Facebook Twitter

ბს-623-591(კ-09) 20 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა: ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ე. გ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ კვების (ულუფის) კომპენსაციის და წელთა ნამსახურობის დანამატის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ე. გ-იამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-13/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელეს განმარტებით, 1995 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 1752,1 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2008 წლის 22 სექტემბერს გაცემული ცნობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოში არ ცნო ე. გ-იას სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 27-34/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 791,06 ლარის ანაზღაურება, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე, 134I- მუხლები და განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა სახელფასო დავალიანება.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია საერთო ხანდაზმულობის 10 წლიან ვადასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა შეეხებოდა 1998 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანებას. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს /იხ.ს.ფ. 54-58/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 48-50/.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ ე. გ-იამ არ ცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. 99, სხდომის ოქმი/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 390.3. მუხლი და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ გააბათილა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასკვნები /იხ.ს.ფ. 68-74/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნები ხანდაზმულია, რადგან ამ მოთხოვნებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა. მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო. იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მასზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფულად გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (ჯილდო, კვების კომპენსაცია, მატერიალური დახმარება) კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს დანამატის სტატუსი. ამასთან, ხელფასსა და დასახელებულ ფულად გასაცემლებზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიდან გამომდინარე, ასევე _ ამ კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი, ამავე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ გაცემული ცნობა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული ჯილდოს, კვების კომპენსაციისა და მატერიალური დახმარების დავალიანების აღიარებასა და მისი გადახდის დაპირებაზე. აღნიშნული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და გაცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მოსარჩელესათვის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “ბ” მუხლის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. გ-იას სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

მოწინააღმდეგე მხარემ ე. გ-იამ დაადასტურა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა და მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ე. გ-იასათვის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “ბ” მუხლის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. გ-იას სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა /ხის.ფ. საკასაციო სასამართლოს სხდომის ოქმი/, რაც ასევე დაადასტურა სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ე. გ-იას არ გაუსაჩივრებია.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

საქმის მასალების მიხედვით ე. გ-იას 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება შადგენდა 1752,1 ლარს, მათ შორის 1998 წლის ხელფასი 154,3 ლარი, კვება _ 236, ჯილდო _ 77,2, მატერიალური დახმარება _ 38,6, სულ 506,1 ლარი; 1999 წლის ხელფასი 231,54 ლარი, კვება _ 354, ჯილდო _ 154,36, მატერიალური დახმარება _ 38,6, სულ 778,5 ლარი. 2000 წლის ხელფასი 154,3 ლარი, კვება _ 236, ჯილდო _ 77,2 სულ 467,5 ლარი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა კვების კომპენსაციის ნაწილში განაპირობა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებებში სამართლებრივი დასკვნების ბუნდოვანებამ, რამდენადაც არ არის მითითებული თუ რა მოთხოვნები დაუკმაყოფილდა მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს /იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. /, რომ სადავო თანხებიდან არდაკმაყოფილებულ სარჩელის ნაწილს სწორედ კვების კომპენსაციის თანხა _ 826 ლარი წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.