ბს-664-630(3კ-09) 22 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე შპს «...» სარჩელის გამო თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 6 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-664-630(კ-09) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრებით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე ხელს აწერდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ი. ღ-ძე, საკასაციო საჩივარს ერთვოდა ფინანსთა მინისტრის _ ნ. გ-ურის მიერ 2008 წლის 27 ნოემბერს გაცემული ბრძანება ი. ღ-ძისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ და არ იყო წარმოდგენილი დღეის მდგომარეობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ი. ღ-ძისათვის დელეგირების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს მიეცა საპროცესო ვადა 5 დღე (იხ. ს.ფ. 96-99; ტ.II).
კასატორმა ხარვეზი არ შეავსო და საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაჰბარდა 2009 წლის 25 მაისს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით (იხ. ს.ფ. 102; ტ.II). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2009 წლის 1 ივნისს, თანახმად, სსსკ-ის 61.3 მუხლისა, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.