ბს-671-643(კ-08) 25 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ნ-ოს” დირექტორი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. გ-ემ 2006 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულების არარად აღიარების ნაწილში ქობულეთის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹170 განკარგულების ბათილად ცნობა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულების არარა აქტად აღიარების ნაწილში ქობულეთის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹170 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სარჩელი აღძრულია იმ საფუძვლით, რომ 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება გამოცემულია უფლებამოსილი პირის – გამგებლის მიერ, რომელსაც სრული უფლებამოსილება გააჩნდა მიეღო განკარგულება და ამდენად, მასზე არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შედეგები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულებით, რაიონის გამგებლის მიერ ერთპიროვნულად იქნა განკარგული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწა, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. იმ დროისათვის, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგებოდა კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის უფლება ჰქონდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სწორად იქნა არარად აღიარებული ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მიწვეული არ ყოფილა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოტივით სადავო განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა ასევე ამავე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე აქტის გამოცემა ამ შემთხვევაში აქტის გამოცემის წესის არსებით დარღვევად არ ჩაითვლება, რადგან არ დასტურდება, რომ ამ წესის დაცვის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,ნ-ოს” დირექტორმა თ. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ნ-ოს” დირექტორი თ. გ-ის წარმომადგენლის მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ იმ დროისთვის მოქმედი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სახელმწიფოს მიწა სარგებლობაში ან საკუთრებაში განიკარგებოდა კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტით შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის უფლება ჰქონდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქობულეთის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის თ. ზ-ის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹170 განკარგულების გამოცემისას, რითაც არარა აქტად იქნა გამოცხადებული ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება შპს ,,ნ-თვის” შერეული ტიპის სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, ასევე თ. გ-ის დაუსწრებლობა არ წარმოადგენს არსებით დარღვევას, რადგან დაინტერესებული პირის მონაწილეობითაც იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა იგივე სადავო აქტი და ამ წესების დაცვის შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლოდ, სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ,,ნ-ოს” წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
ქობულეთის რაიონის გამგეობის (გამგებლის) 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება გამოცემული იყო ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ამ განკარგულების გამოცემა განეკუთვნებოდა ქობულეთის რაიონის გამგებლის კომპეტენციას; კასატორმა მიუთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 1998-99 წლებში მოქმედი 26-ე მუხლის თაობაზე, რომლითაც რაიონის გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა ადგილობრივი ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფა.
კასატორი თვლის, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის (გამგებლის) 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება მიღებული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, აჭარის არ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის (ქობულეთის რაიონში) თანხმობით.
კასატორი მიუთითებს, რომ ქობულეთის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹170 განკარგულება გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, რადგანაც იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად დაირღვა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესები. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორი მოწვეული არ ყოფილა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რითაც დაირღვა სზაკ 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ აღნიშნული მოტივით სადავო განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, კასატორი თვლის, რომ მხარის მონაწილეობით საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, საშუალება მიეცემოდა, ადმინისტრაციული წარმოების დროს (რომელიც ფაქტიურად არ ჩატარებულა) – დაესაბუთებინა საკუთრების წარმოშობის საფუძვლის კანონიერება, წარმოედგინა ყველა ის დოკუმენტი, ყველა ის განკარგულება, მათ შორის აჭარის არ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის ქობულეთის რაიონის 1992 წლის 10 ივნისის ¹391 განკარგულება, აჭარის არ ქობულეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 ივლისის ¹89 განკარგულება და სხვა საკასაციო საჩივარზე თანდართული მასალები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ნ-ოს» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის ქობულეთის რაიონში ე. წ-ის 1992 წლის 10 ივნისის განკარგულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მრავალდარგოვან მცირე საწარმო «ნ-ოს» ხელმძღვანელობას ნება დაერთო აწარმოოს ოფისისა და მაღაზიის მშენებლობა ....-ისა და ...-ის ქუჩების კვეთაში სათანადოდ დამტკიცებული პროექტის მიხედვით (სფ.13); ს.ფ. 14-ზე წარმოდგენილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 ივლისის განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა რაიონული კომისიის მიერ წარმოდგენილი 1998 წლის 10 ივლისის ადგილის შერჩევის აქტი და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «ნ-ოს» შერეული ტიპის სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის ....-ისა და ....-ის ქუჩების კვეთაში გამოეყო 0,06 ჰექტარი არასასოფლო-სამაურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ს.ფ. 81-ზე წარმოდგენილია ქობულეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის რ. გ-ის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად დამტკიცდა რაიონული კომისიის მიერ წარმოდგენილი 1999 წლის 10 ივნისის ადგილის შერჩევის აქტი და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება «ნ-ოს» შერეული ტიპის სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის გამოეყო 0.06 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ....-ისა და ....-ის ქუჩების კვეთაში; ამ განკარგულების მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ დამტკიცება უნდა ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2002 წლის 11 მარტს საჯარო რეესტრში შპს «ნ-ოს» სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ....-ისა და ...-ის ქუჩების კვეთაში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს კანონი «ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ», აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის რაიონის გამგეობის 1998 წლის 16 ივლისის განკარგულება და აჭარის არ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის ქობულეთის რაიონში 1992 წლის 10 ივნისის ¹391 განკარგულება (ს.ფ. 30).
დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹170 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად იქნა აღიარებული ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება შპს «ნ-ოს» შერეული ტიპის სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. მოცემული განკარგულების გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა ქობულეთის რაიონის გამგებლის მიერ ერთპიროვნულად წარმოადგენდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატებოდა არაუფლებამოსილი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულების მიღების დროისათვის მოქმედ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავს იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით სარგებლობისა და განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთის გასხვისება განხორციელდა ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულების მიღების პერიოდისათვის მოქმედ «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სახელმწიფო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში ან საკუთრებაში გაიცემა კონკურსის ან აუქციონის წესით. მოცემული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფო მიწის იჯარით გაცემის წესს, აღნიშნული მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ქალაქის, რაიონის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული სახელმწიფო მიწის იჯარით გაცემაზე მიიღება ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით,ANრაც მიუთითებს კონკურსის ან აუქციონის წესის სავალდებულო დაცვაზე; იგივე პროცედურის დაცვით უნდა განხორციელდეს აღნიშნული კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო მიწის ქირავნობის, აღნაგობის და უზუფრუქტის ფორმით გაცემაც.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასაციის მოტივს იმის შესახებ, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის (გამგებლის) 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება მიღებული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, აჭარის არ მინისტრთა საბჭოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის (ქობულეთის რაიონში) თანხმობით, მართალია ქობულეთის რაიონის გამგეობის (გამგებლის) 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, მოცემული ადმინისტრაციული აქტის დამტკიცება ეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, მაგრამ ასეთი თანხმობა საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნული საქმის მასალების თანახმად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდქსის მე-60 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი არარა აქტების მიმართ არ ვრცელდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის ამ კოდექსით დადგენილი ვადები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანო ვალდებულია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით არარად აღიაროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹170 განკარგულების გამოცემისას, რითაც არარა აქტად იქნა გამოცხადებული ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულება შპს «ნ-თვის» შერეული ტიპის სავაჭრო ცენტრის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, მოსარჩელის მონაწილეობის მიუღებლობა არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას, ვინაიდან დაინტერესებული პირის მონაწილეობითაც იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა იგივე სადავო აქტი და ამ წესების დაცვის შემთხვევაშიც მოსარჩელის სასარგებლო, სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა რა ქობულეთის რაიონის გამგებლის 1999 წლის 14 ივლისის ¹81 განკარგულების კანონით გათვალისწინებული არარად აღიარების უპირობო საფუძველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹170 განკარგულება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდქსის მე-60 მუხლის შესაბამისად და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც შპს «ნ-ოს» საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «ნ-ოს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.