Facebook Twitter

ბს-602-576(2კ-08) 11 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორები (მოპასუხეები) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. თ-ი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.12.06წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. თ-მა მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმება, სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდში 22 889 ლარის ხელფასისა და კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 1800 ლარის, სულ – 24689 ლარი და შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის, იძულებით გაცდენის მთელი დროისათვის, საშუალო ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.05წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 04.08.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც “ა. თ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დეპარტამენტის ...... ტოლფას თანამდებობაზე, რისი უზრუნველყოფაც დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; ა. თ-ს აუნაზღაურდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებით გამოწვეული იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე მთელი პერიოდისათვის” და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა; ა. თ-ს აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე; ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 30.05.06წ. შევიდა. კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა და მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ და შრომის წიგნაკი ა. თ-ს არ ჩაჰბარებია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის თანახმად: სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით, მოხელის შრომის წიგნაკში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლების თარიღის აღნიშვნით. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონზე დაყრდნობით ფორმულირება (მუხლის და შესაბამისი პუნქტის მითითებით) მოხელის შრომის წიგნაკში შეიტანება მხოლოდ მისივე მოთხოვნის საფუძველზე. მოპასუხეებმა არ შეასრულეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.06.04წ. ¹396-კს ბრძანების ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად ცნობის ვალდებულება, ამის გამო არ შესრულდა მოსარჩელის მიმართ ანგარიშსწორებისა და შრომის წიგნაკის ჩაბარების ვალდებულებები, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი წესით არც სამუშაოდან გაათავისუფლა, არც დაწესებულებისაგან კუთვნილი მთელი თანხის ოდენობა დაუდგინა, რომელიც დათხოვნისას ეკუთვნოდა, არ მისცა შრომის წიგნაკი და ადმინისტრაციის ბრალით მოხდა ამ ვალდებულებების შესრულების დაყოვნება.

მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა ბოლო სასარჩელო მოთხოვნა და 2006 წლის 4 ივლისიდან მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 31.3 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ა. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდის განმავლობაში 2004 წლის 7 ივნისიდან 2005 წლის 5 იანვრის ჩათვლით 956,90 ლარის ანაზღაურება, 2005 წლის 5 იანვრიდან 2005 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით _ 10650 ლარის ანაზღაურება, 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 30 მაისის ჩათვლით _ 5000 ლარის ანაზღაურება. ა. თ-ს სამსახურიდან გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს 1800 ლარის ანაზღაურების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნაზე ეთქვა უარი. მოსარჩელეს უარი ეთქვა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07%-ის გადახდაზე. ა. თ-ს თანამდებობრივ სარგოზე კვების კომპენსაციის, წელთა ნამსახურობის, პრემიისა და სხვა დანამატების გაცემაზე ეთქვა უარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელე ა. თ-თვის შრომის წიგნაკის დაუყოვნებლივ გაცემა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მითითებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრდა აგრეთვე ა. თ-ის მიერ, რომელმაც გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. განჩინებით სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდში ხელფასის ანაზღაურების შესახებ ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე წარმოება შეწყდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ა. თ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალათ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ა. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმება _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. თ-ი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში ...... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.06.04წ. ¹396-კს ბრძანებით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.12.04წ. გადაწყვეტილებით მითითებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 20.04.05წ. შევიდა, ხოლო მისი აღსრულების მიზნით 18.11.05წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.05წ. გადაწყვეტილებით აპელანტების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 04.08.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. თ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დეპარტამენტის ..... ტოლფას თანამდებობაზე, რისი უზრუნველყოფაც დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ა. თ-ს აუნაზღაურდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებით გამოწვეული იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე მთელი პერიოდისათვის და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და ა. თ-ს აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლადე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 30.05.06წ. და შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და დაწყებულია მისი იძულებითი აღსრულება. მიიჩნია რა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი აჭიანურებდნენ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას და სამსახურიდან მისი გათავისუფლების კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეტანილი სარჩელით ა. თ-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან მოითხოვა – კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმება, სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდში ხელფასის – 22 889 ლარისა და კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 1800 ლარის, სულ – 24689 ლარის და 2006 წლის 4 ივლისიდან მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 31.3 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. თ-ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, რადგან მუშაობდა ამ სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საბაჟო დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ..... თანამდებობაზე. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.06.04წ. ¹396-კს ბრძანების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ა. თ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ იგი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ამავე კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით ა. თ-მა ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 01.12.06წ., მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამავე მოთხოვნით მან სასამართლოს სარჩელით იმავე წლის 26 დეკემბერს მიმართა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის აღნიშნული მოთხოვნის დასაშვებობის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ზემოხსენებული მუხლების შესაბამისად, საფუძვლიანი იყო ა. თ-ის მოთხოვნა, რადგან მოპასუხეების უარი ა. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, ეწინააღმდეგებოდა კანონს და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულების საფუძველს ქმნიდა. სარჩელის მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს _ 1800 ლარის ანაზღაურების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. მითითებული ნორმით გათვალისწინებული გამოსასვლელი დახმარების გასაცემად აუცილებელი იყო, რომ მოხელე გათავისუფლებული ყოფილიყო სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდებოდა ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. მოცემულ შემთხვევაში ბრძანება, რომლითაც ა. თ-ი სამსახურიდან იყო გათავისუფლებული, ბათილად იყო ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით. ახალი ბრძანება ა. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ იყო გამოცემული. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა 2006 წლის 4 ივლისიდან მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 31.3 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის შესახებ და აღინიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხებოდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც არ შეიძლებოდა მოქმედი შრომის კოდექსის ნორმების გავრცელება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო, რომლის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო აღმასრულებლის ვალდებულებას წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა დროული და ეფექტური აღსრულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ ბუნდოვანია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის შრომის წიგნაკის გადაცემა გათავისუფლების ბრძანების მითითებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს აცხადებს აღდგენაზე. ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება მოყვეს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას, არის სამსახურში აღდგენა, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პირი არ ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ გათავისუფლებულ პირსა და სამსახურს შორის შრომითი ურთიერთობა არ აღდგება. თუ პირი ითხოვს მხოლოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას და არ ითხოვს სამსახურში აღდგენას ან უარს აცხადებს აღდგენაზე, იგი, მიუხედავად იმისა, რომ განთავისუფლების ბრძანება გაბათილდა, არ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურთან შრომით ურთიერთობაში მყოფად. ა. თ-ს 29.12.05წ. სასამართლო სხდომაზე სამინისტროს მიერ შეთავაზებული იქნა შესაბამისი თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა. ა. თ-ს სასამართლოს 29.12.05წ. გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.05.06წ. განჩინებით. მითითებული განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ დავალებია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა, რაც, კასატორების აზრით, გულისხმობს, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში აღარ იმყოფება სამსახურთან. ა. თ-ის შრომის წიგნაკში მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.05წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ-ს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ა. თ-ს შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა. კასატორის აზრით, სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, ხელახალა გამოსცეს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.11.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.05წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 04.08.04წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც “ა. თ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დეპარტამენტის ....... ტოლფას თანამდებობაზე, რისი უზრუნველყოფაც დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ა. თ-ს აუნაზღაურდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებით გამოწვეული იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე მთელი პერიოდისათვის” და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და ა. თ-ს აუნაზღაურდა ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე. ა. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ..... თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უკეთუ პირი არ ექვემდებარება სამსახურში აღდგენას, გათავისუფლებულ პირსა და სამსახურს შორის შრომითი ურთიერთობა არ აღდგება. ამასთანავე, საფუძველს მოკლებულია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს არ ევალება ა. თ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა. თ-ის მიერ დაკავებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ..... თანამდებობა გაუქმდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს თანამდებობაზე აღდგენაზე უარი ეთქვა ასეთი თანამდებობის არარსებობის გამო, ამასთანავე, აღნიშნულით არ გადაწყვეტილა ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს ადმინისტრაციას, გამოსცეს პირის გათავისუფლების შესახებ აქტი. რაც შეეხება ა. თ-ის შრომის წიგნაკში გათავისუფლების საფუძვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.05წ. გადაწყვეტილების მითითებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ა. თ-ი არ გათავისუფლებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ..... თანამდებობიდან, არამედ მას უარი ეთქვა აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენაზე, თანამდებობის არარსებობის გამო. კასატორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.05წ. გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.05.06წ. განჩინებით ადმინისტრაციას არ დავალებია ა. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოები იხილავდნენ ა. თ-ის სარჩელს, მოსარჩელე ითხოვდა სამსახურში აღდგენას და არა გათავისუფლებას, ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილებით ა. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების აქტის გამოცემის არ დაკისრება არ ადასტურებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის X თავით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებისაგან ადმინისტრაციის გათავისუფლებას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლი იმპერატიულად უთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. მოხელის შრომის წიგნაკში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გათავისუფლების თარიღის აღნიშვნით. ამდენად, კანონი არ ითვალისწინებს შრომის წიგნაკში პირის გათავისუფლების საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილების მითითების შესაძლებლობას. ა. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 07.06.04წ. ¹396 ბრძანების ბათილად ცნობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.05წ. გადაწყვეტილებით ა. თ-თვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ფაქტები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ აღნიშნული, თავის მხრივ, წარმოშობს ა. თ-თვის შრომის წიგნაკის გაცემის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ა. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება განეკუთვნება ადმინისტრაციის უფლებამოსილებათა რიგს და არ წარმოადგენს სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობის სფეროს (სასკ-ის 2.4 მუხ.), თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად დაევალათ ა. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების გაფორმება _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.