ბს-621-589(კ-09) 25 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 29 სექტემბერს ცაგერის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე ნ. თ-ანის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ჯარიმის - 14 000 ლარის, ზიანის - 2723,69 ლარის, სანივთე ატესტატში ჩამოთვლილი ქონების (ნატურით) უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს – 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად 2005 წლის 3 დეკემბრიდან ძირითადი თანხის გადახდამდე გადახდა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცავის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფიდა ნაწილობრივ; ნ. თ-ანს დაეკისრა სახელმწოფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 14 000 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 29 904 ლარის, ზიანის სახით 2723,69 ლარისა და სანივთე ატესტატში ჩამოთვლილი ქონების დაბრუნება; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად დაკისრებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად დაკისრებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.