Facebook Twitter
ბს-616-584(კ-09) 25 ივნისი, 2009წ

ბს-616-584(კ-09) 25 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 11 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ლ. თ-ძის მიმართ და მოითხოვა ჯარიმის – 14 000 ლარის, ზიანის სახით – 1180,08 ლარისა და ასევე პირგასამტეხლოს – 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად 2005 წლის 5 ოქტომბრიდან ჯარიმის ძირითადი თანხის გადახდამდე გადახდა.

ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ. თ-ძეს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმისა და ზიანის სახით 15180,08 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის გადახდამდე, ყოველდღიურად 2005 წლის 5 ოქტომბრიდან ამ თანხის 0,2%-ის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 თებერვლის განჩინებით ¹3/ბ-66-09წ. ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ლ. თ-ძის მიმართ ხელშეკრულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ და განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ლ. თ-ძისათვის ჯარიმის თანხის – 14 000 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ლ. თ-ძისათვის ჯარიმის თანხის – 14 000 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.