ბს-615-583(კ-09) 30 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (დამოუკიდებელი სარჩელით მოსარჩელე) _ ა. ი-იშის მეურვე _ დ. ი-იში
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ზ. რ-ბა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ ქ. ბათუმის მერია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელემ _ ზ. რ-ბამ, რომელმაც მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე უძრავი ქონების, საერთო ფართით 361.10 კვ.მ. ჯ. რ-ოღლიზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩართულ იქნა ქ. ბათუმის მერია. ამავე სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩართულ იქნა დ. ი-იში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 მაისს დამოუკიდებელი სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ი-იშის მეურვემ _ დ. ი-იშმა, რომელმაც მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე უძრავი ქონების, საერთო ფართით 361.10 კვ.მ.-ის ნ. ი-ოღლიზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით ა. ი-იშის მეურვის _ დ. ი-იშის სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. რ-ბას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ი-იშის მეურვემ _ დ. ი-იშმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სარჩელის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გააჩივრა ასევე ზ. რ-ბამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით ზ. რ-ბასა და ა. ი-იშის მეურვის _ დ. ი-იშის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვსტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. რ-ბასა და ა. ი-იშის მეურვის _ დ. ი-იშის სარჩელები დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება ქ. ბათუმში ... ქ. ¹168-ში მდებარე უძრავი ქონების, 361,1 კვ.მ. მიწის ფართობზე ზ. რ-ბას საკუთრების უფლების დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ. ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე უძრავი ქონების, 361,1 კვ.მ. მიწის ფართობზე ა. ი-იშის საკუთრების უფლების დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე უძრავი ქონების, 361,1 კვ.მ. მიწის ფართობზე ა. ი-იშისა და ზ. რ-ბას თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხარეთა განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების, სპეციალისტის განმარტებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს მცირე პრეზიდიუმის 1933 წლის 8 აგვისტოს ¹15 ოქმის საფუძველზე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საბჭოთა მეურნეობიდან გადაყვანილი და დასახლებულ იქნა მოსარჩელის _ ზ. რ-ბას ძმა _ ჯ. რ-ოღლი. სადავო სახლთმფლობელობის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით სადავო ქონებას წარმოადგენდა 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 99 კვ.მ. ფართის ორ შენობას, რაზეც 1940 წლიდან თავდაპირველი ინვენტარიზაციით აღრიცხული იყო ჯ. რ-ოღლიზე (შემდგომში ჯ. რ-ბაზე). ტექაღრიცხვის ბარათის გახსნისას ქონების მესაკუთრედ ნ. ი-ოღლი არ იყო მითითებული, თუმცა საინვენტარიზაციო წიგნში, ქონების შეფასების აქტის შედგენისას 1960 წელს იგი ფიგურირებს აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ პირთა სიაში. ნ. ი-ოღლის მემკვიდრე _ ა. ი-იში დღემდე განაგრძობს ამავე მისამართზე ცხოვრებას. ტექბიუროს 1970-1984 წლებში შესრულებული ჩანაწერებიდან ... ქ. ¹168-ში უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებულია ნ. ი-ოღლი, იგი ასევე დაფიქსირებული 1984 წელს გახსნილ ტექაღრიცხვის პირველად ბარათში და შესაბამისად, მასზე აღირიცხა უძრავი ქონება. ამ წლებიდან ტექაღრიცხვის მასალებში ... ქ. ¹168-ში აღრიცხულია ერთი ერთსართულიანი სახლი. ტექბიუროს ბოლო მონაცემებით, 2001 წლისათვის ... ქ. ¹168-ში ქონების მესაკუთრეები არიან ნ. ი-ოღლი და ჯ. რ-ოღლი, სახლთმფლობელობა შეადგენს 44 კვ.მ.-ს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1970-1984 წლებში მიწის ნაკვეთის თავდაპირველი ფართობი, რაზეც ჯ. რ-ოღლისა და ნ. ი-ოღლის სახლთმფლობელობა მდებარეობდა, შეადგენდა 700 კვ.მ-ს, რაც შემცირდა 361,1 კვ.მ-მდე, თუმცა ამ ცვლილების მიზეზი და საფუძველი ბარათში მითითებული არ არის. ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის აღმასრულებელი კომიტეტის 1961 წლის 27 დეკემბრის ¹749 და ¹757 გადაწყვეტილებებით ... ქ. ¹168-ში მდებარე ჯ. რ-ოღლისა და ნ. ი-ოღლის საკარმიდამო ნაკვეთი ქუჩის გაყვანის გამო მოჰყვა ათვისებაში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. რ-ოღლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ზ. რ-ბას ქ. ბათუმში ... ¹14-ში გამოეყო სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა, თუმცა იგი ადგილობრივი მთავრობისაგან მოითხოვდა არა საცხოვრებელ ბინას, არამედ ჩამოჭრილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ქალაქის ტერიტორიაზე სხვა მიწის ნაკვეთის გამოყოფას, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. ზ. რ-ბას ოჯახს ... ქ. ¹168-ში მდებარე უძრავ ქონებასთან კავშირი არ გაუწყვეტია, რაც გამოიხატებოდა ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების პერიოდისათვის (1997 წლის 25 ნოემბერს) ზ. რ-ბა და ა. ი-იში სარგებლობდა ... ქ. ¹168-ში მდებარე მიწის ნაკვეთით. «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის 33-ე მუხლის (2007 წლი 13 თებერვალს მოქმედი რედაქციით) თანახმად, ტექინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში დაფიქსირებული უფლებები საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის საფუძვლად მიიჩნეოდა. ამავე კანონის მე-2 მუხლის «კ» ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და სხვა უფლებების წარმოშობის, მათში ცვლილების შეტანისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში საკუთების უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზე ჯ. რ-ოღლიმ და შემდეგ უკვე იმავე ნაკვეთში დასახლებული ა. ი-იშის ოჯახმა აიშენეს საცხოვრებელი სახლები და სარგებლობდნენ საეზოვე მიწის ნაკვეთით, რაც აისახა ტექბიუროს სარეგისტრაციო მასალებში.
საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1514-ე და 1515-ე მუხლების, ასევე 312-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა არასწორად უთხრა უარი ზ. რ-ბასა და ა. ი-იშს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, რითაც სახეზე იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველი. ამასთან, მოპასუხეს _ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დავალებოდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე 361,2 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ზ. რ-ბასა და ა. ი-იშის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ამავე გადაწყვეტილებაზე ა. ი-იშის მეურვის _ დ. ი-იშის მიერ წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ზ. რ-ბას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული იყო უზუსტობა, კერძოდ, ზ. რ-ბას ძმად მოხსენიებული ჯ. რ-ოღლი სინამდვილეში იყო ზ. რ-ბას მეუღლე, ხოლო მისი ძმა არის ნ. ი-ოღლი.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ. რ-ოღლისა და ნ. ი-ოღლის საკუთრების უფლება ... ქ. ¹168-ში მდებარე მიწის ფართობზე ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით დადგენილია და ამ უფლების შეწყვეტის, მიტოვების, გასხვისების თაობაზე არანაირი სამართლებრივი დოკუმენტები არ არსებობს. სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ი-იშის მეურვემ _ დ. ი-იშმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ, ზ. რ-ბას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გაუქმება და ა. ი-იშის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 70-იანი წლების შემდეგ, ანუ მიწის ნაკვეთის ჩამოჭრისა და ზ. რ-ბას ბინით დაკმაყოფილების შემდეგ, მის ოჯახს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში არ უცხოვრია. ზ. რ-ბას სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის სარგებლობაში არ გააჩნდა მიწის ნაკვეთი ან საბოსტნე ადგილი. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაკი ა. ი-იში ხელს არ უშლის ზ. რ-ბას ოჯახს ისარგებლოს მიწის ნაკვეთით, ამიტომ მათ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი და მხარეებს შორის ურთიერთობა არ არის შეწყვეტილი. მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტიური მდგომარეობა ასახულია ტექბიუროს მონაცემებში, სადაც მიწერილია, რომ რ-ოღლის ოჯახი დაკმაყოფილდა და გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად. კასატორი სამოქალაქო კოდექსის 1513-ე, 1514-ე და 1515-ე მუხლებზე მითითებით თვლის, რომ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის სადავო უძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა ა. ი-იში, რის გამოც სადავო ქონება მის საკუთრებად უნდა იქნეს აღრიცხული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ივლისის განჩინებით ა. ი-იშის მეურვის _ დ. ი-იშის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენით გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მიაჩნია, რომ ა. ი-იშის მეურვის _ დ. ი-იშის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალტა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქ. ბათუმში ... ქ. ¹168-ში მდებარე უძრავი ქონების, 361,1 კვ.მ. მიწის ფართობზე ა. ი-იშის საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების მიხედვით, განჩინების გასაჩივრებული ნაწილის მიმართ დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს მცირე პრეზიდიუმის 1933 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით (¹15 ოქმი) ჯ. რ-ოღლი ჩასახლებულ იქნა მოქ. გ-ძისათვის ... ქუჩაზე ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთში (ტ, I, ს.ფ. 8). ქ. ბათუმში, ... ქ. 168-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ¹1896 ინვენტარიზაციის წიგნის მიხედვით გახსნილი ტექნიკური აღრიცხვის ბარათით იმყოფებოდა ჯ. რ-ოღლის მფლობელობაში საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე. საცხოვრებელი სახლი განლაგებული იყო 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ტ. I, ს.ფ. 62-63). როგორც სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით დაკითხული ს. ნ-ძის განმარტებით, ასევე მიწის ნაკვეთის გეგმით დგინდება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 1940 წელს განხორციელებული თავდაპირველი ინვენტარიზაციის მიხედვით განლაგებული იყო ერთსართულიანი (ლიტ ა) და ორსართულიანი (ლიტ ა1) საცხოვრებელი სახლები (ტ. I, ს.ფ. 63, ტ. II, ს.ფ. 76). შემდეგ წლებში ტექნიკური აღრიცხვის ბარათში განხორციელებული მიმდინარე ინვენტარიზაციის ჩანაწერებით დგინდება, რომ მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ მითითებულია ასევე ნ. ი-ოღლი. ჯ. რ-ოღლის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის აღმასრულებელი კომიტეტის 1962 წლის 27 დეკემბრის ¹749 და ¹757 გადაწყვეტილებებით ... ქ. ¹168-ში მდებარე ჯ. რ-ოღლის საკარმიდამო ნაკვეთი ქუჩის გაყვანასთან დაკავშირებით მოჰყვა ათვისებაში. ჯ. რ-ოღლის მეუღლე _ ზ. რ-ბა ერთ შვილთან ერთად შესახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ¹14-ში სამოთახიან საცხოვრებელ ბინაში (ტ. I, ს.ფ. 10-12). ტექნიკური აღრიცხვის ბარათში 1966-1980 წლების მონაცემებით არსებული ინვენტარიზაციის თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 361,10 კვ.მ-ს (ტ. I, ს.ფ. 65). მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 1962 წლიდან, ქვის სახლის აღების შემდეგ ნ. ი-ოღლის ოჯახი საცხოვრებლად დარჩა ერთსართულიან ხის სახლში, აღნიშნული ასევე დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ. კ-ძემ (ზ. რ-ბას შვილმა) (ტ. II, ს.ფ. 78). მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დღემდე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე სახლში ცხოვრობს ნ. ი-ოღლის ოჯახი.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნია, რომ ტექაღრიცხვის ბარათებისა და საცხოვრებელი სახლის გეგმა-ნახაზების შესაბამისად, ჯ. რ-ოღლისა და ნ. ი-შის სახელზე ირიცხებოდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე სახლთმფლობელობა, ხოლო მიწის ფართობი 361,1 კვ.მ.-ს შეადგენდა. ამასთან, ჯ. რ-ოღლისათვის მიწის ნაკვეთის ჩამოჭრისა და სანაცვლო ბინის გამოყოფის საფუძვლით სადავო ქონებაზე სარგებლობისა და საკუთრების უფლების დაკარგვის შესახებ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (ქ. ბათუმის საბჭოს აღმასკომის) მიერ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება და არ არსებობდა საკუთრების ან სხვა უფლების მიტოვების ნიშნები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ ტექნიკური აღრიცხვის ბარათსა და გეგმა-ნახაზებზე, რომლებშიც 1966-2001 წლებში განხორციელებული მიმდინარე ინვენტარიზაციით სახლთმფლობელობის მესაკუთრედ ფიქსირდებოდა როგორც ჯ. რ-ოღლი, ასევე ნ. ი-ოღლი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე. (ტ. I, ს.ფ. 150). ტექაღრიცხვის სამსახური დროის ამ კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებდა უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობას და ადგენდა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენდა, მაგრამ ეფუძნებოდა ან ასახავდა ადმინისტრაციულ აქტს ან კერძო სამართლებრივ გარიგებას. შესაბამისად, ტექაღრიცხვის სამსახურის საინვენტარიზაციო გეგმას, ნახაზს, ან ტექპასპორტს არ შეუძლია სამართლებრივი შედეგები წარმოშვას. ის გარემოება, რომ 1933 წელს მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგომი ორი სახლთმფლობელობის ჯ. რ-ოღლისათვის გამოყოფა მოხდა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ასევე საქმეში არსებული ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის აღმასრულებელი კომიტეტის 1962 წლის 27 დეკემბრის ¹749 და ¹757 გადაწყვეტილებების, ბათუმის სახალხო სასამართლოს 1965 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით (ტ. I, ს.ფ. 149) დგინდება, რომ ზ. რ-ბა, მიწის ნაკვეთის ჩამოჭრისა და სახლთმფლობელობის აღების შემდეგ შესახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ¹14-ში სამოთახიან საცხოვრებელი ბინაში. მხარეთა განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის ჩანაწერებით დგინდება, რომ 1975 წლიდან ზ. რ-ბას ოჯახის არც ერთი წევრი აღარ იყო ჩაწერილი ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე სახლში და ამ მისამართზე არსებული ერთსართულიანი სახლის ერთადერთი მოსარგებლე იყო ნ. ი-ოღლი, რომელიც ამავე დროს ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით იყო ამავე სახლის მესაკუთრე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორი მართებულად მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია რაიმე მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურებოდა ზ. რ-ბას მიერ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების დროისათვის (1997 წლის 26 ნოემბრისათვის) ქ. ბათუმში, ... ქ. ¹168-ში მდებარე სახლის საკუთრებისა და სარგებლობის ფაქტი. ასევე არ უმსჯელია იყო თუ არა შესაძლებელი იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შენარჩუნებულიყო ზ. რ-ბას საკუთრების უფლება გარდაცვლილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ სახლზე მაშინ, როდესაც მას ორდერით გადაცემული ჰქონდა სხვა ბინა და შეეძლო თუ არა საკუთრებაში ჰქონოდა ორი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისათვის, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი ადგენს ფიზიკური პირებისათვის კანონიერ სარგებლობაში არსებული ისეთი მიწის ნაკვეთების გადაცემას, რომელზეც იდგა ინდივიდუალური სახლი. ამდენად, აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა ამ ორი პირობის ერთობლივად და არა მხოლოდ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის არსებობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს ხსენებული ფაქტობრივი გარემოება, რაც მას შეუძლია, გააკეთოს, როგორც მხარეთა დახმარებით, ისე საკუთარი ინიციატივით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით რეგლამენტირებული ინკვიზიციურობის პრინციპის საფუძველზე შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვის გზით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, ხოლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად და ამომწურავად დადგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხსენებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ი-იშის მეურვის _ დ. ი-იშის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. განჩინება დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, მუხლის მე-3 ნაწილით, 411-412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ი-იშის მეურვის _ დ. ი-იშის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.