ბს-627-595 (კ-09) 12 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი – ვ. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. კ-ძემ 2008 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ვ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის 2123 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით აპელანტი_საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტი საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რამდენადაც ჩათვალა, რომ სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე და 112-ე მუხლები და დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹2341-პ ბრძანებით ვ. კ-ძე რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირების გამო განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ძე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და მოპასუხე_საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაეკისრა მოსარჩელისათვის განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. კ-ძის იძულებითი განაცდური 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის სექტემბრამდე შეადგენს 2123 ლარს. სააპელაციო სასამართლო მიუთითა სააპელაციო ინსტანციაში წარდგენილ 2008 წლის 25 დეკემბრის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სამსახურებრივ ბარათზე, რომლითაც ვ. კ-ძის ხელფასი განთავისუფლებამდე (2004 წლის 1 ოქტომბრისათვის) შეადგენდა 22 ლარს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იძულებითი განაცდური ხელფასის დაანგარიშება დაკავშირებულია გარკვეულ პერიოდთან, კერძოდ, მოიცავს დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძულებითი განაცდური ხელფასი უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რომელსაც ვ. კ-ძე იღებდა სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდში არსებული თანამდებობრივი სარგოს 22 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე და 112-ე მუხლები, რომლის მიხედვით იძულებით განაცდურის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს არა თანამდებობრივი სარგო ან ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, არამედ ის ანაზღუარება, რომელსაც მიიღებდა იგი რომ არ მომხადარიყო სამსახურიდან მისი უკანონო განთავისუფლება. კასატორი თვლის, რომ ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, რის გამოც კასატორი თვლის, რომ სასამართლომ უკანონოდ შეუზღუდა ამავე კანონის 112-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება, სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეღო პრემია და კანონით გათვალისწინებული დანამატები. კასატორი თვლის, რომ სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილის სამსახურში აღდგენა ნიშნავს იმ პირის იმ უფლებებში აღდგენას, რომელიც მას ექნებოდა იძულებით არ ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც გულისხმობს იმ ხელფასის (და არა სარგოს) ანაზღაურებას.
კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა აპელანტს არ მოუთხოვია, რის გამოც კასატორი თვლის, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნა ის, რაც არ მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ვ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ვ. კ-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ვ. კ-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის 105.50 ლარის ოდენობით ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹2341-პ ბრძანებით ვ. კ-ძე რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან (სფ.12). ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹2341-პ ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე ვ. კ-ძის განთავისუფლების შესახებ აღიარებული იქნა არაკანონიერად და გაუქმდა მისი შედეგი. მოსარჩელე ვ. კ-ძე აღდგენილ იქნა წინანდელ ან სხვა მის ტოლფას თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა მისთვის იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 8 სექტემბრის ¹2332-პ ბრძანებით ვ. კ-ძე იმავე წლის 8 სექტემბრიდან აღდგენილ იქნა საგადასახადო დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური და სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს, სამეურნეო განყოფილების დამხმარე მოსამსახურედ (სფ.13).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
სააპელაციო ინსტანციაში წარდგენილი 2008 წლის 25 დეკემბრის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ვ. კ-ძის ხელფასი სამუშაოდან განთავისუფლებამდე (2004 წლის 1 ოქტომბრისათვის საშტატო განრიგის თანახმად) შეადგენდა 22 ლარს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის იძულებითი განაცდური ხელფასი უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რომელსაც ვ. კერესელიძე აიღებდა სამსახურში იძულებითი არყოფნის პერიოდში – 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 8 სექტემბრამდე განთავისუფლების მომენტისათვის არსებული თანამდებობრივი სარგოს 22 ლარის ოდენობით. ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ვ. კ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ იძულებითი განაცდურის გაანგარიშებისას თანამდებობრივი სარგოს გარდა პრემიის და კანონით გათვალისწინებული დანამატების ოდენობაც უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. კ-ძე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია, რის გამოც მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები, კერძოდ, იგი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქე არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის იძულებითი განაცდური ხელფასი თვეში 22 ლარის გათვალისწინებით 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 8 სექტემბრამდე შეადგენს 242 ლარს; მხარეებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს, რომ ამ თანხიდან მოსარჩელეს მიღებული აქვს 136 ლარი, ამიტომ მოსარჩელე ვ. კ-ძეს უნდა აუნაზღაურდეს დარჩენილი იძულებითი განაცდური 105 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის იძულებითი განაცდური ხელფასი თვეში 22 ლარის გათვალისწინებით 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 8 სექტემბრამდე შეადგენს 242 ლარს; მხარეებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს, რომ ამ თანხიდან მოსარჩელეს მიღებული აქვს 136 ლარი, ამიტომ მოსარჩელე ვ. კ-ძეს უნდა აუნაზღაურდეს დარჩენილი იძულებითი განაცდური 105 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ვ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის 105.50 (ასხუთი ლარის და ორმოცდაათი თეთრის) ლარის ოდენობით ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.