ბს-661-627(კ-09) 25 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 9 ივლისს ხ. ზ-ძემ, ნ. ბ-ძემ, ნ. გ-ძემ, ნ. ს-ივემ, გ. კ-ძემ, თ. უ-ძემ, ი. ს-ძემ და ჯ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ისინი მუშაობდნენ ქ. ... ყოფილ სამხედრო სანატორიუმ ,,...”, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა 2004 წლის დეკემბერში, სხვადასხვა თანამდებობებზე, კერძოდ, ხ. ზ-ძე მუშაობდა ..., გათავისუფლდა 2000 წლის 18 აგვისტოს, მისაღები დარჩა შრომითი გასამრჯელო _ 966,10 ლარი, ნ. ბ-ძე მუშაობდა ... დამხმარე მუშად, გათავისუფლდა 1999 წლის 20 აგვისტოს, მისაღები დარჩა შრომითი გასამრჯელო _ 729,51 ლარი, ნ. გ-ძე მუშაობდა ..., გათავისუფლდა 2000 წლის 13 დეკემბერს, მისაღები დარჩა შრომითი გასამრჯელო _ 1000,40 ლარი, ნ. ს-ივემ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ა. ფ-ავა მუშაობდა ..., გათავისუფლებულ იქნა გარდაცვალების გამო 1999 წლის 24 სექტემბერს, მისაღები დარჩა შრომითი გასამრჯელო _ 1575,21 ლარი, გ. კ-ძე მუშაობდა ... ოპერატორად, ხოლო შემდგომში _ სანტექნიკურ მეურნეობაში ..., გათავისუფლდა 2003 წლის 23 ოქტომბერს, მისაღები დარჩა შრომითი გასამრჯელო _ 901,01 ლარი, თ. უ-ძე მუშაობდა ..., გათავისუფლდა 2002 წლის 19 აპრილს, მისაღები დარჩა შრომითი გასამრჯელო _ 1000,30 ლარი, ი. ს-ძე მუშაობდა ..., გათავისუფლდა 2003 წლის 21 ოქტომბერს, მისაღები დარჩა შრომითი გასამრჯელო _ 820,45 ლარი, ჯ. გ-ძე მუშაობდა ..., გათავისუფლდა 2000 წლის 28 დეკემბერს, მისაღები დარჩა შრომითი გასამრჯელოM_ 978,93 ლარი.
მოსარჩელეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის აღნიშნული თანხების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ. ზ-ძის, ნ. ბ-ძის, ნ. გ-ძის, ნ. ს-ივის, გ. კ-ძის, თ. უ-ძის, ი. ს-ძისა და ჯ. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ხ. ზ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 966,10 ლარის, ნ. ბ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 729,51 ლარის, ნ. გ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1000,40 ლარის, ნ. ს-ივის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1575,21 ლარის, გ. კ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 886,97 ლარის, თ. უ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 776,8 ლარის, ი. ს-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 820,45 ლარის, ჯ. გ-ძის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 978,93 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.