ბს-618-586(კ-09) 5 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 20 დეკემბერს ი/მ “ჯ. ხ-შვილმა” სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 თებერვლის ¹392 საგადასახადო მოთხოვნის, 2007 წლის 2 მარტის ¹912 საგადასახადო ბრძანებისა და 2007 წლის 6 მარტის ¹187 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 56-58).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ “ჯ. ხ-შვილის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 თებერვლის ¹392 საგადასახადო მოთხოვნა, 2007 წლის 2 მარტის ¹912 საგადასახადო ბრძანება და 2007 წლის 6 მარტის ¹187 საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით ჯარიმის _ 24451 ლარის დარიცხვის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 77-84).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო (იხ. ს.ფ. 88-97).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით ჯარიმის _ 24451 ლარის დარიცხვის შესახებ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 თებერვლის ¹392 საგადასახადო მოთხოვნის, 2007 წლის 2 მარტის ¹912 საგადასახადო ბრძანებისა და 2007 წლის 6 მარტის ¹187 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში, ი/მ “ჯ. ხ-შვილის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 თებერვლის ¹392 საგადასახადო მოთხოვნა, 2007 წლის 2 მარტის ¹912 საგადასახადო ბრძანება და 2007 წლის 6 მარტის ¹187 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ “ჯ. ხ-შვილისათვის” პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით ჯარიმის _ 24451 ლარის დარიცხვის ნაწილში და ბათუმის რეგიონალურ ცენტრს დაევალა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დავის საგნიდან გამომდინარე (იხ. ს.ფ. 177-185).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო (იხ. ს.ფ. 104-202).
2009 წლის 27 აპრილს საკასაციო სასამართლოს განსახილველად გადმოეგზავნა მოცემული საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრით განსახილველად.
2009 წლის 22 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით ჩამოყალიბდა ერთობლივი პოზიცია და საკასაციო წესით გასაჩივრება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული. აღნიშნულის შესაბამისად, ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება (იხ. ს.ფ. 206).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი განცხადების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი მასზე უარის თქმის გამო განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, ანუ განსხვავებით კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისაგან, სადაც მოქმედებს ნების ავტონომიის პრინციპი, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია ნების გამოვლენის თვალსაზრისით, კერძოდ, მისი გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან. ადმინისტრაციული ორგანო სამართალწარმოებაში დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე ნების გამოვლენისას, კონკრეტულად, არსებითი ხასიათის საპროცესო მოქმედების განხორციელებისას, შეზღუდულია კანონით მინიჭებული უფლებამოსილების და კანონიერების ფარგლებით, რამდენადაც მისი ნების გამოვლენა (სარჩელის ცნობა, მორიგება, სარჩელზე უარის თქმა) ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კანონიერი, კანონის ჩარჩოში მოქცეული. ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც პროცესუალური სუბიექტის ნების გამოვლენა ექვემდებარება არა უპირობოდ გაზიარებას, როგორც ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის შემთხვევაში, არამედ, სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, ვინაიდან სასამართლო არ არის შებოჭილი ადმინისტრაციული ორგანოს ნების (სარჩელის ცნობა, სარჩელზე უარის თქმა, მორიგება) გამოვლენით. სასამართლოს ეს უფლებამოსილება ავალდებულებს შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს ნების გამოვლენის შესაბამისობა მატერიალურ კანონმდებლობასთან, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო ვალდებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლიდან გამომდინარე, საქმის განხილვა-გადაწყვეტის შედეგი განაპირობოს არა მხარის ნების გამოვლენით, არამედ სამართლის ნორმის შეფარდება-განმარტებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია გამომდინარეობს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური როლიდან, კერძოდ, განახორციელოს სრული სასამართლო კონტროლი მმართველობითი ორგანოს საქმიანობაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არსებითი ხასიათის საპროცესო მოქმედების განხორციელებაზე სასამართლო კონტროლის გავრცელება ემსახურება ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზანს, ხოლო ზემოაღნიშნული საპროცესო მოქმედებების განხორციელება იწვევს საქმის ამა თუ იმ სამართლებრივი შედეგით დასრულებას, შესაბამისად, კანონიერი სამართლებრივი შედეგით სასამართლო დავის გადაწყვეტა მხოლოდ ამ საპროცესო მოქმედებებზე სასამართლო კონტროლის განხორციელების გზით მიიღწევა. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, რამდენად კანონიერია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნების ამგვარი გამოვლენა.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა საკასაციო სასამართლოში გამოხატა ნება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც პროცესუალური თვალსაზრისით იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგს, რასაც სარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე საპროცესო უფლებაზე _ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე, ანუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაზე უარის თქმა არ ეწინააღმდეგება მოქმედ მატერიალურ და საპროცესო კანონმდებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნების ამგვარი გამოვლენა გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის მიღებას და აღსრულებას, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი სამართლებრივი შედეგი აკმაყოფილებს მოსარჩელე ი/მ “ჯ. ხ-შვილს”, რამდენადაც მას საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის გამოყენების პროცესუალური წინაპირობა და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის პროცესუალური საფუძველი, რადგან საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 401-ე მუხლის შესაბამისად არ არის წარმოებაში მიღებული და საკასაციო საჩივარზე წარმოება არ დაწყებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.