Facebook Twitter

ბს-578-556(კ-08) 26 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 28.02.05წ. გადაწყვეტილებით ლ. ბ-ს უარი ეთქვა ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენაზე.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 28.02.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.09.05წ. განჩინებით საქმეზე წარმოება შეჩერდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.10.05წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად კერძო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.01.06წ. განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და საქმის წარმოება განახლდა.

19.03.08წ. ლ. ბ-მა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.08წ. განჩინებით ლ. ბ-ის განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.08წ. საოქმო განჩინების გაუქმებაც მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.