შეექმნებოდა როგორც ი. ბ-ოვას ასევე გ. ბ-ძის დამხმარე სათავსოებს. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. ¹9ა-ში წარმოებული დამხმარე სათავსოების მიშენების პროექტს უნდა ჩატარებოდა პროექტის ექსპერტიზა. ასევე დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹13-ში არსებული სახლის საყრდენ კედელთან 30 სმ.-ის მოშორებით დამხმარე სათავსოების მიშენების პროექტში არ იყო გათვალისწინებული რთული რელიეფიდან გამომდინარე ტექნიკური უსაფრთხოების პირობები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეული იყო იმ დროს მოქმედი საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 12.10.2001 წ. ¹4 ბრძანების მოთხოვნები, რომლის თანახმად, ყველა განაშენიანების პროექტი, რომლის სამშენებლო ღირებულება 500000 ლარზე ნაკლები იყო, ექვემდებარებოდა სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას. სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის მთავარი არქიტექტორის 14.09.2001 წ. ¹20/6 ბრძანება, მართალია წარმოადგენდა აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მაგრამ მან არსებითად ხელჰყო მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესი. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად სცნო ის გარემოება, რომ კანონსაწინააღმდეგო აქტის საფუძველზე განხორციელებულმა მშენებლობამ გამოიწვია ი. ბ-ოვას სახლის დანგრევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2007 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2007 წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ასევე გ. ბ-ძის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.06.2008 წ. განჩინებით გ. ბ-ძეს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად. ამავე სასამართლოს 07.11.2008 წ. განჩინებით გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კაატეგორიის საქმეთა პალატის 13.05.2009 წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კაატეგორიის საქმეთა პალატის 03.06.2009 წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მერიასთან ერთად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ქ სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით. საქმეზე სასამართლო შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ივ. ღლონტი, მოსამართლეები: ნ. კობახიძე და ჯ. რუსიაშვილი. 14.02.2008 წ. სხდომაზე გამოცხადებულ იქნა შესვენება. სხდომა გაგრძელდა 28.02.2008 წ., შეცვლილი სასამართლო შემადგენლობით, კერძოდ მოსამართლე ნ. კობახიძის ნაცვლად საქმე განხილულ იქნა მოსამართლე ლ. ჭუმბურიძის მონაწილეობით. მხარეებს განემარტათ შეცვლილი მოსამართლისადმი აცილების უფლება, საქმის განხილვა გაგრძელდა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის სტადიიდან. ამავე სხდომაზე სასამართლოს ამ შემადგენლობის მიერ მიღებულ იქნა განჩინება გ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, განჩინებას მოსამართლე ლ. ჭუმბურიძის ნაცვლად ხელს აწერს მოსამართლე ნ. კობახიძე, რომელსაც 28.02.2008 წ. საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ზემოთ აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2008 წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 394-ე, 399-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2008 წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.