¹ბს-619-587(კ-09) 23 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ც-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ს-ძისა და ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 6 ოქტომბერს მ. ც-ძემ, თ. ლ-ძემ, ნ. ს-ძემ, ე. ც-ძემ, ნ. ჭ-ძემ და ჯ. ც-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზესტაფონის რაიონის გამგეობის, მესამე პირების _ ე. გ-ძის, ე. ო-ძისა და ტ. წ-ძის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2006 წლის 8 სექტემბერს ქ. ზესტაფონში ჩატარდა ღია ტიპის აუქციონი, რომელზეც გაიყიდა ... ქ. ¹87-ში მდებარე კორპუსის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთი, კერძოდ, ე. გ-ძეზე _ 22 კვ.მ, ე. ო-ძეზე _ 22 კვ.მ და ტ. წ-ძეზე _ 29 კვ.მ მიწის ნაკვეთები. აღნიშნული ფართი წარმოადგენდა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ეზოს და იმავე სახლის მობინადრეთა საერთო თანასაკუთრებას. ხსენებული მიწის ნაკვეთების გაყიდვით შეილახა მათი კანონიერი უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მოსარჩელეთა სახლს სამი მხრიდან ესაზღვრებოდა ქუჩა და აღნიშნულ ადგილზე შეიძლებოდა, რომ მათ, როგორც სახლის მობინადრეებს, ეზო ჰქონოდათ. ხსენებული აუქციონის შესახებ მოსარჩელეთათვის მხოლოდ იმავე წლის 21 სექტემბერს გახდა ცნობილი. მანამდე კი, ერთ-ერთი მოპასუხის ხელმძღვანელი პირის, დ. ა-იას განმარტებიდან იცოდნენ, რომ თუ იქ მცხოვრებთაგან ერთი მაინც იქნებოდა წინააღმდეგი, აუქციონზე ამ მიწის ნაკვეთების გატანა არ მოხდებოდა.
მოსარჩელეთა მტკიცებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს არა მარტო მათი, არამედ მათ მოპირდაპირედ მდგარი სახლის მობინადრეთა ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ვინაიდან ამ ორ საცხოვრებელ სახლს შორის მანძილი მცირე იყო და ავტოფარეხები, რომლებისთვისაც ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები გაიყიდა, მინიმუმ 10 მეტრით მაინც უნდა ყოფილიყო დაშორებული საცხოვრებელი სახლის ფასადებიდან და გვერდებიდან, ხსენებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა კი სწორედ ავტოფარეხების მშენებლობისათვის მოხდა, ვინაიდან ერთ-ერთ მყიდველთაგანს იმ ადგილას დროებით ედგა ავტოფარეხი და მოსარჩელეთა მოთხოვნისამებრ, უნდა აეღო იგი. აღნიშნულმა მყიდველმა ისე მიიღო მონაწილეობა აუქციონში, რომ ამის თაობაზე არც კი განუცხადებია, რადგან იცოდა, რომ მოსარჩელეები მისი წინააღმდეგი იქნებოდნენ. ამდენად, აღნიშნული მიწის ფართი კანონის უხეში დარღვევით იქნა ჩასმული ღია ტიპის აუქციონის წესით გასასხვისებელ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ნუსხაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 8 აგვისტოს ოქმის გაუქმება, რომლითაც განისაზღვრა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე აუქციონის ჩატარება 2006 წლის 8 სექტემბერს, ზესტაფონის რაიონის გამგეობის შენობაში.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს, აგრეთვე, ქ. ზესტაფონში, ... ქ. ¹87-ის მიმდებარე ტერიტორიის გასაყიდი ობიექტების ნუსხაში ჩასმის შესახებ დასკვნის, ასევე მისი თანამდევი ყველა შედეგის, კერძოდ, ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹68 დადგენილების, ქ. ზესტაფონში, ... ქ. ¹87-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთების ღია ტიპის აუქციონის წესით გასხვისების ნაწილში გაუქმება, აგრეთვე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განმკარგავი მუდმივმოქმედი კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის ოქმის გაუქმება აუქციონში გამარჯვებულად ე. გ-ძის, ე. ო-ძისა და ტ. წ-ძის ცნობის ნაწილში, ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება და სადავო მიწის ფართის გამოთავისუფლება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ძისა და სხვათა წარმომადგენელ ი. დ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ე. გ-ძეს, ე. ო-ძესა და ტ. წ-ძეს აეკრძალათ ქ. ზესტაფონში, ... ქ. ¹87-ში მდებარე ტერიტორიაზე 2006 წლის 8 სექტემბრის ღია ტიპის აუქციონზე შეძენილ 22 კვ.მ, 22 კვ.მ და 29 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე, მშენებლობის წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ძისა და სხვათა სასარჩელო განცხადებას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ძემ, თ. ლ-ძემ, ნ. ს-ძემ, ე. ც-ძემ, ნ. ჭ-ძემ და ჯ. ც-ძემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით მ. ც-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ს-ძის, ე. ც-ძის, ნ. ჭ-ძისა და ჯ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ძემ, თ. ლ-ძემ, ნ. ს-ძემ, ე. ც-ძემ, ნ. ჭ-ძემ და ჯ. ც-ძემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. ც-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ს-ძისა და ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინებით მ. ც-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ს-ძის, ნ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ძემ, თ. ლ-ძემ, ნ. ს-ძემ და ნ. ჭ-ძემ. კასატორებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ც-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ს-ძისა და ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ს-ძისა და ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მ. ც-ძეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ც-ძის, თ. ლ-ძის, ნ. ს-ძისა და ნ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის განჩინება;
3. მ. ც-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.