ბს-639-607(კ-09) 25 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხ. ჯ-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 15 აპრილს ხ. ჯ-ოვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი რუსეთის მოქალაქე იყო. 2007 წლის სექტემბერში დაკავებულ იქნა მესტიის რაიონის კრიმინალური პოლიციის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის, მას თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები (საბუთები, მათ შორის საქართველოში ყოფნის სამთვიანი ვიზა, დაკარგა 2007 წლის მაისის ბოლოს), თუმცა მან სრული ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას თავისი ვინაობის შესახებ, რაც გახდა შემდგომში საფუძველი მისი იდენტიფიკაციისა.
მოსარჩელის განცხადებით, დაკავების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი ძებნილი იყო რუსეთის ფედერაციის მიერ, 2005 წლის 13 ოქტომბერს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, ქ. ... მომხდარი ტერაქტისათვის. მისივე მითითებით, იგი იდევნებოდა პოლიტიკური მრწამსის გამო, რის გამოც მან სამშობლო დატოვა და საქართველოში გადმოვიდა თავშესაფრისათვის.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაზედაც უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2008 წლის 20 მარტს გამოცემული, მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და მისი ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ. ჯ-ოვის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეს უარი ეთქვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 20 მარტის წერილის ბათილად ცნობისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ოვმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინებით ხ. ჯ-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჯ-ოვმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხ. ჯ-ოვის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჯ-ოვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ჯ-ოვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.