¹ბს-670-636(2კ-09) 24 სექტემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ა-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 3 თებერვალს გ. ა-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ახალქალაქის განყოფილების, ახალქალაქის რაიონის გამგეობისა და ახალქალაქის რაიონის მიწის სამმართველოს მიმართ, 2002 წლის 19 თებერვლის აუქციონზე ყოფილი პტს ¹82 სასწავლო კორპუსის შენობის გასხვისების ბათილად ცნობისა და ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ 2002 წლის 25 ივლისის ¹5/25 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე ობიექტის დანარჩენი ნაწილების გასხვისების შეჩერება.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. ნ-იანი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-იანის სარჩელი 2002 წლის 19 თებერვლის აუქციონის შედეგების, ახალქალაქის რაიონის გამგეობის 2002 წლის 25 ივლისის ¹5/25 დადგენილების ბათილად ცნობისა და დამხმარე ნაგებობების გაყიდვის შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-იანმა, რომელმაც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ახალქალაქის რაიონის ქონების მართვის განყოფილების უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო, ახალქალაქის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხოლო ახალქალაქის მიწის მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს იუსტიცის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ა-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის რაიონის გამგეობის 2002 წლის 25 ივლისის ¹5/25 გადაწყვეტილება ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, მისი გამოცემის მომენტიდან. უარი ეთქვა მოსარჩელის მოთხოვნას 2002 წლის 19 თებერვლის აუქციონის წესით პრივატიზების შედეგად გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-იანმა, რომელმაც ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ახალქალაქის რაიონის გამგეობის 2002 წლის 25 ივლისის ¹5/25 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-იანმა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინებით ლ. ნ-იანისა და გ. ა-იანის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-იანმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. ა-იანმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით, ლ. ნ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა-იანის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან გ. ა-იანს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვრის განჩინება;
3. გ. ა-იანს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4 .საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.