Facebook Twitter

ბს-568-546(კ-08) 28 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე. გ-ი

დავის საგანი – კვების კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.08წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

12.10.07წ. ე. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 28.04.05წ. გაათავისუფლეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსის ..... თანამდებობიდან. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მისაღები დარჩა 1998-2000 წლების ხელფასი _ 1375 ლარი და 07 თეთრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.07წ. გადაწყვეტილებით ე. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1375 ლარისა და 07 თეთრის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელოLO მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.07წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 16.07.07წ. ცნობა სააპელაციო სასამართლომ ვალის აღიარებად მიიჩნია. სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 22.08.07წ. წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ სამინისტრო იმ დროისათვის მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა ე. გ-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამინისტრო კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანება ხანდაზმულად მიაჩნდა, მაშინ მას ხსენებული ცნობები არ უნდა გაეცა ან უნდა მიეთითებინა, რომ სამინისტრო დავალიანებას არ აღიარებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების დაკმაყოფილების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. ე. გ-ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა სასამართლოს კანონის მითითებული ნორმა არ გამოუყენებია. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული 16.07.07წ. ¹1014 და 22.08.07წ. ¹9/2601 ცნობით ვალი აღიარებული არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.05.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ე. გ-მა 25.06.08წ. საკასაციო პასუხი წარმოადგინა უზენაეს სასამართლოში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.10.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო საჩივარი ე. გ-ის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ე. გ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 665 ლარისა და 08 თეთრის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ე. გ-ის სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია(ს.ფ. 5). ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (12.10.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოს 16.07.07წ., ¹1014 ცნობა, რომლის თანახმად 1998-2000 წ.წ. პერიოდში ე. გ-ის კუთვნილი კვების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 665 ლარსა და 08 თეთრს, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას. ცნობა ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 22.08.07წ. წერილს, ამ წერილით აღიარებულია სახელფასო დავალიანება, რომლითაც არ არის მოცული კვების კომპენსაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს მოსარჩელე ე. გ-ის სასარგებლოდ უნდა დეკისროს სახელფასო დავალიანება – 515 ლარი და 30 თეთრი, ჯილდო – 162 ლარი და 32 თეთრი, მატერიალური დახმარება – 32 ლარი და 37 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ე. გ-ის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 665 ლარისა და 08 თეთრის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს ე. გ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 665 ლარისა და 08 თეთრის დაკისრების ნაწილში;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.11.07წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 709 ლარი და 99 თეთრი (შვიდასცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი);

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.