Facebook Twitter
¹ბს-637-605 (კ-09)

¹ბს-637-605 (კ-09) 22 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...» (მოსარჩელე)

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «...» 2007 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹235 შეტყობინების და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2006 წლის 27 დეკემბრის ¹068-2705-40131-14908 შეტყობინების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შპს «...» ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹235 და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2006 წლის 27 დეკემბრის ¹068-2705-40131-14908 შეტყობინებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა კანონმდებლობის საფუძველზე, გამოიკვლიოს შპს «...» ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ სადავო პერიოდის დოკუმენტაცია და ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები); კერძოდ, გორის საგადასახადო ინსპექციამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს შემდეგ გარემოებებს: რას შეადგენს შპს «...» სახელზე რიცხული გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართი; რას შეადგენს გადასახადის განაკვეთი ამ მიწის ფართზე საანგარიშო პერიოდისათვის; საგადასახადო ორგანომ გაითვალისწინოს ქარელის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ისე მოახდინოს შპს «...» გადასახადის დარიცხვა; საგადასახადო ორგანომ დაადგინოს და შეფასება მისცეს, გადახდილი აქვს თუ არა შპს «...» მიწის გადასახადი და რა ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შპს «...» ქონებაზე საგადასახადო გირავნობა /იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 ოქტომბრის ¹235 შეტყობინება და გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; შპს «...» უარი ეთქვა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გორის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 27 დეკემბრის ¹068-2705-40/3/-14908 საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.