ბს-643-611(კ-09) 27 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი Iმოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ბ-ძე
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-10/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს ფინანსათა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში. 1998 წლიდან 2003 წლამდე მას არ მიუღია ხელფასი და სამივლინებო თანხები, რომლის საერთო რაოდენობამაც შეადგინა 2631,75 ლარი. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მაგრამ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოპასუხის მიერ არ განხორციელდა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი:
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოპასუხე ორგანიზაციამ მოსარჩელეს 2008 წლის 7 აგვისტოს წერილით აცნობა, რომ მოსარჩელის სახელფასო დავალიანებას წარმოადგენდა 2119,75 ლარი, ხოლო სამინისტროში არ იყო მიღებული გადაწყვეტილება წინა წლებში წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის.
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი /იხ. სხდომის ოქმი/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1017,50 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურზე სასურსათო ულუფის - 590 ლარისა და სამივლინებო დავალიანების - 512 ლარის ოდენობით თანხის დაკისრებაზე, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ნ. ბ-ძე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი და განმარტა, რომ მითითებული კანონის 37.1 მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ამავე კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, დადგენილი და აღიარებული იყო, რომ 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებობდა საბიუჯეტო დავალიანებები და კუვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული მუხლით რეგლამეტირებული იყო საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხებოდა საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას. 2006 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ», რომლის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ასევე აღიარებდა წინა წლებში წარმოქმნილ ფაქტობრივ დავალიანებებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხებით გამოეყენებინათ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არსებული დავალიანების დასაფარავად.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - ხელფასის გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე, უკანონო იყო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლიში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა, განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანება, მათ შორის წოდება, წელთა დანამატი - 1017,50 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დავალიანების არსებობა დადასტურებული იყო საქმეში არსებული ცნობით.
რაც შეეხებოდა კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურებას, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის პოზიცია და მიიჩია, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან ხსენებული დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, სასამართლოს დასკვნით, წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან მხარემ აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2008 წლის 5 სექტემბერს ანუ მოთხოვნის კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ /იხ.ს.ფ. 43-46/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სასურსათო ულუფისა და სამივლინებო თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო, იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, იგი მიღებული იყო სამართლის ნორმების დარღვევით, აგრეთვე ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების გარეშე. აპელანტის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში განმარტებული იყო ხელფასი და შესაბამისად, სახელფასო დავალიანების ცნება, კერძოდ, აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი განმარტავდა, რომ ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). იგი მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატის გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
აპელანტის მითითებით, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა აითვლებოდა არა 2003 წლიდან, არამედ 2007 წლიდან, როცა დასაქმებული გათავისუფლდა სამსახურიდან და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის თანახმად, დადგა საბოლოო ანგარიშსწორების პერიოდი. აღნიშნულ ურთიერთობაზე ვრცელდებოდა შრომის კანონმდებლობა, რაც დადასტურდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდებოდა, რეგულირდებოდა შესაბამისი კანონმდებლობით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონით კი არ იყო მოწესრიგებული მუშაკის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში საბოლოო ანგარიშსწორების საკითხები, რაც ნიშნავდა იმას, რომ აღნიშნულ ურთიერთობებზე ვრცელდებოდა შრომის კოდექსი, რომლის 34-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტიდან იწყებოდა მოხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა.
აპელანტის მითითებით, სამივლინებო თანხების დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 391-ე მუხლი, რომელიც მიუთითებდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აპრილის ¹231 ბრძანებულების მე-17 მუხლზე, სადაც საუბარი იყო სამივლინებო თანხის ავანსის სახით გაცემაზე. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ სამივლინებო ხარჯების დაკმაყოფილების საკითხი საერთოდ არ განხილულა სასამართლო გადაწყვეტილების არცერთ ნაწილში და შესაბამისად, არც სასამართლოს უარი იყო დასაბუთებული /იხ.ს.ფ. 57-63/.
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სასურსათო ულუფის - 590 ლარისა და სამივლინებო დავალიანების - 512 ლარის გადახდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ნ. ბ-ძეს 2008 წლის 30 ივლისის ¹29286 განცხადების პასუხად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 7 აგვისტოს ¹16-04/22135 წერილით ეცნობა, რომ მის მიმართ 1998-2003 წწ. დარიცხული საბიუჯეტო სახელფასო დავალიანება შეადგენდა 2408,80 ლარს, მათ შორის: ხელფასი - 1529,75 ლარს, 2000 წლის სასურსათო ულუფა - 590 ლარს და 2003 წლის სამივლინებო დავალიანება - 512 ლარს. ასევე დადგენილია, რომ ნ. ბ-ძე 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახამდ, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მხულის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისულფების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების თანახმად, მოსამსახურეს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულებით «მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ», მოსამსახურეს სრულად უნაზღაურდებოდა სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისისა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელი იყო, რაც ათვლილიყო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამსახურიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასურსათო ულუფისა და სამივლინებო თანხის ანაზღაურების თაობაზე, განეკუთვნებოდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე ვრცელდებოდა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა წყდებოდა ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით, ხოლო ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა, თუ უფლებამოსილი პირი შეეცდებოდა, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსთვის მიმართა მოთხოვნის არსებობის შესახებ. სამოქალაქო კოდქსის 144.2 მუხლის თანახმად, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. იგივე წესი გამოიყენებოდა ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2008 წლის 7 აგვისტოს ¹16-04/22135 წერილით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ნ. ბ-ძის მიმართ არსებული სამივლინებო და სასურსათო ულუფის, როგორც ხელფასის შემადგენელი ნაწილის დავალიანება და შესაბამისად, განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდებოდა სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმდების განუხორციელებლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე, უკანონო იყო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლიში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა, განეხორციელებინა ეს მოქმედება ან თავი შეეკავებინა ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის სასურსათო ულუფა - 590 ლარი და სამივლინებო დავალიანება - 512 ლარი /იხ.ს.ფ. 118-122/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, იგი მიღებულია სამართლის ნორმების დარღვევით, აგრეთვე ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების გარეშე.
კასატორის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 11.2. «ე» მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო მითითებული კანონის 14.1 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისთვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.
კასატორის მითითებით, დავალიანების წარმოქმნის პერიოდისათვის მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168.1 მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს საჯარო მოხელეზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრული იყო «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით (პოლიციის სოციალური დაცვა). მითითებული ნორმით ხელფასისაგან გამიჯნულია ხელფასსზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. მოხელეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მართალია, საბაჟო მოსამსახურეს სამსახურის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, მაგრამ იგი არ წარმოადგენდა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრულ ხელფასის კომპონენტს. ხელფასი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება სოციალური უზრუნველყოფის სახისაგან - სასურსათო ულუფისაგან, რომელიც კანონმდებლის მიერ სხვა სამართლებრივ რეჟიმშია მოქცეული და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნება. შესაბამისად, მის მიმართ, როგორც სოციალური უზრუნველყოფის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაითხოვეს პირი სამსახურიდან.
კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხონის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სახელფასო დავალიანების შემთხვევაში, მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როდესაც მას უნდა მიეღო ხელფასი და არ მიიღო, ე.ი. თითოეული თვის ხელფასის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება ამ თვის ბოლო რიცხვიდან, როდესაც პირს უნდა მიეღო ხელფასი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი არ მიუღია, შესაბამისად, თითოეული თვის ხელფასის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარში მითითებული თანხის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2008 წელს. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა დავალიანების თაობაზე კი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა და იგი მოწმობს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგება მოსარჩელეს, რომელიც მას არ მიუღია, ხოლო ვალის აღიარების, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაპირებას შემოსავლების სამსახურის მიერ ადგილი არა აქვს /იხ.ს.ფ. 128-133/.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მოსარჩელესათვის კვების კომპენსაციის და სამივლინებო თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «ბ» მუხლის საფუძველზე /დივერგენტული კასაცია/.
მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება და წერილობითი შესაგებელი საკასაციო საჩივართან დაკავსირებით არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის და სამივლინებო თანხების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ძის სარჩელი კვების კომპენსაციის და სამივლინებო თანხების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპაუხისათვის კვების და სამივლინებო თანხების ნ. ბ-ძის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში არასწორია, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 9 ოქტომბრის ცნობით დადგენილია, რომ ნ. ბ-ძის ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენდა სულ 2119,50 ლარს, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო 1186,75 ლარს; წოდებრივი დანამატი 343,00 ლარს; 2000 წლის სასურსათო ულუფა _ 590 ლარს და 2003 წლის სამივლინებო დავალიანება 512 ლარს (ს.ფ. 39, 110).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა, რომ პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ამასთან, «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლი, 2000 წლის 28 ივნისის ¹413 კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნებაში გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კვების (ულუფის) კომპენსაციის თანხა 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციის «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168.1. მუხლის მიხედვით კი საბაჟო ორგანოს საჯარო მოხელეებზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრული იყო პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კვების კომპენსაციის თანხა არ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და იგი ხელფასისაგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა და სამივლინებო დავალიანება წარმოადგენს მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა («საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის და სამივლინებო დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის და სამივლინებო დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო, მაგრამ სამივლინებო თანხების ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან, მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხების ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან. სამივლინებო თანხა, ხელფასის თანხისაგან განსხვავებით, არ არის მოქცეული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სამივლინებო თანხის, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, მოთხოვნა ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას.
იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ბ-ძემ, წინამდებარე სარჩელი აღძრა 2008 წლის 5 სექტემბერს, ხოლო სადავოა 2003 წლის სამივლინებო თანხები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სამივლინები თანხების ანაზღაურების ნაწილში აღძრულია მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გაშვებით, რაც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ხანდაზმულობის მოტივით მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.
რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კვების კომპენსაციის თანხის _ 590 ლარის და სამივლინებო დავალიანების _ 512 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს კი არ უღიარებია მოსარჩელის წინაშე კვების და სამივლინებო კომპენსაციის დავალიანება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთათვის კვების კომპენსაციის და სამივლინებო დავალიანების თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის თანხის _ 590 ლარის და სამივლინებო დავალიანების _ 512 ლარის თანხის ნ. ბ-ძის სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და ამავე ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვების კომპენსაციის თანხის _ 590 ლარის და სამივლინებო დავალიანების _ 512 ლარის ნ. ბ-ძის სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 257-ე, 372-ე, 243.2, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელე ნ. ბ-ძისათვის კვების ულუფის კომპენსაციის 590 ლარის და სამივლინებო დავალიანების 512 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ნ. ბ-ძის სარჩელი კვების ულუფის კომპენსაციის 590 ლარის და სამივლინებო დავალიანების 512 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.