Facebook Twitter

ბს-646-614(კ-09) 22 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი, წარმომადგენელი – ზ. ხ-შვილი

მოწინააღმდე მხარეები - ვ. წ-შვილი, შ. ლ-ძე, მ. ს-შვილი, ზ. ხ-ძე, შ. მ-ძე; წარმომადგენელი – მ. ს-შვილი

მესამე პირი _ შპს «...», წარმომადგენელი – ი. წ-ური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება

დავის საგანი _ არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 4 სექტემბერს ვ. წ-შვილმა, კ. ბ-ძემ, შ. ლ-ძემ, მ. ს-შვილმა, ზ. ხ-ძემ და შ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს «...» (ხაშურის სალოკომოტივო სამმართველოს) და მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის, მიმართ არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ წლების მანძილზე მუშაობდნენ შპს «...» ხაშურის სალოკომოტივო დეპოში და იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილეები, რის გამოც მათზე ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და ამდენად, ხელფასიდან არ უნდა დაქვითოდათ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვითებოდათ 1992 წლიდან. 2000 წლიდან სარჩელის აღძვრის დრომდე მოსარჩელეებს ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით დაექვითათ _ ვ. წ-შვილს _ 6304 ლარი, შ. ლ-ძეს _ 5083,79 ლარი, ზ. ხ-ძეს _ 4825,24 ლარი, მ. ს-შვილს _ 5933,26 ლარი, კ. ბ-ძეს _ 4712,97 ლარი, შ. მ-ძეს _ 5786,83 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეებმა მიმართეს შპს «...» ხაშურის სალოკომოტივო სამმართველოს უფროსს, თუმცა უშედეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ მოპასუხეს დაკისრებოდა უკანონოდ დაქვითული თანხების ანაზღაურება ვ. წ-შვილისათვის _ 6304 ლარის, შ. ლ-ძისათვის _ 5083,79 ლარის, ზ. ხ-ძისათვის _ 4825,24 ლარის, მ. ს-შვილისათვის _ 5933,26 ლარის, კ. ბ-ძისათვის _ 4712,97 ლარისა და შ. მ-ძისათვის _ 5786,83 ლარის ოდენობით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. წ-შვილის, შ. ლ-ძის, მ. ს-შვილის, ზ. ხ-ძისა და შ. მ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «...» დაეკისრა ვ. წ-შვილისათვის - 289,16 ლარის, შ. ლ-ძისათვის _ 380,53 ლარის, მ. ს-შვილისათვის _ 584,11 ლარის, ზ. ხ-ძისათვის _ 450,05 ლარის, შ. მ-ძისათვის _ 410,88 ლარის, სულ _ 2114,73 ლარის გადახდა, ხოლო რაც შეეხება კ. ბ-ძეს, მართალია, რაიონულმა სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითა მასზე, თუმცა იმავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ მასზე ვერავითარი შეღავათი ვერ გავრცელდებოდა, დანარჩენი მოსარჩელეების მოთხოვნა კი, ფაქტობრივად, საფუძვლიანად მიიჩნია მხოლოდ 2005-2006 წლებში ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითული თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. წ-შვილმა, კ. ბ-ძემ, შ. ლ-ძემ, მ. ს-შვილმა, ზ. ხ-ძემ, შ. მ-ძემ და შპს «...».

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ შპს «...» თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით, კერძოდ, ვ. წ-შვილისათვის _ 4242,86 ლარის, შ. ლ-ძისათვის _ 3093,28 ლარის, ზ. ხ-ძისათვის _ 3137,06 ლარის, მ. ს-შვილისათვის _ 3687,23 ლარის, კ. ბ-ძისათვს _ 3413,71 ლარისა და შ. მ-ძისათვის _4141,8 ლარის დაკისრებას.

მეორე აპელანტი – შპს «...» სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად დაბრუნებას.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ განსახილველი დავის საგანი იყო ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის კანონიერება და ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხების ანაზღაურება, სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად კი მოსარჩელეები მიუთითებდნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, რაც უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე. საქმეში შპს «...» იყო არასათანადო მოპასუხე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საგადასახადო ინსპექციით, ხოლო შპს «...» ამავე საქმეში იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განჩინებით შპს «...» და ვ. წ-შვილის, კ. ბ-ძის, შ. ლ-ძის, მ. ს-შვილის, ზ. ხ-ძისა და შ. მ-ძის სააპელაციო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ვ. წ-შვილის, კ. ბ-ძის, შ. ლ-ძის, მ. ს-შვილის, ზ. ხ-ძისა და შ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებებით კ. ბ-ძის ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი; დანარჩენ მოსარჩელეთა მიმართ თავდაპირველი მოპასუხე შპს «...» მათივე თანხმობით შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საგადასახადო ინსპექციით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს «...» საქმეში ჩაება მესამე პირად. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელში მითითებული თანხები.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განჩინებით ვ. წ-შვილის, შ. ლ-ძის, მ. ს-შვილის, ზ. ხ-ძისა და შ. მ-ძის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელეთა თანხმობით, არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე ვ. წ-შვილის, შ. ლ-ძის, მ. ს-შვილის, ზ. ხ-ძისა და შ. მ-ძის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის მიმართ, მესამე პირი _ შპს «...», ხელფასიდან ზედმეტად დაქვითული საშემოსავლო გადასახადის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის განჩინებით ვ. წ-შვილის, შ. ლ-ძის, მ. ს-შვილის, ზ. ხ-ძისა და შ. მ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. წ-შვილის, შ. ლ-ძის, მ. ს-შვილის, ზ. ხ-ძისა და შ. მ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპქეციას დაევალა ზედმეტად გადახდილი თანხის, კერძოდ: ზ. ხ-ძის სასარგებლოდ – 450.05 ლარის, შ. მ-ძის სასარგებლოდ - 410,88 ლარის, მ. ს-შვილისათვის – 584,11 ლარის, ვ. წ-შვილისათვის – 289,16 ლარისა და შალვა ლომიძისათვის – 380,53 ლარის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკნონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნული სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისგან».

დადგენილია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს «...» ფილიალ ხაშურის სალოკომოტივო დეპოში და არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილეები – აფხაზეთის ტერიტორიზე მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობას იღებდნენ 1992 წელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» პუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹632 ბრძანებულების მე-3 პუნქტით, 2001 წლიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადიებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული მოწმობები.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს ხაშურის სალოკომოტივო დეპოს ადმინისტრაციას, გავრცელებულიყო მათზე კანონით გათვალისწინებული შეღავათი და წარადგინეს შიდა ქართლის ვეტერნათა საქმეების ტერიტორიული განყოფილების შესაბამისი ცნობები, რომლებიც გაცემულია 2005 წლის დეკემბერს და 2006 წლის მარტში, კერძოდ, ზ. ხ-ძემ, შ. მ-ძემ და მ. ს-შვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობის ცნობები წარადგინეს 2005 წლის დეკემბერში, ხოლო ვ. წ-შვილმა და შ. ლ-ძემ – 2006 მარტში. სამსახურმა მათზე შეღავათი გაავრცელა მხოლოდ მას შემდეგ, როცა წარადგინეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში მონაწილეობის მოწმობა, კერძოდ, შ. მ-ძეს, ვ. წ-შვილს, შ. ლ-ძესა და ზ. ხ-ძეს საშემოსავლო გადასახადი აღარ დაქვითვიათ 2006 წლის აგვისტოდან. მ. ს-შვილს კი 2006 წლის ივლისიდან.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა 1992 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, მათ მიერ შესაბამისი ცნობები სამსახურში წარდგენილ იქნა მხოლოდ 2005-2006 წლებში.

საქართველოს 2004 წლის საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის ,ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის წყაროსათან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი რომელიც ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასს უხდის დაქირავებულს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდება დაქირავებულის ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში. ამდენად, სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს «...» ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, შესაბამისად, მათთვის დაკავებული საშემოსავლო გადასახადიც გადაიხდებოდა მათი ფაქტობრივი საქმიანობის შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რეგიონალურმა ცენტრმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ გორის საგადასახადო ინსპექცია არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან მოსარჩელეები წარმოადგენენ შპს «...» მუშაკებს (დაქირავებულ პირებს) რომელთა მიმართაც ამავე იურიდიულ პირს აკისრია საგადასახადო აგენტის ფუნქცია, რაც ავალდებულებს მას სწორად და დროულად გამოიანგარიშოს, გადასახადის გადამხდელს დაუკავოს და შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხოს სათანადო გადასახადები; აღრიცხოს ყოველი გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული და მის მიერ გადახდილი შემოსავლები, აგრეთვე დარიცხული, დაკავებული და ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადები; საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადების გამოანგარიშების, დაკავებისა და გადასახადის სისწორის კონტროლის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტები.

აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელება ევალება და შესაბამის ინფორმაციასაც სრულად ფლობს ან უნდა ფლობდეს «...», მის მიერვე უნდა ყოფილიყო აღიარებული (თუ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი), რომ გადასახადის დაკავებისას დაშვებულია შეცდომა და ემოქმედა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ადგენს, რომ ,,თუ გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი თავის მიერ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომებს, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას), ვალდებულია, საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ანდა დამატება». გარდა ამისა, მოცემული შემთხვევის (შეცდომის, უსწორობის) გამოსწორების მიზანს ემსახურება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე (ზედემტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება), 81-ე (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა) მუხლები და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის ¹45 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშწორებათა განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ» ინსტრუქციის მე-10 მუხლი, რომლის შესაბამისად, ,, ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს: ა)ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნებას ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად», ამავე ინტრუქციის მე-11 მუხლის თანახმად, კი ,,ზედმეტად გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხიდან.»

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და გორის საგადასახადო ინსპქეციის არასათანადო მოსარჩელედ აღიარებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმებას, არასათანადო მოპასუხედ ცნობასა და მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გორის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ვ. წ-შვილი, შ. ლ-ძე, მ. ს-შვილი, ზ. ხ-ძე და შალვა მელაძე მუშაობენ შპს «...» ფილიალ ხაშურის სალოკომოტივო დეპოში და არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლის მონაწილეები, კერძოდ მონაწილეობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992 წელს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის ¹632 ბრძანებულების მე-3 პუნქტით, 2001 წლიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული მოწმობები. აღნიშნული შეეხო მოსარჩელეებსაც.

მოსარჩელეებზე შეღავათის გავრცელება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მხრიდან წარდგენილ იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილის მოწმობა. შ. მ-ძეს, ვ. წ-შვილს, შ. ლ-ძეს და ზ. ხ-ძეს საშემოსავლო გადასახადი აღარ დაჰქვითვიათ 2006 წლის აგვისტოდან, ხოლო მ. ს-შვილს – 2006 წლის ივლისიდან.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მოსარჩელეთა უფლებრივი საკითხის აღიარების ნაწილში და მართებულად მიიჩნევს საგადასახადო კოდექსის შესაბამის ნორმებზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მე-2 მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. ანალოგიური შინაარსის ნორმას შეიცავდა 2005 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ის, რომ დავას არ იწვევს მოსარჩელეთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სასამართლოს მიერ სრულად კანონიერად მოხდა მოსარჩელეებზე საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი შეღავათის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს კასატორის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის თაობაზე წარმოდგენილ განმარტებას და აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს არცერთ ეტაპზე სადავოდ არ უქცევია ის მოსაზრება, რომ საწარმოს, მოცემულ შემთხვევაში შპს «...», როგორც საგადასახადო აგენტს ეკისრებოდა ვალდებულება სწორად და დროულად გამოეანგარიშებინა და დაეკავებინა გადასახადი. საკასაციო სასამართლოსათვის ანალოგიური საკითხების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია იყო ის ფაქტი, რომ თანხა ამ ეტაპზე ამოღებულია სახელმწიფო ბიუჯეტში და როგორც არასწორად შესული ექვემდებარება დაბრუნებას სწორედ ამ უკანასკნელიდან. ამასთან, ის გარემოება, რომ საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საგადასახადო ორგანო, არ გამორიცხავს რკინიგზის ვალდებულებას, დაიცვას კანონით გაწერილი მოთხოვნები და წარადგინოს შესწორებული დეკლარაციები.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო სარჩელის საფუძველზე წყვეტს მხოლოდ უფლებრივ საკითხს და ადასტურებს, რომ კანონით გაწერილი შეღავათი მოსარჩელეებზე, როგორც ამ შეღავათის მატარებელ პირებზე უნდა გავრცელდეს და დაქვითული თანხა, როგორც ბიუჯეტში შეცდომით მოხვედრილი უნდა დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, ეჭვქვეშ აყენებს გადაწყვეტილების მოცემული სახით აღსრულების შესაძლებლობას და ამ თვალსაზრისით არგუმენტირებულად მიიჩნევს კასატორის – გორის საგადასახადო ინსპექციის პოზიციას მისი, როგორც მოპასუხის, არასათანადოობის თაობაზე.

,,ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა – ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშსწორების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის ¹45 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, უფლებამოსილი საგადასახადო ინსპექციის ან რეგიონალური საბაჟოს მიერ, სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ნორმა შეიცავს ცალსახა მითითებას უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოზე, ხოლო შპს «...» გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე იმყოფება მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გორის საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენს არაუფლებამოსილ ორგანოს წარადგინოს საგადასახადო დავალება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოცემულ პირობებში გორის საგადასახადო ინსპექციას მიიჩნევს არასათანადო მოპასუხედ და თვლის, რომ გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულებისა და მოსარჩელეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საჭიროა, გორის საგადასახადო ინსპექცია, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეიცვალოს სათანადო მოპასუხით _ მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციით, რა მიზნითაც საქმეს აბრუნებს იმავე სასამართლოში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მარტის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.