Facebook Twitter
ბს-587-556(კ-08) 27 ოქტომბერი, 2009 წელი

ბს-587-556(კ-08) 27 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

გ. ილინას მდივნობით

კასატორი Iმოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ქ-შვილი

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. ქ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 2421 ლარის ოდენობით /იხ.ს.ფ. ტ.I, 1-8/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე გ. ქ-შვილი 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ საბაჟო «აღმოსავლეთში».

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

2005 წლის ივნისის თვეში მოპასუხე ორგანიზაციამ მოსარჩელე გ. ქ-შვილი ისე დაითხოვა სამსახურიდან, რომ არ მოუხდენია მასთან საბოლოო ანგარიშწორება. გაუცემელი სახელფასო დავალიანება შედგენდა 1998 წლის ივლის-სექტემბრის თვეებში - 1200 ლარს, 1999 წლის ივლისის-აგვისტოს თვეებში - 745 ლარს, 2000 წლის მარტი-ივნისის თვეებში - 376 ლარს, 2003 წლის ნოემბრის თვეში - 100 ლარს, სულ - 2421 ლარს. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე უარს აცხადებდა მოსარჩელის მიმართ წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურებაზე.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის, ხოლო დღეს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომის ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებული იყო, მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება დასაქმებულთან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ საბაჟო «აღმოსავლეთში». ამდენად, მოპასუხე უნდა ყოფილიყო ის ორგანო, რომელთანაც მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, კერძოდ, რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» უფლებამონაცვლე - თბილისის რეგიონალური ცენტრი. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით. საქალაქო სასამართლომ ასევე, უნდა გამოიყენოს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემის მარეგულირებელი სპეციალური ნორმა - «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული საკითხი დარეგულირებული იყო საქართველოს 2008 წლის «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-60 მუხლით, რომლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელი იყო, გამოყენებული ყოფილიყო 2008 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნებოდა დაშვებული აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფიინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებასა და ორგანიზაციას. ამავე კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული 25 09კოდის შესაბამისად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად გათვალისწინებული იყო 200,000 ლარი. დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ამავე კანონის მე-12 პუნქტის მიხედვით, რომლის შესაბამისად, წინა პერიოდში წარმოქმნილ ვალდებულებათა დასაფარად და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულ იქნა 200,000 ლარი /იხ.ს.ფ. ტ.I, 24-27/.

2008 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, არასათანადო მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექციით), ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩართულ იქნა მესამე პირად /იხ. სხდომის ოქმი/.

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» უფლებამონაცვლეს /იხ. სხდომის ოქმი/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 1852,66 ლარის გადახდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ქ-შვილი სამსახურიდან გათავისუფლებამდე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მოხელეებზე საქართველოს შრომის კანონმდებლობა ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც აღნიშნული კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. როგორც მოქმედი შრომის კოდექსის 34-ე მუხლი, ისე 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლი ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლებული მუშაკისათვის მის მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას ადმინისტრაციის მხრიდან. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 2007 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ», რომლის მე-60 მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას და რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი და დადასტურებული მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების არსებობა, მის ანაზღაურებაზე უარი არსებული სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო და შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო იყო.

საქალაქო სასამრთლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, რამდენადაც, 2007 წლის 2 მარტამდე მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის ¹285 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების თანახმად, საბაჟო დეპარტამენტი შედგებოდა ცენტრალური აპარატისა და ტეროტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიდნენ ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას, ხოლო ტერიტორიული ორგანოები იყვნენ რეგიონალური საბაჟოები - «აღმოსავლეთი» და «დასავლეთი». ზემოაღნიშნული ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება და მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტების რეორგანიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების მე-6 მუხლის თანახმად, შემოსავლების სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა საქართველოს მთელ ტეროტორიაზე. სამსახური შედგებოდა ცენტრალური აპარატის, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტეროტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიდნენ ერთიან ცენტრალურ სისტემას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განისაზღვრა სამსახურის ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთი».

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის ¹176 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის დებულება, რომლის თანახმად, ცენტრის ამოცანა იყო თავის სამოქმედო ტეროტორიაზე, კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც ახორციელებდა სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. ცენტრი საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებდა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას, ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო რეჟიმის რეგულირებას, საბაჟო დამუშავების ოპერაციებს, საბაჟო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» ლიკვიდაცია და მისი ფუნქცია საბაჟო რეჟიმის რეგულირების, საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას).

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - ხელფასის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონო იყო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალებდა განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების - 2421 ლარის ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას /იხ.ს.ფ. ტ.I, 64-70/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, იგი გამოტანილია ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების გარეშე, რის გამოც ექვემდებარებოდა გაუქმებას. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელე გ. ქ-შვილი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და შესაბამისად, თბილისის რეგიონალური ცენტრი არ შეიძლებოდა ყოფილიყო აღნიშნულ საქმეზე სათანადო მოპასუხე, შესაბამისად, არ შეიძლებოდა რეგიონალურ ცენტრს დაკისრებოდა აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება.

აპელანტის განმარტებით, «საქართველოს 2008 წლის ბიუჯეტის შესახებ» კანონის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ასიგნებებში არ იყო გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის ხარჯების დაფინანსება, ანუ სწორედ ფინანსთა სამინისტროს ასიგნებებში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის დაფინანსებები, რათა შემდგომში ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული თანხების გამოყოფის შემდეგ საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ ანაზღაურებულიყო მსგავსი სახის დავალიანებები /იხ.ს.ფ. ტ.I, 76-84/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. ქ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, იგი წლების მანძილზე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციში და ხელფასს იღებდა ამავე ორგანიზაციიდან. ამასთან, თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახდო ინსპექცია) წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შემავალ სტრუქტურულ დანაყოფს. მოსარჩელის სახელფასო დავალიანება წარმოიშვა მოპასუხე ორგანიზაციის ბრალით. ამდენად, სრულიად კანონიერი იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ორგანიზაციას დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. ტ.II, 10-16/.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ქ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების 1852,66 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე გ. ქ-შვილი 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ საბაჟო «აღმოსავლეთში», საიდანაც გათავისუფლდა 2005 წლის ივნისში. გ. ქ-შვილი სამსახურიდან გათავისუფლებამდე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 14.2 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც აღნიშნული კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც მოქმედი შრომის კოდექსი (34-ე მუხლი) ისე 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი (96-ე მუხლი) ითვალისწინებდა სამსახურიდან გათავისუფლებული მუშაკისათვის მის მიმართ არსებული დავალიანების ანაზრაურების ვალდებულებას ადმინისტრაციის მხრიდან. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37.1 მუხლის განსაზღვრული იყო მოსამსახურის უფლება სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ასევე, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ გ. ქ-შვილის მიმართ გაუცემელი ხელფასი შედგენდა 2421 ლარს, საიდანაც ხელზე ასაღები თანხა იყო 1852,66 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ქ-შვილის მოთხოვნა შემოსავლების სამსახურისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავალდებულების თაობაზე, მართებული იყო და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას /იხ.ს.ფ. ტ.II, 32-36/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, გ. ქ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორის მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 11.2»ე» მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო მითითებული კანონის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.

კასატორის მოსაზრებით, სახელფასო დავალიანების წარმოქმნის პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168.1 მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს საჯარო მოხელეებზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრული იყო «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით. მითითებული ნორმით ხელფასისაგან გამიჯნულია ხელფასზე დანამატი და კომპენსაცია. მოხელეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მართალია, საბაჟო მოსამსახურეს სამსახურის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მაგრამ იგი არ წარმოადგენდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქარველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს. მოსარჩელე გ. ქ-შვილის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამსახურიდან. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღირებით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის მიუცემელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. სახელფასო დავალიანების მოთხოვნით მან სასამართლოს მიმართა 2009 წელს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს /იხ.ს.ფ. ტ.II, 43-49/.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მოსარჩელესათვის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «ბ» მუხლის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ. ქ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

მოწინააღმდეგე მხარემ გ. ქ-შვილმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ქ-შვილის სარჩელი კვების კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპაუხისათვის კვების კომპენსაციის გ. ქ-შვილის სასარგებლოდ _ 59 ლარის დაკისრების ნაწილში არასწორია, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 15 აგვისტოს ცნობით დადგენილია, რომ გ. ქ-შვილის გაუცემელი ხელფასი შეადგენს სულ 2421,00 ლარს, აქედან ხელზე გასაცემი თანხაა 1852,66 ლარი, მათ შორის: 2000 წლის _ XI კვების კომპენსაციის თანხა შეადგენს 59 ლარს (ს.ფ. 17, ტ. I).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ამასთან, «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციის «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168.1. მუხლის მიხედვით კი საბაჟო ორგანოს საჯარო მოხელეებზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრული იყო პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კვების კომპენსაციის თანხა არ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა კვების კომპენსაციის თანხის _ 59 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების კომპენსაციის დავალიანება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის თანხის _ გ. ქ-შვილის სასარგებლოდ _ 59 ლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების კომპენსაციის თანხის _ გ. ქ-შვილის სასარგებლოდ _ 59 ლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 257-ე, 372-ე, 243.2, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელე გ. ქ-შვილისათვის კვების ულუფის კომპენსაციის 59 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ქ-შვილის სარჩელი კვების ულუფის კომპენსაციის 59 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.