ბს-607-575(კ-09) 10 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. ქ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 18 ივნისს ე. ქ-იამ სარჩელით მიმართა წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა წალენჯიხის რაიონში, სოფ. ... თემში მდებარე 345,2 კვ.მ და 1145,54 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 2 ნაკვეთზე ე. ქ-იას საკუთრების უფლების აღიარება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 12 ივნისს გამოცემული აქტის ბათილად ცნობა.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ს. მ-აია.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ქ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით ე. ქ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ქ-იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ე. ქ-იას საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებით ე. ქ-იას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორ - ე. ქ-იას გაეგზავნა 2009 წლის 15 მაისს და ჩაჰბარდა კასატორის მამიდაშვილის მეუღლეს – ზ. მ-ავას 2009 წლის 31 მაისს (რაც დადასტურებულია შპს ,,...” ექსპლუატაციის დირექტორის მიერ 2009 წლის 14 ივლისს გაცემული ¹16-30-112/1 ცნობით (ს.ფ. 279) და მოსამართლის თანაშემწის მ. გ-შვილის მიერ 2009 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი აქტით (ს.ფ. 281), რომლითაც კასატორის მეუღლემ – ი. გ-იანმა დაადასტურა, რომ მან და კასატორმა - ე. ქ-იამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინება ჩაიბარეს 2009 წლის 31 მაისს, ხოლო ხარვეზის შევსება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე. ქ-იამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის ხარვეზის განჩინება ჩაბარდა 2009 წლის 5 მაისს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2009 წლის 8 მაისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ქ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ქ-იას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.