Facebook Twitter

¹ბს-572-541(კ-09) 22 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ზ. ც-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ კვების (ულუფის) კომპენსაციის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზ. ც-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-10/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელეს განმარტებით, 2001 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება, რაც შეადგენს 1171.26 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოში არ ცნო ზ. ც-ძის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 27-33/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 399,232 ლარის ანაზღაურება; საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე, 134I- მუხლები და განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა სახელფასო დავალიანება /იხ.ს.ფ. 59-63/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 67-77/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 390.3. მუხლი და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ გააბათილა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასკვნები /იხ.ს.ფ. 105-108/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნები ხანდაზმულია, რადგან ამ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფულად გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი. ამასთან, ხელფასსა და დასახელებულ ფულად გასაცემლებზე ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიდან გამომდინარე, ასევე _ ამ კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი, ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების დავალიანების აღიარებასა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «ბ» მუხლის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება კვების კომპენსაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ც-ძის სარჩელი კვების კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპაუხისათვის კვების კომპენსაციის ზ. ც-ძის სასარგებლოდ _ 593,33 ლარის დაკისრების ნაწილში არასწორია, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კვების კომპენსაციის თანხა არ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობდა კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფისა და სანივთე უზრუნველყოფის _ ფორმის ტანსაცმლის სახით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამმართველოს (ან სამხედრო ნაწილის) მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა კვების კომპენსაციის თანხის _ 593,33 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების კომპენსაციის დავალიანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება კვების კომპენსაციის თანხის _ ზ. ც-ძის სასარგებლოდ _ 593,33 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების კომპენსაციის თანხის _ ც. ც-ძის სასარგებლოდ _ 593,33 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება მოსარჩელესათვის კვების კომპენსაციის ზ. ც-ძის სასარგებლოდ _ 593,33 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ც-ძის სარჩელი კვების კომპენსაციის _ 593,33 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.