Facebook Twitter

ბს-566-537(კ-09) 29 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი _ ე. ა-ცი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. მ-იანი

წარმომადგენელი _ ნ. ა-ძე

მესამე პირები: თ. ე-ავი, მ. კ-ევი

წარმომადგენელი _ შ. ბ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ აუქციონის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 19 დეკემბერს ვ. მ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მ. კ-ევის, თ. ე-ავის, ნ. მ-ძისა და თ. ჟ-შვილის მიმართ, 2007 წლის 4 დეკემბრის პირველი აუქციონის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

შემდგომში მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე _ თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირების: მ. კ-ევის, თ. ე-ავის მიმართ, რომლითაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ვ. მ-იანის სახელზე ქ. თბილისში, ..., კორპ 26 მდებარე იპოთეკით დატვირთულ ბინა ¹32-ზე ჩატარებული აუქციონის და 2007 წლის 4 დეკემბრის ¹01/09-102 განკარგულების თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 26 სექტემბერს თ. ე-ავს, ნ. მ-ძეს, თ. ჟ-შვილსა და ნ. ს-შვილს, როგორც ვ. მ-იანის რწმუნებულს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით, რომლის თანახმად, ნ. ს-შვილს, როგორ ვ. მ-იანის რწმუნებულს თითოეულისაგან გადაეცა 4480 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური სამი პროცენტის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ..., კორპუსი ¹26, ბინა ¹32. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე ძირითადი სესხის 0,3%.

სესხის დროულად გადაუხდელობის გამო, იპოთეკარების წარმომადგენელმა თ. გ-შვილმა საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა იურიდიულ კომპანია საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ _ “...” და მოითხოვა სესხისა და მისგან გამომდინარე შედეგების მოპასუხეზე დაკისრება.

არბიტრაჟის 2007 წლის 20 აპრილის ¹01/07-132 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტების პრეტენზია. ნ. ს-შვილს, როგორც ვ. მ-იანის რწმუნებულს, გადასახდელად დაეკისრა თ. ე-ავის, ნ. მ-ძის და თ. ჟ-შვილის სასარგებლოდ თითოეულზე 4480 აშშ დოლარი, 2007 წლის 28 მარტიდან ყოველთვიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს 13,44 აშშ. დოლარის, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებლის 245.7 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ქ. თბილისი ..., კორპ 26, ბინა 32-ის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იძულებითი აღსრულების მიზნით, წარდგენილ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროში. საქმე შესასრულებლად გადაეცა Aაღმასრულებელ ზ. ა-შვილს, რომელმაც კანონის დარღვევით, 2007 წლის 4 დეკემბერს ბინაზე ჩაატარა აუქციონი, რომლის მყიდველი გახდა მ. კ-ევი.

სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მიერ აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა 2007 წლის 1 აგვისტოს, ხოლო აღსრულება მოხდა 2007 წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად, დაეკისრა 125 ლარის პირგასამტეხლო დღეში 13.44 აშშ. დოლარი, რომელმაც სააღსრულებო მოსაკრებელთან ერთად შეადგინა 1800 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აუქციონი ჩატარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე და 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველად. მოვალეებს ვ. მ-იანს და ნ. ს-შვილს, სასამართლოს აღმასრულებლის მიერ 5 დღიანი გაფრთხილება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულებაზე არ ჩაბარებიათ კანონით დადგენილი წესით, რასაც ადასტურებს ფოსტის პასუხი, რომლის მიხედვითაც, მათ ასეთი სახის წერილი არ ჩაჰბარებიათ. ნ. ს-შვილის შემთხვევაში ბინაში ვერავინ ნახეს და გზავნილი უკან გაეგზავნა სააღსრულებო ბიუროს, ხოლო რაც შეეხება ვ. მ-იანზე გადასაცემ გაფრთხილებას, მითითებულია, თითქოს გზავნილი ჩაბარდა ვ. მ-იანის რძალს, გზავნილზე ხელმოწერა გაკეთებულია ,,მ-იანი”, თუმცა მოსარჩელეს ასეთი გვარის რძალი არ ჰყავს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლო აღმასრულებელს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 63.1, მე-17 და 25-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით რომ ჩაეტარებინა აუქციონი, მოვალისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ ორი კრედიტორის გასტუმრების მიუხედავად ბინა მაინც გაიყიდებოდა აუქციონზე. აღმასრულებლის მიერ ასევე არ იქნა დაცული დასახელებული კანონის 29-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან აუქციონის დანიშვნის 2007 წლის 8 ნოემბრის ასლი აღმასრულებელმა არ გაუგზავნა მოვალეებს.

მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუს ი. ნ-შვილის მიერ, 2006 წლის 25 სექტემბერს ¹4397 სანოტარო აქტით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მხარეებს, ერთი მხრივ იპოთეკარების თ. ე-ავის, ნ. მ-ძის და თ. ჟ-შვილს და მეორე მხრივ ვ. მ-იანის მინდობილ პირს ნ. ს-შვილს შორის. ამ უკანასკნელს მინასიანისაგან ნოტარიუს ე. შ-შვილის მიერ, 2006 წლის 20 სექტემბერს ¹1-5309 სანოტარო აქტით მინდობილობა მიენიჭა 6 თვის ვადით, 2007 წლის 20 მარტამდე, მიუხედავად ამისა არბიტრაჟის გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილი ერთ-ერთ მოპასუხედ იქნა მიწვეული, როგორც ერთ-ერთ მოპასუხეს დაეკისრა თანხა, ხოლო აღმასრულებელმა მხარეთა შეტყობინების გარეშე ჩაატარა აუქციონი.

დასახელებული საფუძვლებით მოსარჩელე ვ. მ-იანმა მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 4 დეკემბრის განკარგულების თანმდევი შედეგებით ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. მ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. მ-იანმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. მ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. მ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 4 დეკემბრის ¹01/09-102 განკარგულება ვ. მ-იანის სახელზე იპოთეკით დატვირთული, ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსი ¹26, ბინა ¹32-ზე ჩატარებული აუქციონის თაობაზე, თანმდევი შედეგებით.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ სააღსრულებო წარმოების წინმსწრებ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მოვალესა და კრედიტორს ეცნობებოდათ უწყების გადაცემით, ანუ კანონი ცალსახად განსაზღვრავდა სააღსრულებო ბიუროს ვალდებულებას ეცნობებინა მხარეებისათვის აუქციონის დროის და ადგილის თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, დადგენილი იყო უწყების ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, რომლის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად უწყება პირს უნდა ჩაბარდეს პირადად.

სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, სააღსრულებო საქმეში 2007 წლის 4 დეკემბერს დანიშნული აუქციონის შესახებ არსებულ შეტყობინებაზე გაკეთებული მინაწერის თანახმად, იგი ჩაჰბარდა პირადად მინასიანს, მაგრამ აღნიშნულ ფაქტს მოსარჩელე უარყოფდა, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა უწყების პირადად მისთვის ჩაბარების და შესაბამისად 2007 წლის 4 დეკემბერს აუქციონის ჩატარების შესახებ მოსარჩელის ინფორმირების ფაქტი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უმართებულოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტი ოჯახის წევრისათვის გადაცემის მეშვეობით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე უწყების ვ. მ-იანისათვის ჩაბარებულად მიჩნევის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა თვით ოჯახის წევრთათვის შეტყობინების ჩაბარების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ აუქციონის თაობაზე მოვალის ინფორმირების არარსებობა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძვლად მიჩნეული იყო დადგენილი სასამართლო პრაქტიკითაც.

სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო სარწმუნოდ მიიჩნია ვ. მ-იანის ჩვენება, იმასთან დაკავშირებით, რომ არც მას და არც მის ოჯახის წევრებს გაფრთხილება სააღსრულებო ფურცელის ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე არ ჩაჰბარებიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 4 დეკემბრის ¹01/09-102 განკარგულება, რომლითაც იძულებით აუქციონზე საჯარო ვაჭრობით რეალიზაციით ვ. მ-იანის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებაზე (ქ. თბილისი ... კორპუსი ¹26 ბინა ¹32) უფლება გადაეცა შემძენს (მ. კ-ევს) ეწინააღმდეგებოდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. მ-იანისათვის სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სწორად შეფასების შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. კასატორის განმარტებით, ,,...” 2009 წლის 13 იანვრის ¹04-07/12 წერილით ირკვევა, რომ შეკვეთილი წერილი ¹12 ჩაბარებული ჰქონდა მინასიანის რძალს ს. გ-ოვა-მ-იანს და მიღებაზე ხელმოწერა ეკუთვნოდა მას, ხოლო წერილი ¹826 ჩაიბარა თვით ვ. მ-იანმა და ხელმოწერა ეკუთვნოდა მას.

კასატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას სარწმუნოდ მიიჩნია არა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არამედ მხოლოდ ვ. მ-იანის ჩვენება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 17 სექტემბერს 11:30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ, 2007 წლის 4 დეკემბერს ჩატარდა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი, რომლითაც ვ. მ-იანის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ..., კორპ. 26, ბინა ¹32, მესაკუთრე გახდა მ. კ-ევი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ ცნობაზე (ტ. I, ს.ფ. 111), რომელშიც განმარტებულია, რომ შეკვეთილი წერილი ¹826 ვ. მ-იანის სახელზე, ჩაბარდა 2007 წლის 28 ნოემბერს რძალს ოჯახში. აგრეთვე ... ფილიალის ,,...” 2008 წლის 23 ივლისის წერილ ¹04-07-ზე (ტ. I, ს.ფ. 195), სადაც მითითებულია, რომ შეკვეთილი წერილი ¹12 შემოსული ვ. მ-იანის სახელზე ადრესატის ბინაზე არყოფნის გამო ჩაბარდა მის რძალს (შვილის მეუღლეს) 2007 წლის 18 აგვისტოს, ხოლო შეკვეთილი წერილი ¹826, რომელიც ასევე ვ. მ-იანის სახელზე იყო შემოსული, ადრესატის ბინაზე არყოფნის გამო ჩაბარდა მის მეუღლეს ს. მ-იანს 2007 წლის 28 ნოემბერს. საქართველოს ფოსტის ფილიალის ,,...” 2009 წლის 13 იანვრის წერილ ¹04-07/12-ში (ტ. II, ს.ფ. 78) მითითებულია, რომ ¹12 შეკვეთილი წერილი ჩაიბარა რძალმა სილვა გიგოლოვა-მინასიანმა, ხოლო მეორე წერილი ¹826 ჩაიბარა ვ. მ-იანმა.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს საქმეში არსებულ 65-ე საფოსტო განყოფილების ფოსტალიონის მ. ბ-ძის ახსნა-განმარტებაზე (ტ. II, ს.ფ. 82) და 65-ე საფოსტო განყოფილების უფროსის ნ. თ-შვილის მოხსენებით ბარათზე (ტ. II, ს.ფ. 83). ორივე შემთხვევაში აღნიშნულია, რომ შეკვეთილი წერილი ¹12 ჩაიბარა პირადად ვ. მ-იანმა, ხოლო შეკვეთილი წერილი ¹826 ჩაიბარა ვ. მ-იანის რძალმა. სააპელაციო სასამართლოში მოწმედ გამოძახებულმა 65-ე საფოსტო განყოფილების ფოსტალიონმა, მ. ბ-ძემ განმარტა, რომ ერთი წერილი ჩააბარა რძალს, ხოლო მეორე პირადად ვ. მ-იანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, როცა მას სარწმუნოდ მიაჩნია, რომ არც ვ. მ-იანს და არც მისი ოჯახის წევრებს გაფრთხილება სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე არ ჩაბარებიათ. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა უტყუარ მტკიცებულებას, მოწმე მ. ბ-ძის ჩვენებას, რომელმაც უშუალოდ განახორციელა ფოსტალიონის მოვალეობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, აგრეთვე 71-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელთა თანახმადაც აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მოვალესა და კრედიტორს ეცნობებათ უწყების გადაცემით. ამავე კანონის 25-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი, უწყების ჩაბარება უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. მ-იანის რძალი, შვილის მეუღლე, რომელიც წლების მანძილზე ერთ ოჯახად ცხოვრობს ვ. მ-იანთან და ჰყავს ორი შვილი, უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ ოჯახის წევრად და მისთვის უწყების ჩაბარება კი _ ვ. მ-იანისათვის ჩაბარებად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე