¹ბს-653-620(კ-09) 15 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ. ნ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ ბ. ნ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბ. ნ-ძემ 2008 წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 2008 წლის 16 ივნისის ¹91/08 დადგენილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ნ-ძის სარჩელი ქალაქ ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ნ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით ბ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. ნ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატამ ბ. ნ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით ბ. ნ-ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ბ. ნ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2009 წლის 15 მაისს და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 22 მაისს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2009 წლის 23 მაისს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 29 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს ბ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.