ბს-629-597(კ-09) 10 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ს-ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 24 ივლისს ნ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998-2007 წლებში მუშაობდა სსიპ _ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტისა და სერტიფიკაციის სააგენტო ,,საქსტანდარტში” სხვადასხვა თანამდებობებზე. მოსარჩელის განმარტებით, სააგენტოს მის მიმართ დაუგროვდა სახელფასო და სამივლინებო დავალიანება. 2008 წლის მაისსა და ივნისში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ,,საქსტანდარტს” და დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ,,საქსტანდარტის” ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული თანხების გაცემის უფლებამოსილება ეკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილით განემარტა, რომ დავალიანების გასტუმრება განხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ჯერ არ იყო მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 370,29 ლარისა და სამივლინებო ხარჯის _ 578 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ნ. ს-ძის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 370,29 ლარისა და სამივლინებო ხარჯის _ 578 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზე არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმით არ რეგულირდებოდა სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე სახელფასო დავალიანების გაცემის წესი და სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა რა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტში «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო აღნიშნული კანონის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილების პირველი პუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (საქსტანდარტი) ლიკვიდირებულ იქნა და ამ დადგენილების უზრუნველყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებათა განხორციელების შესახებ დაევალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს’’ დებულება ძალაში შევიდა 2005 წლის 20 ოქტომბრიდან. საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო შეიქმნა ,,სტანდარტიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე და საქმიანობას ახორციელებდა ამ კანონის, დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. რაიმე ნორმატიული აქტით არ იყო განსაზღვრული, რომ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო წარმოადგენდა ლიკვიდირებული ,,საქსტანდარტის’’ უფლებამონაცვლეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურეობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ჰქონდა მისთვის სამსახურეობრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლის შენახვა ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. სახელფასო დავალიანების წარმოშობის საფუძველი იყო ის, რომ 1998-2000 წლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ დაფინანსდა ,,საქსტანდარტი’’ შესაბამისი წლების ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ოდენობით. «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელი იყო, გამოყენებულიყო 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებანი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნათა აღსრულება წარმოებდა ფინანსთა სამინისტროს მიერ სააღსრულებო ფონდის სახსრებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ,,საქსტანდარტის’’ წინა წლების წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ლიკვიდაციაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა «საქსტანდარტის» ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, ხოლო ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, მთავრობის აღნიშნული დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტების ამოქმედება უნდა მომხდარიყო სსიპ «სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს» დებულების ამოქმედებისთანავე. ამდენად, ამ ნორმატიული აქტის დებულებებიდან გამომდინარე, აშკარა იყო, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოცემულ Aშემთხვევაში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლი, რადგან ეს ნორმა არ არეგულირებს სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის გაცემის წესს. აღნიშნული საკითხი რეგულირდება სპეცილური ნორმით «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით, რომლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციის გარდა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამჟამად, ხსენებული საკითხი რეგულირებულია «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით, კერძოდ, ხსენებული კანონის მე-13 მუხლის 23 10 კოდის შესაბამისად, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად გათვალისწინებულია 190000 ლარი, რომლის შესაბამისად, წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებსა და უწყებებს 2009 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველეყოთ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანებების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგება დადგენილი ფორმის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. კასატორის განმარტებით, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ განხორციელდებოდა საბიუჯეტო დავალიანებათა დაფარვა. ამდენად, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით, «საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 და მე-8 მუხლებით (რაც ამჟამად დარეგულირებულია «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 23 10 კოდის შესაბამისად) და არა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი და არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, განუხილველი დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
2009 წლის 10 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 10 მარტს, საკასაციო საჩივარი კი ხსენებულ განჩინებაზე ფოსტას ჩააბარა 2009 წლის 10 აპრილს, რის დასტურადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა წერილობითი კორესპონდენციის შესახებ შპს «...» ¹43 რეესტრის ამონაწერი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდა წარმოება; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. ს-ძისათვის ხელფასის _ 370,29 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნ. ს-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 370,29 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სამივლინებო ხარჯის – 578 ლარის ნ. ს-ძისათვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნ. ს-ძისათვის ხელფასის _ 370,29 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნ. ს-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 370,29 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სამივლინებო ხარჯის – 578 ლარის ნ. ს-ძისათვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ნ. ს-ძისათვის მხოლოდ სამივლინებო თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ს-ძე მუშაობდა საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტში. სსიპ _ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 22 მაისს გაცემული ¹01/246 ცნობით ნ. ს-ძის 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს _ 370,29 ლარს, ხოლო სამივლინებო ხარჯის დავალიანება _ 578 ლარს (ს.ფ. 20). საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 15 ივლისის ¹04-02/6668 წერილი, რომლითაც ნ. ს-ძეს 2008 წლის 11 ივლისის განცხადებაზე განემარტა, რომ წინა პერიოდის დავალიანების დაფარვა განხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თუმცა იმ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის (ს.ფ. 22).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹123 დადგენილებაზე, რომლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო «საქსტანდარტი» ლიკვიდირებულ იქნა და ამ დადგენილების უზრუნველყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებათა განხორციელების შესახებ დაევალა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 7 ოქტომბრის ¹1-1/1057 ბრძანებით დამტკიცებული «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს’’ დებულება ძალაში შევიდა 2005 წლის 20 ოქტომბრიდან. საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო შეიქმნა ,,სტანდარტიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე და საქმიანობას ახორციელებს ხსენებული კანონის, დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, რაიმე ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ლიკვიდირებული ,,საქსტანდარტის’’ უფლებამონაცვლეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სტანდარტიზაციის მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლის შენახვა ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. სახელფასო და შესაბამისად, სამივლინებო დავალიანების წარმოშობის საფუძველია ის, რომ 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ დაფინანსდა ,,საქსტანდარტი’’, შესაბამისი წლების ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ოდენობით. საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. «საქსტანდარტი” მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეფარა 1998-2000 წლებში წარმოქმნილი დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის _ ნ. ს-ძის მიმართ სამივლინებო დავალიანება უნდა დაკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მოცემულ შემთხვევაში ,,საქსტანდარტის’’ წინა წლების წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის შესრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა რა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტში «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც მასზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებული უნდა იქნეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) მიხედვით, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. მართალია, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი), მაგრამ სამივლინებო თანხა, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, ვინაიდან, მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხის მისთვის ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან, ამავდროულად, სამივლინებო თანხა, ხელფასის თანხისა და დანამატისაგან განსხვავებით, არ არის მოქცეული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სამივლინებო თანხის, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, მოთხოვნა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას. ამასთან, საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 15 ივლისის ¹04-02/6668 წერილით, ნ. ს-ძეს განემარტა, რომ მისი დავალიანების დაფარვა განხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (ს.ფ. 22).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ს-ძის მიმართ სამივლინებო ხარჯის დავალიანების აღიარება მოხდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 15 ივლისის ¹04-02/6668 წერილით, ანუ ამ შემთხვევაში, მართალია, გასული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ნ. ს-ძის მიმართ სამივლინებო ხარჯის დავალიანება იმავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ნ. ს-ძეს უნდა აუნაზღაუროს აღნიშნული დავალიანება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება ხსენებულ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნ. ს-ძის სასარგებლოდ სამივლინებო ხარჯის დავალიანების – 578 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.