Facebook Twitter

¹ბს-644-612(კ-09) 17 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. რ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 11 ივლისს ს. რ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მამის გარდაცვალების გამო, როგორც მარჩენალდაკარგულს, 2006 წლის 1 იანვრამდე _ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე, დაენიშნა მარჩენალდაკარგულის შრომის პენსია. 2007 წელს მან დაამთავრა სკოლა და ამავე წელს გააგრძელა სწავლა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში. 2008 წლის 14 მარტს შეუსრულდა 18 წელი და 2008 წლის მარტიდან შეუწყდა პენსიის მიღება. მოსარჩელის დედამ _ მ. ჯ-იამ, განცხადებით მიმართა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ძველი თბილისი _ დიდგორის განყოფილებას, რომელმაც ადმინისტრაციული აქტით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრებულ იქნა სოციალური სუბსიდიების სააგენტოში, რომლის 2008 წლის 20 ივნისის ¹01/09-13463 გადაწყვეტილებით ასევე უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებდა ისეთ გარემოებას, როდესაც მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა მარჩენალის შრომის პენსია და ამ პენსიას იღებდნენ სკოლის დამთავრების შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, გაუგრძელდათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებისა. ამავე ბრძანების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია წყდება მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას. 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული ქონდათ ,,მარჩენალის შრომის პენსია’’ უგრძელდებოდათ პენსიის გაცემა 23 წლის ასაკამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ნორმატიული აქტის თანახმად, საკმარისია პირს დანიშნული ჰქონდეს მარჩენალის შრომის პენსია 2006 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ 18 წლის შესრულებამდე მას იღებდეს როგორც სტუდენტი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, რა დროსაც მას პენსიის მიღება უნდა გაუგრძელდეს 23 წლამდე.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ მარჩენალდაკარგულის პენსიის შეწყვეტა განახორციელა უკანონოდ, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ პენსიის შეწყვეტის საკითხი დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს სკოლის დამთავრება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება მოუწია ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ.

შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუსიდიების სააგენტოს 2008 წლის 20 ივნისის ¹01/09-13463 მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, მოპასუხისათვის შეწყვეტილი მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასა და 2008 წლის მარტის თვიდან პენსიის აღდგენამდე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. რ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. რ-შვილმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით ს. რ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლაგიის 2008 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კოლიზიას ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და კანონქვემდებარე აქტს _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპანსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესებს’’ შორის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების’’ შესახებ 2006 წლის 10 თებერვლის ¹46/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა ,,მარჩენალის შრომის პენსია’’ და ამ პენსიას იღებდნენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, გაუგრძელდათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე და აღნიშნა, რომ კანონმდებელმა დაუშვა გამონაკლისი და პირის მიერ ადრე მოპოვებული უფლებები შენარჩუნებულ იქნა, თუკი ერთდროულად არსებობდა გარკვეული სახის პირობები, კერძოდ: 1. პირს (მარჩენალდაკარგულს) ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა ,,მარჩენალის შრომის პენსია’’; 2. პირი ამ პენსიას იღებდა სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო.

სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ ს. რ-შვილმა 2007 წელს დაამთავრა სკოლა. 2008 წლის 14 მარტს შეუსრულდა 18 წელი და ამ დროისათვის იგი სწავლას არ აგრძელებდა სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა, რომ მას ადრე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით 23 წლის ასაკამდე გაგრძელებოდა ,,მარჩენალის შრომის პენსიის’’ გაცემა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე ს. რ-შვილს დანიშნული ჰქონდა ,,მარჩენალის შრომის პენსია’’, მაგრამ მას 18 წლის ასაკის შესრულებამდე სწავლა არ გაურძელებია სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, 18 წლის ასაკის შესრულებასთან დაკავშირებით, მართებულად შეუწყდა პენსიის მიცემა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. რ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანებაზე და აღნიშნა, რომ ეს ბრძანება დეტალურად არეგულირებს სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესებს და ამ სფეროდან გამომდინარე სხვა მთელ რიგ საკითხებს.

კასატორის მითითებით, ზემოაღნიშნული ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად: 1. მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ენიშნებათ გარდაცვლილის ყოველ არასრულწლოვან შვილს; 2. მარჩენალის გარდაცვალების გამო ინიშნება სრულწლოვანების _ 18 წლის ასაკის მიღწევამდე; 3. იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა ,,მარჩენალის შრომის პენსია” და ამ პენსიას იღებენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო, გაუგრძელდებათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებისა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მუხლი ნათლად ცხადყოფს, რომ სადავო შემთხვევაში მარჩენალდაკარგულის პენსიის გაგრძელება არ უკავშირდება ამ ორი მოვლენის (პენსიის და დანიშვნისა და სტუდენტობის) ერთდროულად, კანონის ძალაში შესვლამდე წარმოშობას. კასატორი აღნიშნავს, რომ საკმარისია პირს იგი დანიშნული ჰქონდეს 2006 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ 18 წლის შესრულებამდე მას იღებდეს როგორც სტუდენტი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო. ასეთ შემთხვევაში მარჩენალდაკარგულის პენსია, ბრძანების თანახმად, გრძელდება 18 წლის ასაკის მიღწევის მიუხედავად, 23 წლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. რ-შვილის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით ს. რ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განსახილველად დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ანუ 2006 წლის 1 იანვრამდე, ს. რ-შვილს მამის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდა ,,მარჩენალის დაკარგვის გამო შრომის პენსია” (ტ. 1, ს.ფ. 17). ს. რ-შვილი 2007 წლის 24 ნოემბერს ბრძანება ¹62-ით ჩაირიცხა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიულ სწავლების ცენტრში, პროგრამით ,,ვებ ტექნოლოგიები” (ტ. 1, ს.ფ. 28). სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ს. რ-შვილს 2008 წლის 14 მარტს შეუსრულდა 18 წელი (ტ. 1, ს.ფ. 15). საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ს. რ-შვილს მარჩენალდაკარგულის პენსია შეუწყდა სრულწლოვანების მიღწევის გამო, აგრეთვე სსიპ სოცისლური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 20 ივნისის ¹01/09-13463 გადაწყვეტილებით (ტ. 1, ს.ფ. 16) უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონთან ერთად საქართველოში მოქმედებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანება ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე”.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვითაც პენსიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) საპენსიო ასაკის _ 65 წლის მიღწევა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; გ) მარჩენალის გარდაცვალება. აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის 46/ნ ბრძანების ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე” ¹1 დანართის მე-9 მუხლის მესამე პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა ,,მარჩენალის შრომის პენსია” და ამ პენსიას იღებენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო, გაუგრძელდებათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე. თუ არ დადგა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებისა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს და აღნიშნავს, რომ ბრძანება ¹46/ნ-ს ¹1 დანართის მე-9 მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს პენსიის გაგრძელების შესაძლებლობას 23 წლის ასაკამდე, თუ პირისათვის მისი დანიშვნა მოხდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე ანუ 2006 წლის 1 იანვრამდე და ეს პირები ამ პენსიას იღებენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო, შესაბამისად ეს მუხლი არ ითვალისწინების ორივე პირობის ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2006 წლის 1 იანვრამდე) არსებობას. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, როდესაც იგი აღნიშნავს, რომ საკმარისია პირს პენსია დანიშნული ქონდეს 2006 წლის 1 იანვრამდე და შემდეგ 18 წლის შესრულებამდე იღებდეს როგორც სტუდენტი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, როდესაც იგი აღნიშნავს, რომ ს. რ-შვილს 2008 წლის 14 მარტს შეუსრულდა 18 წელი და ამ დროისათვის იგი სწავლას არ აგრძელებდა სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რადგან საქმეში წარმოდგენილი სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრის 2008 წლის 10 სექტემბრის ცნობა ¹159/08-ით (ტ. 1, ს.ფ. 28) ირკვევა, რომ ს. რ-შვილი აღნიშნულ ცენტრში ჩარიცხულ იქნა 2007 წლის 24 ნოემბრის ბრძანება ¹62-ით, ხოლო იმავე ცენტრის 2008 წლის 6 მარტის ¹52/08 ცნობის მიხედვით ს. რ-შვილი ამ ცნობის გაცემის დროს სწავლობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე, რომლითაც იმპერატიულად იქნა დადგენილი ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული და გაცემული პენსიების გაცემის გაგრძელების შესაძლებლობა ამ კანონის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს აღნიშნულ მუხლის მე-2 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია ნორმატიული აქტები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღიდან განიხილებიან როგორც ამ კანონის თანახმად დანიშნული და გაცემული პენსიები და მათი გაცემა გაგრძელდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად. კერძოდ ეს ნორმატიული აქტებია: ა) ,,ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონი; ბ) ,,ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; გ) ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონი; ე) ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ს. რ-შვილისათვის პენსიის დანიშვნა ზემოაღნიშნული არცერთი ნორმატიული აქტით არ მომხდარა, შესაბამისად ამ პენსიის განხილვა როგორც ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დანიშნულის და გაცემულის, აგრეთვე მისი გაცემის გაგრძელდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. რ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. რ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს. რ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. რ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 2008 წლის 20 ივნისის ¹01/09-13463 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. რ-შვილისათვის შეწყვეტილი მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენის თაობაზე და ასევე აანაზღაუროს მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, კერძოდ მარჩენალდაკარგულის პენსიის ანაზღაურება შეწყვეტის მომენტიდან პენსიის აღდგენამდე;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.