¹ბს-574-543(კ-09) 27 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე
საკასაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ბ-ოვას, დ. გ-ძისა და ც. დ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 30 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ მ. ბ-ოვას, დ. გ-ძისა და ც. დ-შვილის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამასთან, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყვნენ გათავისუფლებულები საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინებით მ. ბ-ოვას, დ. გ-ძესა და ც. დ-შვილს დაევალათ, ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, გადახდის ქვითარი; კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინება მ. ბ-ოვას ჩაჰბარდა 2009 წლის 8 მაისს, ხოლო ც. დ-შვილს _ 2009 წლის 11 მაისს. დ. გ-ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინება, მაგრამ დ. გ-ძეს არც ერთხელ არ ჩაჰბარდა იგი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უწყება იგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ვინაიდან დ. გ-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული განჩინება მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს _ მ. ბ-ოვას, დ. გ-ძესა და ც. დ-შვილს მათთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსიათ ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება მ. ბ-ოვას, დ. გ-ძისა და ც. დ-შვილის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (ამ მუხლში) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, მ. ბ-ოვას, დ. გ-ძისა და ც. დ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს მ. ბ-ოვას, დ. გ-ძისა და ც. დ-შვილის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.