ბს-569-540(კ-09) 5 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი – გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...» (მოსარჩელე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
PP
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს «...» 2005 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე გორის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის სახით 176 000 ლარის ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შპს «...» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა; გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა შპს «...» სასარგებლოდ 30000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: შ.პ.ს. «...» დამფუძნებელ პარტნიორს წარმოადგენდა სახელმწიფო. 2000 წლის დეკემბერში განხორციელდა შ.პ.ს. «...» 100%-იანი წილის პრივატიზება მოქალაქე გ. მ-ძის მიერ; გორის რაიონის გამგეობის 2000 წლის 30 მაისის ¹137 დადგენილებით შ.პ.ს. «...» შინდისის საკრებულოს სოფ. ... ტერიტორიიდან 100 ჰექტარ სახნავ ფართობზე გაუფორმდა ხელშეკრულება იჯარის წესით, 49 წლის ვადით; 2001 წლის 28 სექტემბერს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გორის რაიონის გამგეობასა და შ.პ.ს «...» შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება; შ.პ.ს «...» მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს იმ დროისათვის შ.პ.ს «...» დირექტორი რ. ს-ძე; 2003 წლის 23 აპრილის გორის რაიონის გამგეობის ¹76 დადგენილებით, დაკმაყოფილდა შ.პ.ს «...”-ს ყოფილი დირექტორის რ. ს-ძის თხოვნა და გაუქმდა სოფ. ... ტერიტორიაზე 89,45 ჰექტარ მიწაზე დადებული 2001 წლის 28 სექტემბრის საიჯარო ხელშეკრულება; გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ.პ.ს. «...»-ს სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის გამგეობის 2003 წლის 23 აპრილის ¹76 დადგენილება შ.პ.ს. «...» და გორის რაიონის გამგეობასთან მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე; 2003 წლის 8 ოქტომბრის გორის რაიონის გამგეობის ¹186 დადგენილებით გაუქმდა შ.პ.ს. «...» გორის რაიონის გამგეობის მიერ დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 100 ჰექტარ სასოფლო–სამეურნეო სავარგულზე, საიჯარო გადასახადის დავალიანების გამო. 2003 წლის 14 ნოემბრის გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კვალავ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. «...»-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის გამგეობის 2003 წლის ოქტომბრის ¹186 დადგენილება. გორის რეგიონალური ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექცია) წარმოდგენილი 2005 წლის 18 თებერვლისა და 2008 წლის 20 თებერვლის შედარების აქტებით ირკვევა, რომ 2005 წლისათვის შ.პ.ს. «...» ძირითადი დავალიანება მიწის გადასახადის ნაწილში შეადგენდა 16 932.66 ლარს, ხოლო საურავი 25 036,26 ლარს. ხოლო 2008 წლისათვის შ.პ.ს. «...» ძირითადი დავალიანება მიწის გადასახადის ნაწილში შედაგენს – 21 914 ლარს, ხოლო საურავი 31 062,21 ლარს. მთლიანობაში 2008 წლის მდგომარეობით შ.პ.ს. «...» ერიცხება ნარჩენი დავალიანების სახით 33 308 ლარი, ხოლო საურავი 62 367.85 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შ.პ.ს «...» 2000 წლის დეკემბერში შ.პ.ს «...» 100%-იანი სახელმწიფო წილის პრივატიზების შემდეგ, შ.პ.ს.-ს ქონება ჩაიბარა მხოლოდ 2003 წლის 31 მარტს, ხოლო სადავო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი 2004 წლის ოქტომბრიდან. მანამდე საიჯარო მიწის ნაკვეთსა და შ.პ.ს-ს ქონებას შ.პ.ს «...» ვერ ფლობდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონის გამგეობამ 2003 წლის 23 აპრილს დააკმაყოფილა შ.პ.ს. «...» ყოფილი დირექტორის რ. ს-ძის განცხადება და გააუქმა შ.პ.ს «...» დადებული 2001 წლის 28 სექტემბრის საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული დადგენილება კი გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე შ.პ.ს «...» მიერ, მაგრამ შ.პ.ს «...» სადავოდ არ გაუხდია საიჯარო მიწის ნაკვეთის გადაცემა-არ გადაცემის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გორის რაიონის გამგეობა კარგად იყო ინფორმირებული შპს «...» მიმართ არსებული პრობლემის შესახებ და მოითხოვდა საკითხის გარკვევამდე თავი შეეკავებინა შპს «...» მიწის სარგებლობისაგან. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მასალებით ჩათვალა, რომ შპს «...» 2001-2004 წლებში აღნიშნული მიწის ნაკვეთით არ უსარგებლია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული სასამართლო გადაწყვეტილებებით შპს «...» სარჩელი მოპასუხეების _ გორის საგადასახადო ინსპექციისა და გორის რაიონის გამგეობის მიმართ დარიცხული გადასახადის (75 000 ლარის) უკანონოდ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შპს «...» დაეკისრა გადასახდელად აღნიშნული თანხა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისათვის მიწის გადასახადის სახით. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ შპს «...» მოპასუხის ბრალეულობით არ უსარგებლია სადავო მიწის ნაკვეთით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს სადავო პერიოდისათვის დაეკისრა მიწის გადასახადის სახით 75 000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელე არაერთხელ მიმართავდა მოპასუხეს, რათა სადავო მიწა გადასცემოდა სარგებლობისათვის; გამგეობის მიერ არაერთხელ უკანონოდ მოხდა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, რაზეც სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს «...» მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული და იჯარის ხელშეკრულების გაუქმება ჩაითვალა უკანონოდ.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ასევე სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი და მოპასუხეს დააკისრა 30 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ გ. მ-ძემ შპს «...» ბალანსზე რიცხული ქონება აუქციონის წესით შეიძინა 2000 წლის 29 დეკემბერს, გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით 15 დღის ვადაში უნდა მომხდარიყო ქონების მიღება ჩაბარების აქტის გაფორმება, რაც არ მომხდარა, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულ იქნა 2003 წელს, რითაც მოხდა ძირითადი ქონების გადაცემა, ხოლო 2004 წელს სადავო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება; აღნიშნული მომენტისათვის რ. ს-ძეს ეკავა შპს «...» დირექტორის თანამდებობა, რაც დასტურდება 2003 წლის 31 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით, სადაც ხელს აწერენ რ. ს-ძე და მესაკუთრის ქონების მართვასთან შეთანხმებით დანიშნული დირექტორი ვ. ბ-ური; კასატორი თვლის, რომ გ. მ-ძეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ის გარემოება, რომ საიჯარო მიწა უფლებრივად იყო ნაკლიანი და მასზე ირიცხებოდა მიწის გადასახადის დავალიანება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს «...» სასარჩელო განცხადებით თავდაპირველად მოითხოვა მოპასუხისათვის 167 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ქ.გორის რაიონის გამგეობის ბრალეული ქმედების გამო ვერ ისარგებლა 2001-2004 წლებში იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით, რაც შპს «...» საქმიანობის და შემოსავლების მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენდა და ამის გამო ვერ მიიღო შემოსავალი და განიცადა ზიანი.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთY სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე.
ამ ნორმის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღდეგო, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ან ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დელიქტური პასუხისმგებლობის ღონისძიება, საქმის მასალებით დადასტურებული უნდა იქნეს მოპასუხის მიერ განხორციელებული არამართზომიერი ქმედების ფაქტი, ეს ქმედება განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით უნდა იქნეს ჩადენილი; მოსარჩელეს ზიანი უნდა მიადგეს სწორედ ასეთი ქმედების შედეგად და მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ სხდომის თავმჯდომარემ კითხვა დაუსვა მოსარჩელეს, რით ადასტურებდა ზიანი 30 000 ლარს რომ შეადგენდა; შპს «...» წარმომადგენელმა კი უპასუხა, რომ გადასახადი დაერიცხათ და გადაიხადეს (სფ. 149). საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთის გამოუყენებლობით მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხოლოდ მოსარჩელისათვის დარიცხული გადასახადის ოდენობის შესაბამისად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიიჩნია საფუძვლიანად შპს «...» დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და ისე დააკისრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა, რომ არ გამოიკვლია და კონკრეტულად არ მიუთითა ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის დროულად გადაუცემლობით მიყენებული ზიანის მოცულობა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი; ამ ნორმის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლითYდა
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.