ბს-64-62(კ-09) 10 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “ ...-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 22 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “ ...-ის” საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორ შპს “ ....-ს” დაევალა, ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, გადახდის ქვითარი; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 იანვრის ხარვეზის შესახებ განჩინება შპს “ ...-ის” წარმომადგენელ გელა ივანიძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 29 იანვარს.
2009 წლის 5 თებერვალს შპს “ ...-ის” წარმომადგენელმა გ. ი-ემ, ფოსტის მეშვეობით, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ხარვეზის შევსების ვადის სულ ცოტა ორი კვირით გაგრძელების შესახებ, იმ მოტივით, რომ შპს “ ...-ის” დირექტორი და ბუღალტერი არ იმყოფებიან ქ. თბილისში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს “ ...-ის” წარმომადგენელ გ. ი-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა შპს “ ...-ს” ამოეწურა 2009 წლის 5 თებერვალს, თუმცა კასატორს მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება შპს “ ...-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, შპს “ ...-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს შპს “ ...-ის” საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.