Facebook Twitter

¹ბს-656-622(კ-09) 10 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ფ-ძე, გ. მ-შვილი, ზ. ქ-ძე, ო. ს-ძე, ა. უ-ავა, ი. მ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 7 თებერვალს მ. ფ-ძემ, გ. მ-შვილმა, ზ. ქ-ძემ, ო. ს-ძემ, ა. უ-ავამ და ი. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ისინი მუშაობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტში და დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებამდე მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მათთვის რიცხული დავალიანება და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა, ასევე ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების სახით გათვალისწინებული თანხა.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა სანივთე და კვების კომპენსაციის ნაწილში და საბოლოოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე მ. ფ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 137 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1250 ლარის, გ. მ-შვილის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 150 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1250 ლარის, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის _ 422,30 ლარისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 2240 ლარის, ო. ს-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1560 ლარის, ა. უ-ავას სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1150 ლარის, ხოლო ი. მ-შვილისათვის ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების _ 1150 ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების მ. ფ-ძის, გ. მ-შვილის, ზ. ქ-ძის, ო. ს-ძის, ა. უ-ავასა და ი. მ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ფ-ძის სასარგებლოდ 39,80 ლარი სახელფასო დავალიანებისა და 2000 ლარი ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურება, გ. მ-შვილის სასარგებლოდ ­_ 150 ლარი სახელფასო დავალიანებისა და 1250 ლარი ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურება, ზ. ქ-ძის სასარგებლოდ _ 181,51 ლარი სახელფასო დავალიანებისა და 2240 ლარი ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების, ო. ს-ძის სასარგებლოდ _ 1560 ლარი ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურება, ხოლო ი. მ-შვილის სასარგებლოდ _ 1150 ლარი ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეთათვის სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს ¹2470-რს კანონით შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შესაბამისად 37.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ვრცელდებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და რადგან მოსარჩელეები შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლებულ იქნენ 2005 წელს, აღნიშნული ნორმის მოქმედება მათზე არ გავრცელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611 მუხლის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331 მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა აღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის ამოქმედების მომენტიდან მისი მოქმედება უნდა განხორციელებულიყო 2005 წლის განმავლობაში წარმოშობილ ურთიერთობებზე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ა) იმ შემთხვევაში თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემოდა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, მაშინ მასზე გავრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მაშინ გავრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეებს უნდა მიეღოთ თითოეული თვის ან პერიოდის კვების კომპენსაცია. კასატორის მითითებით, სარჩელი შეტანილია 2008 წელს და შესაბამისად გაშვებულია ხანდაზმულობის ვადები.

კასატორმა აგრეთვე მიუთითა, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ნოემბრის ¹493 ბრძანებულებას დაემატა 611-ე პუნქტი, რომლითაც ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული 331-ე პუნქტის შეჩერებით კანონმდებელმა დროებით კი არ შეაჩერა ან გადაავადა ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი თანხებით გაცემის ვალდებულება, არამედ გაათავისუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ვალდებულების შესრულებისგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1272 ბრძანებით მ. ფ-ძე, გ. მ-შვილი, ზ. ქ-ძე, ო. ს-ძე, ა. უ-ავა და ი. მ-შვილი დათხოვნილ იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) თანახმად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის «ე» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) _ სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე _ ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე _ ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე _ რვამაგი; დ)15-დან 20 წლამდე _ ათმაგი; ე) 20 წელი და მეტი _ თორმეტმაგი.

ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება განახლდა 2006 წლის 1 იანვარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლი, ამოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹531 ბრძანებულებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2007 წლის 7 ივნისის ¹8/1224 დასკვნის (ს.ფ. 28,30,39,44,46,52,59) თანახმად, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის წერილის საფუძველზეა გაკეთებული, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილნი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) მიეცემოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

ამავე ცნობის მიხედვით, აღნიშნული პუნქტის მოქმედება ამავე ბრძანებულების 611-ე პუნქტით 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო. შესაბამისად, 331-ე პუნქტით განსაზღვრული პირობა ვრცელდებოდა მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიქმნა 2006 წელს და არ ვრცელდებოდა 2005 წელს წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები იმის თაობაზე მოახდინეს თუ არა მოსარჩელეებმა უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით, ხოლო საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ დაადგენს აღნიშნულ გარემოებას საქმეში არსებული წინააღმდეგობრივი ცნობების გამო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.