ბს-605-574(კ-09) 23 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი _ მ. ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 4 სექტემბერს მ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5357-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5357-პ ბრძანებით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” და ,,ნ” ქვეპუნქტების, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის და გორის რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) რეორგანიზაციის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანების მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” და ,,ზ” ქვეპუნქტების თანახმად, იგი გათავისუფლებულ იქნა თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს სამართალდარღვევათა გამოვლენის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის 2008 წლის 31 ივლისის ¹16-17-07/3927 წარდგინება.
მოსარჩელის მოსაზრებით, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ასევე დაუსაბუთებელია რეორგანიზაციის დროს ჰქონდა თუ არა ადგილი შტატების შემცირებას და თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, ვის მიენიჭა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება, რით იხელმძღვანელა ადმინისტრაციამ და იმსჯელა თუ არა მისი პიროვნების შესახებ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში განმარტავდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო ამავე კოდექსის 601-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მ. კ-ძე სარჩელში მიუთითებდა, რომ სადაო ბრძანების გამოცემისას დარღვეულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის მოთხოვნები: დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, სადაო აქტი არ არის დასაბუთებული და მისი გამოცემისას არ არის გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, კერძოდ, არ არის დასაბუთებული სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზები, დაუსაბუთებელია, რომ შემცირდა მისი შტატები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5357-პ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5357-პ ბრძანება და დაევალა მოპასუხე მხარეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლიდან ერთი თვის ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მუშაობდა რა თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს სამართალდარღვევათა გამოვლენის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ამ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მოხელეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამასთან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლო განმარტავდა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. კანონის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ თანამდებობის პირმა ან ორგანომ, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე მიიღოს მოხელე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის ¹170 ბრძანებით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება”, რომლის მე-5 მუხლის თანახმად, სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, რომელთა დანიშვნისა და გათავისუფლების კომპეტენცია არ გააჩნია საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების საფუძველზე; ასევე კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავდა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების წინაპირობაა, პირველ რიგში, ამ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო იყოს უფლებამოსილი, კონკრეტული ინდივიდუალურ სამართლებრივი ურთიერთობა მოაწესრიგოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონიერების განსაზღვრის კრიტერიუმებია: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ფორმალური კანონიერება და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოსცეს უფლებამოსილმა ორგანომ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოება ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულებისკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების სახეებს და ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონიერების საფუძვლებია: ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა, კანონით გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა, დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, აცილების უფლება, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას _ ყოველი წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს მის დასაბუთებას. მასში უნდა იყოს მოცემული ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზე გამოიცა ეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდაა ქცეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5357-პ ბრძანება. მოპასუხე მხარის მიერ მიღებული აქტი განეკუთვნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთა კატეგორიას, ამდენად ადმინისტრაციულ ორგანოს მისი გამოცემისას უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, ანუ აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. კანონის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ თანამდებობის პირმა ან ორგანომ, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე მიიღოს მოხელე. სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით _ ბრძანებით, ამდენად, ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი ხასიათის და იგი კონკრეტულად მ. კ-ძესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება.
სასამართლო აღნიშნავდა, რომ სადავო ბრძანება ზოგადია და არ არის გამოკვლეული და კონკრეტულად მითითებული, მოსარჩელის მიერ დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი განსახილველ შემთხვევაში და უფლებამოსილი ორგანოს მიერ არის თუ არა გამოკვლეული, რა საფუძველი არსებობდა მოსარჩელის შვებულებიდან გამოძახების.
სასამართლო განმარტავდა, ვინაიდან ბრძანების სამართლებრივი შედეგია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მღებული გადაწყვეტილება, დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით არძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით.
სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.
პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.
სასამართლო მიუთითებდა, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის განსაზღვრავს, რომ მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ასევე დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები, ასევე დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
საქალაქო სასამართლო აღნიშნავდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. ამავე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სასამართლოს მოსთხოვოს ბრძანების, განკარგულების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავდა, რომ სადაო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულვებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება სასამართლოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5357-პ ბრძანება და დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. კ-ძესთან მიმართებაში. ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ უნდა გაირკვეს, რა საშტატო ერთეულებია გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) და ხომ არ არის მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური თანამდებობა ახალი განრიგით, ან ხომ არ არის სხვა შესატყვისი სამსახური, რაზეც თანახმა იქნება მოსარჩელე.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ნაწილში, სასამართლო მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მ. კ-ძეს უნდა აუნაზღაურდეს დათხოვნიდან ანუ 2008 წლის 1 აგვისტოდან ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, ვინაიდან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, ხოლო სადაო ბრძანება დათხოვნის ნაწილში ბათილია და ხელფასის გაუცემლობის საფუძველი არ არსებობს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37.1-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის გასამრჯელო.
საქალაქო სასამართლო განმარტავდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, სასამართლოს მოსაზრებით, უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და დადასტურებული მტკიცებულება სახელფასო დავალიანებისა და მისი ოდენობის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ მიუთითა სადაო ბრძანების გამოცემისას კონკრეტულად რომელი პრინციპი იქნა დარღვეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებული პირის განცხადება, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მ. კ-ძეს ასეთი განცხადებით ადმინისტრაციისათვის არ მიუმართავს და არც სასარჩელო განცხადებაშია ამის შესახებ მითითებული. აპელანტის მოსაზრებით, სადაო ბრძანებაში კონკრეტულად არის მითითებული მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები.
აპელანტი ასევე არ ეთანხმებოდა სასამართლოს მსჯელობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეუსწავლებლობის ნაწილში, ვინაიდან მისი მითითებით, აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა მთელი რიგი მტკიცებულებებისა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე უნდა იქნეს განსაზღვრული პირის სამსახურში დარჩელის უპირატესი უფლება.
აპელანტი არ ეთანხმებოდა სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, სადაც აღნიშნულია, რომ სადაო ბრძანება გამოცემულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და შრომის კანონთა კოდექსით მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებზე ვრცელდება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურში მოხელეთა სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესსა და პირობებს და მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გავრცელება არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებათა მოქმედების სფეროს.
აპელანტი დამატებით აღნიშნავდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ახალი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის წესები. სასამართლო გადაწყვეტილებაში კი მითითებული არ არის, თუ რაში გამოიხატა სადაო ბრძანების გამოცემისა და მომზადების წესების დარღვევა.
სააპელაციო პალატა განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავდა, რომ მ. კ-ძე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს და აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით 1 თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება და მოქმედება და ასევე მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების და გადაწყვეტილების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება.
სააპელაციო პალატა მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის წლის 1 აგვისტოს ბრძანება განეკუთვნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გააზრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთა კატეგორიას, ამდენად ადმინისტრაციულ ორგანოს მისი გამოცემისას უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, ანუ აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ უნდა შემოწმებულიყო სადაო აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით _ ბრძანებით, ამდენად, ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი ხასიათის და იგი კონკრეტულად მ. კ-ძესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის საჯარო ურთიერთობის შეწყვეტას ეხება. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადაო ბრძანება ზოგადია და არ არის გამოკვლეული და კონკრეტულად მითითებული კოშაძის მიერ დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი განსახილველ შემთხვევაში და უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სწორად აღნიშნავდა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროს შესწავლილი უნდა იყოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის განსაზღვრავს, რომ მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ასევე დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები, ასევე დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
სააპელაციო პალატა ასევე მიუითებდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 2008 წლის 1 აგვისტოს დამტკიცებული თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საშტატო ნუსხის თანახმად, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს სამართალდარღვევათა გამოვლენის განყოფილებაში ინსპექტორის თანამდებობა დარჩა 27 ერთეული, ნაცვლად რეორგანიზაციამდე არსებული 56 ერთეულისა. საქმეში წარმოდგენილი თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის (ს.ფ. 63-65) თანახმად ირკვევა, რომ რეორგანიზაციის შემდგომ სამართალდარღვევათა გამოვლენის განყოფილებაში შემცირების შემდეგ დანიშნულია ის პირები (ახალი თანამშრომლები), რომლებიც მანამდე აღნიშნულ განყოფილებაში არ მუშაობდნენ. შესაბამისად, სახეზეა შემთხვევა, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებული პირის ნაცვლად აყვანილი იქნა ახალი თანამშრომელი, რაც სააპელაციო პალატის აზრით, უკანონოა და კანონსაწინააღმდეგო.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადაო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონისა და ,,შრომის კანონთა კოდექსით” მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისას დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება სასამართოს კომპეტენციას და იგი ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებას განეკუთვნება, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და სადაო საკითხის _ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹5457-პ ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ძესთან მიმართებაში.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და უცვლელად დატოვა.
მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის და გორის რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹533 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებში განხორციელდა რეორგანიზაცია და შეიქმნა გორის საგადასახადო ინსპექცია და თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) გორის რეგიონალური ცენტრის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის” შეერთებით. აღნიშნული ბრძანებითვე გათვალისწინებულ იქნა იმ თანამშრომელთა საკითხიც, რომლებიც ვერ დაინიშნებოდნენ რეორგანიზებულ ცენტრებში.
კასატორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ 2008 წლის 1 აგვისტოს ¹1826 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საშტატო განრიგი 561 საშტატო ერთეულით. იმის გავითვალისწინებთ, რომ რეორგანიზაციამდე თბილისის საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა შტატით გათვალისწინებული 637 თანამშრომელი, ამასთანავე რეორგანიზაციის შედეგად შეუერთდა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის” თანამშრომლები, სახეზეა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რასაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაც ითვალისწინებდა.
კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანება უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელე იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირებით, კერძოდ გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს სამართალდარღვევათა გამოვლენის ინსპექტორის თანამდებობა რეორგანიზაციამდე იყო 37 ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ კი დარჩა ინსპექტორის 27 საშტატო ერთეული. ამასთან, არც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს უპირატესი უფლების მინიჭებას შტატების შემცირების დროს რომელიმე მოხელის მიმართ. სამუშაოზე დანიშვნის უფლება ხელმძღვანელის დისკრეციული უფლებამოსილებაა და მისი ბრძანებით ინიშნება მოხელე ამა თუ იმ თანამდებობაზე.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადაო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევის გარეშე, ამავე დროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებზე ვრცელდება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურში მოხელეთა სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესსა და პირობებს და მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გავრცელება არ შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებათა მოქმედების სფეროს.
კასატორი მიუთითებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კასატორი აღნიშნავდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, თუ რაში გამოიხატა სადაო ბრძანების მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა. შესაბამისად სადაო ბრძანებების გამოცემისას არ დარღვეულა კანონმდებლობით დადგენილი წესები.
კასატორი ასევე სადავოდ ხდიდა სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღების ფაქტს და თვლიდა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივი გარებოებების არასწორი შეფასების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხართა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: პროცესუალური მოწინააღმდეგე მ. კ-ძე მუშაობდა თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს სამართალდარღვევათა გამოვლენის ინსპექტორის თანამდებობაზე.
«საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისისა და გორის რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) რეორგანიზაციის შესახებ საქართევლოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ¹539 ბრძანებით აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებში განხორციელდა რეორგანიზაცია. კერძოდ, მითითებული ბრძანებით დადგინდა შემოსავლების სამსახურის გორის რეიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) რეორგანიზაცია (შტატების შემცირებით) შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციად; შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საბაჟო გამშვები პუნქტის «ყაზბეგის» შეერთებით.
იმავე ბრძანების მე-4 პუნქტით განისაზღვრა იმ თანამშრომელთა საკითხი, რომლებიც ვერ დაინიშნებოდნენ რეორგანიზებულ ცენტრში.
საქართევლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2008 წლის 01 აგვისტოს ¹1826 ბრძანებით დამტკიცდა თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საშტატო განრიგი 561 საშტატო ერთეულით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 01 აგვისტოს ¹5357-პ ბრძანებით, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს სამართალდარღვევათა გამოვლენის განყოფილების ინსპექტორი – მ. კ-ძე – გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2008 წლის 1 აგვისტოდან.
მ. კ-ძის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის ზემოაღნიშნული ¹529 ბრძანება. «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისისა და გორის რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) რეორგანიზაციის თაობაზე».
დადგენილია, რომ გადასახადების ადმინსტრირების სამმართველოს სამართალდარღვევათა გამოვლენის განყოფილებაში, სადაც მ. კ-ძე მუშაობდა, რეორგანიზაციამდე იყო ინსპექტორის 37 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ განისაზღვრა 27 საშტატო ერთეულით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, სამსახურის რეორგანიზაციისა და საშტატო ერთეულების შემცირების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს კასატორის მოტივაცია გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობის თაობაზე და თვლის, რომ განჩინებაში წარმოდგენილი მოტივაცია არ იძლევა განჩინების კანონიერების შემოწმების საკმარის საფუძველს.
«საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1 ნაწილის «ნ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია.
იმავე შინაარსის დებულებას შეიცავს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის 97-ე მუხლის 1 ნაწილი მიუთითებს, დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შემთხვევაში, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მოტივირების შესაძლბლობას, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა საკუთარი დისკრეციის ფარგლებში. საკასაციო სასამართლო ცალსახად განსაზღვრავს, რომ დისკრეციის უფლების გამოყენება უნდა მოხდეს კანონიერების ფარგლებში. კანონიერების დადგენის მიზნით კი საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განისაზღვროს არსებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის თუ არა პირის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს და სამსახურიდან გათავისუფლება არსებულ ვითარებაში იყო თუ არა მისაღები, აუცილებელი და პროპორციული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ ვითარებაში, თუ სამართალდარღვევათა განყოფილებაში სადაც მ. კ-ძე მუშაობდა, შტატების შემცირების მიუხედავად ადგილი ჰქონდა მე-3 პირების მიყვანის ფაქტს, სახეზეა კანონის წინაშე პირთა თანასწორობის ფუძემდებლური პრინციპის დარღვევა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ხდის კანონშესაბამისად. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგენს დასაშვებ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 497-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას, უდავოდ მიიჩნიოს ფაქტი იმის თაობაზე, რომ განყოფილებაში ადგილი ჰქონდა გარეშე პირთა მიყვანასა და თანამდებობაზე დანიშვნას.
კასატორი სადავოდ ხდის რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ იმ საშტატო ნუსხის ამონაკრებს, რომელიც მოსარჩელის მიერ იქნა წარდგენილი და არ გამოიკვლია მთლიანი სახელობითი საშტატო ნუსხა, საიდანაც ნათელი გახდებოდა, რომ არც ერთი ახალი თანამშრომელი სამსახურში არ დანიშნულა.
იმის გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაასაბუთოს, კონკრეტულად რა გარემოებები გამორიცხავს წინამდებარე საქმესთან მიმართებაში «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 97-ე მუხლისა და «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1 ნაწილის «ნ» ქვეპუნქტის გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სსსკ-ის 105-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის საფუძველზე სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნეობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასულყოფილად, რაც იძლევა გასაჩივრებული განჩინების, როგორც მითითებული ნორმის დარღვევით მიღებული განჩინების, გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.