ბს-591-560(კ-09) 2 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე; ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი - სს ,,...»
მოწინააღმდეგე მხარეები _ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ქ. ტ-ოვი
მესამე პირი - ე. ი-ოვი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 12 ოქტომბერს სს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირების: ქ. ტ-ოვისა და ვ. ბ-ძის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მარნეულის რაიონის გამგეობის 1999 წლის 16 ივნისის ¹6/4 დადგენილებით ვ. ბ-ძემ შეიძინა ქ. მარნეულში, ... ქუჩაზე სს ,,...» მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 60 კვ.მ მიწის ფართობი მაღაზიის ასაშენებლად.
ასევე მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 24 იანვრის ¹3/5 დადგენილებით ქ. ტ-ოვმა კონკურსის წესით შეიძინა ქ. მარნეულში, ... ქუჩაზე სს ,,...» მიმდებარე ტერიტორიაზე 280 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი სავაჭრო პავილიონის განსათავსებლად.
მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული მიწის ფართობები წარმოადგენდნენ მარნეულის ბაზრის სავალ გზას ე.წ. «ტროტუარს».
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹225 ბრძანებულების შესაბამისად, განსაზღვრულია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, აღნიშნული ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი).
მოსარჩელის განმარტებით, მარნეულის გამგეობის 1999 წლის 16 ივნისის ¹6/4 და 2006 წლის 24 იანვრის ¹3/5 დადგენილებები ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებას, ვინაიდან აღნიშნული დადგენილებებით მოპასუხეთა საკუთრებაში გადაცემული მიწის ფართობები წარმოადგენს მარნეულის ბაზრის სავალ გზას ე.წ ,,ტროტუარს».
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მარნეულის რაიონის გამგეობის 1999 წლის 16 ივნისის ¹6/4 და 2006 წლის 24 იანვრის ¹3/5 დადგენილებების ბათილად ცნობას.
2007 წლის 29 ოქტომბერს სს ,,...» დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მარნეულის რაიონის გამგეობის 1999 წლის 16 ივნისის 6/4 და 2006 წლის 24 იანვრის ¹3/5 დადგენილებებისა და მათ საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერების ბათილად ცნობა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 24 იანვრის ¹3/5 დადგენილების ქ. ტ-ოვის ნაწილში ბათილად ცნობა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,...» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 24 იანვრის 3/5 დადგენილება, ქ. ტ-ოვისათვის კონკურსის შედეგების თანახმად, საკუთრების უფლებით, ქ. მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე სს ,,...» ტერიტორიაზე სავაჭრო პავილიონის განსათავსებლად 280 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დროს მოქმედი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონი აწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავდა იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენდნენ სახელმწიფოს სახელით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ მთავრობის ნებართვით იყო შესაძლებელი იმ მიწის ნაკვეთის განკარგვა, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთებს მიეკუთვნებოდა (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები და დასასვენებელი ადგილები). ამავე პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, მთავრობის ნებართვა ესაჭიროებოდა აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთების განკარგვასაც, რომლებზედაც განლაგებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები (სატრანსპორტო და მიწის ქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა). სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გამოეცა სადავო ადმინისტრაციული აქტი, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე.
ამასთან, რაიონული სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის გადაცემა წარმოადგენს სახელმწიფოსა და მესამე პირს შორის არსებული ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგს, ე.ი. სახეზეა ორმხრივი გარიგება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლი ითვალისწინებს ფორმის დაუცველად დადებული გარიგების ბათილობას, რომლის თანახმადაც, ფორმის დაუცველობას უთანაბრდება ნებართვის გაცემა, თუ ასეთი გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. სახელმწიფოსა და ქ. ტ-ოვს შორის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გარიგება დაიდო მთავრობის ნგებართვის გარეშე, რაც სავალდებულო იყო კანონით და რაც ასევე წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ტ-ოვმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ი-ოვი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ტ-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორედ იქნა სადავო მიწის ნაკვეთი ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილად (ტროტუარად) აღიარებული, ვინაიდან სპეციალისტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ტოპოგეგმის თანახმად, მასზე მითითებული სადავო ტერიტორია ტროტუარად არ აღიქმება, რადგან არ არის დატანილი ნახაზზე უწყვეტი ხაზით. აღნიშნული წარმოადგენს გრუნტის გზას, ვინაიდან აღნიშნულია წყვეტილი ხაზით, ხოლო სქელი ხაზი წარმოადგენს ღობეს.
მისივე განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტის გეგმაზე ჩანს, რომ სს ,,...» საზღვარი შემოსაზღვრულია მყარი ღობით, რომლის შიგნითაც მდებარეობს ხეები. საქმეზე წარმოდგენილი სურათების მიხედვით კი მყარი კედელი მდებარეობს ხეების უკან, შესაბამისად 1987 წლის ტოპოგეგმის თანახმად მყარი ღობე, რომელიც დღეის მდგომარეობით ყოფს ს.ს. ,,...» ტერიტორიას სადავო ნაკვეთებისგან, მდებარეობდა ზუსტად იმ ადგილას, რომლითაც, დღეის მდგომარეობით, ქ. ტ-ოვისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთია გამოყოფილი ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილისაგან ბოძებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას წარმოებული ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მითითებული, რომ გასხვისებული ტერიტორია წარმოადგენს ტროტუარს, პირიქით საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ჩათვლით ყველგან აღნიშნული იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო და არა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სს ,,...» სადავოდ არ გაუხდია ზემოთ მითითებული მიწის ნაკვეთის საკონკურსო პაკეტში შეყვანის შესახებ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება, მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებები, მიწის თავდაპირველი რეგისტრაციის ფაქტი, ასევე კონკურსის გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით გამართული ადმინისტრაციული წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის დროსაც განისაზღვრა მიწის ნაკვეთის სტატუსი.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას და მიიჩნია, რომ არასწორია სს ,,...» მოსაზრება, თითქოს სადავო ტერიტორიაზე გადის მოსარჩელის წყალმომარაგების სისტემა, რომელიც, სადავო მიწის ნაკვეთზე მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ხელმისაწვდომი აღარ იყოს. სააპელაციო სასამართლომ ასევე გამორიცხა მოსარჩელის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ სადავო მიწაზე მდებარეობს სააქციო საზოგადოების განათების ბოძები.
საქმეში წარმოდგენილი შპს ,,...» 2007 წლის 28 ივლისის ¹78 წერილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ... ქუჩაზე, სს ,,...» მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ტროტუარის ქვეშ, 63 გრძივი მეტრი სიგრძის მონაკვეთში, რომელიც აღნიშნულია საკადასტრო გეგმაში, მათ დაქვედებარებაში მყოფი მოქმედი წყალსადენის ან/და კანალიზაციის წყალგამტარი კომუნიკაციები არ არის განლაგებული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ,,...» საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რაც შეეხება განათების ბოძებს, პალატის განმარტებითი, აღნიშნული ბოძები მიეკუთვნება არა სს ,,...», არამედ მარნეულის გამგეობას, ვინაიდან ისინი არ არის განთავსებული სს ,,...» ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გასაჩივრებული დადგენილებით მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა და არა საზოგადოებრივი დანიშნულების მიწის გასხვისება.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...».
კასატორი სკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...» საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 24 იანვრის ¹3/5 დადგენილებით, ქ. ტ-ოვმა კონკურსის წესით შეიძინა 280 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, ქ. მარნეულში, ... ქუჩაზე, სს ,,...» მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტის მოწყობის მიზნით.
სს ,,...» არაკანონიერად მიიჩნევს მარნეულის რაიონის გამგეობის ზემოაღნიშნულ დადგენილებას და თვლის, რომ მიწის გასხვისება მოხდა კანონდარღვევით, კერძოდ გასხვისებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს გზის ფეხით სავალ ნაწილს – ტროტუარს, რომლის გასხვისებაც დაუშვებელია – საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ქ. ტ-ოვზე მიწის ნაკვეთის გასხვისება არ მომხდარა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით.
საქართველოს პრეზიდენტის მითითებული ბრძანებულება არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს.
იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურსით გასხვისების ფაქტს, საკასაციო სასამართლო გამორიცხავს მოსარჩელის (კასატორის) მხრიდან წარმოდგენილი სამართლებივი საფუძვლის ანალიზის შესაძლებლობას და საჭიროდ მიიჩნევს, კასატორის მიერ მითითებული მოტივაცია გადამოწმდეს «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» იმ პერიოდისათვის მოქმედ კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგება კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით. მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთების, მოედნების, გასასვლელების, გზების, სანაპიროების და დასასვენებელი ადგილების (პარკები, ტყე-პარკები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები) გასხვისება.
იმავე მუხლის «გ» ქვეპუნტის შესაბამისად, ასევე აკრძალულია იმ მიწის ნაკვეთების გასხვისება, რომელზედაც განლაგებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტები (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა და ელექტროგაყვანილობა).
ზემოაღნიშნული ნორმები ცალსახად მიუთითებენ იმ საკანონმდებლო აკრძალვებზე, რომელიც გამორიცხავს გზების, მათ შორის ტროტუარების პრივატიზაციის შესაძლებლობას.
საგულისხმოა, რომ კასატორი ძირითადად სადავოდ ხდის არა სასამართლოს მხრიდან მატერიალური სამართლის ნორმების გამოყენების მართებულობას, არამედ – სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
კასატორის სს ,,...» წარმომადგენლები მართალია, არასწორად მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და თვლიან, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა გზის სავალ ნაწილს, მაგრამ აღნიშნული პრეტენზიის დასასაბუთებლად არ წარმოადგენენ და ვერ უთითებენ დამატებით მტკიცებულებებზე, რის გამოც, საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივარს ამ ნაწილში მიიჩნევს დაუსაბუთებლად და დადასტურებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გასხვისებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ე.წ. ტროტუარს. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო გამორიცხავს სადავო მიწის ნაკვეთზე სააქციო საზოგადოების კუთვნილი კომუნიკაციების არსებობის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ქ. ტ-ოვზე გასხვისებას არ გამოუწვევია «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონის დარღვევა, რა თვალსაზრისითაც, კასატორის პრეტენზია არ ექვემდებარება გაზიარებას.
საკასაციო სასამართლო ასევე საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს კასატორის მხრიდან წარმოდგენილ არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცნო სარჩელი. გარდა იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სარჩელის ცნობა სავალდებულო არ არის ადმინისტრაციული სასამართლოსათვის, იმავდროულად საგულისხმოა, რომ სარჩელის ცნობის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და ამასთან, საკასაციო სასამართლოში, საქმის განხილვის პროცესში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ სცნეს და მოითხოვეს მისი უარყოფა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მხრიდან გარდა ზემოაღნიშნულისა წარმოდგენილი არ არის სხვა სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვილებასთან დაკავშირებით დამატებით მოსაზრებების წარმოდგენას და თვლის, რომ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,...» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.