Facebook Twitter
ბს-629-601(კ-08)

ბს-629-601(კ-08) 20 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოსარჩელე) _ შპს «...»

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.08წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

29.08.06წ, შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 13.02.06წ. გაცემული საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შპს «...» საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე ¹... აბანოს შენობა. უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომელმაც მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა იმის გამო, რომ წარდგენილის საბუთებით არ დგინდებოდა დასარეგისტრირებელი შენობის ფართი. შპს «...» განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს აბანოს შენობის ფართის დასადგენად, რომელსაც არ აღმოაჩნდა ფართის დამდგენი საბუთი. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 10.06.53წ. ¹2 ოქმში მითითებული იყო, რომ აბანოს შენობა-ნაგებობა განლაგებულია 1 500 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთზე. შენობის ფართი აღნიშნულ ოქმშიც არ იყო მითითებული. მოსარჩელემ მოპასუხისათვის ქ. თბილისი, ... ქ. ¹4-ში მდებარე ¹... აბანოს შენობის და მიმდებარე მიწის ნაკვეთის შპს «...» სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე ¹... აბანოს შენობისა და შენობის ქვეშ განთავსებული მიწის ნაკვეთის შპს «...» სახელზე დარეგისტრირება საკადასტრო აზომვივითი ნახაზით დადგენილი ფართების მითითებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მიმდებარე მიწის ნაკვეტის საკუთრებად დარეგისტრირების დავალდებულებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.08. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 28.12.95წ. სახელმწიფო საწარმო «...» შრომით კოლექტივს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე აბანო. გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი. ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული არ ყოფილა შენობის ფართი. ხელშეკრულებაში ცვილელებაბი არ ყოფილა შეტანილი. 13.02.06წ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ გაიცა საკუთრების მოწმობა, რომელშიც აღინიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ ¹4-ში მდებარე ¹... აბანო საკუთრებაში გადაეცა შპს «...». თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, ... ქ. ¹4-ში ¹... აბანო აღრიცხული არ იყო. თბილისის სახელმწიფო ქონების აღიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 07.02.07წ. ¹2-14 156 წერილის თანახმად, ქ. თბილისში ... ქ. ¹4-ში მდებარე ¹... აბანოს პრივატიზაცია განხორციელდა სრულად შპს «...» მიერ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «უძრავი ნივთების რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთებისა და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე, ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის, რაც შეუძლებელს ხდის რეგისტრაციას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემებით, ... ქ. ¹-4-ში რეგისტრირებული იყო ¹... საშუალო სკოლა. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ 28.12.95წ. იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით ან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განისაზღვრა ქ. თბილისში, ... ქ. ¹4-ში მდებარე ¹... აბანოს მდებარეობის მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი შპს «...» სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ... ქ. ¹4-ში მდებარე ¹... აბანო წარმოადგენდა მის ქვეშ არსებული მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს. საქმის მასალებში არ იყო დაცული რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სადავო შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ჰქონდა მოსარჩელეს გადაცემული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.08. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...». 15.05.09წ. შპს «...» დირექტორმა მ. ს-ელმა სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... ქ ¹4-ში მდებარე ¹... აბანო საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს «...» სახელზე, რის გამოც შპს «...» უარს ამბობს სასარჩელო განცხადებაზე. განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა შპს «...» დირექტორის მ. ს-ელის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ, შპს «...» დირექტორმა მ. ს-ელმა განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა შპს «...» ნება საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ვინაიდან სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება. სსკ-ის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» დირექტორის მ. ს-ელის განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.08წ. გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.07წ. გადაწყვეტილება და შპს «...» და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. შპს «...» დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.