ბს-681-647(2კ-09) 29 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ი-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 1 ოქტომბერს ნ. ი-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2007 წლის 19 სექტემბერს, კუთვნილი ავტომანქანით ,,...” სახ. ნომრით ..., გადაჰქონდა სილა. გორის რაიონის გზის მე-80კმ-ზე გააჩერეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვის შემოწმების მიზნით. მანქანა ასაწონად გადაიყვანეს ქ. გორში, სადაც ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო წონამ შეადგინა 46960 კგ, რაც დაშვებულ ზღვარზე 2960 კგ-ით მეტია და რის გამოც საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ იქნა საჯარიმო ქვითარი ¹ბა309354 და დაეკისრა ჯარიმა - 2960 ლარი.
2007 წლის 23 სექტემბერს მას კვლავ გადაჰქონდა სილა და მოძრაობდა გორის რაიონის გზის მე-80 კმ-ზე, რა დროსაც 21.58 საათზე კვლავ გაჩერებულ იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის გადაზიდვის შემოწმების მიზნით. მანქანა ასაწონად გადაიყვანეს ქ. გორში, სადაც ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, მანქანის მესამე ღერძზე გადატვირთვამ შეადგინა 4920 კგ, რის გამოც საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ იქნა საჯარიმო ქვითარი ¹ბა309007 და დაეკისრა ჯარიმა - 4920 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მან, როგოც პირველ ისე მეორე შემთხვევაში, ეჭვი შეიტანა ქ. გორში არსებულ სამანქანო სასწორის ტექნიკურ გამართულობასა და აწონვის პროცედურის სისწორეში, შესაბამისად მის შედეგებშიც, რის გამოც მან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ააწონინა მანქანა და მისმა წონამ შეადგინა 41820 კგ, ანუ საჯარიმო ქვითარში დაფიქსირებულ წონაზე 5140 კგ-ით ნაკლები.
ზემოაღნიშნულის გამო, მოსარჩელის მოსაზრებით, ორივე საჯარიმო ქვითარი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ საფუძვლიანად არ იქნა შესწავლილი საქმის გარემოებები, მიუხედავად იმისა, რომ მან ეჭვქვეშ დააყენა სამანქანო სასწორის ტექნიკური გამართულობა და აწონვის შედეგები. გორში არსებული სასწორისგან განსხვავებით თბილისში აწონვისას ხდება მანქანის მთლიანი აწონვა, ხოლო გორში მოხდა მანქანის ცალკეული ღერძების აწონვა და შემდეგ ამ მონაცემების შეკრება, რამაც გამოწვია უზუსტობა.
ზაკ-ის მე-601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად კი ჩაითვლება, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა აქტის მომზადებისა და გამოცემის წესების დარღვევას, რაც გამოიხატება პატრულ-ინსპექტორის მიერ სამანქანო წესების დარღვევაში, აღნიშნულ დარღვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მოხდებოდა მანქანის ზუსტი წონის დადგენა და ნიკოლოზ ი-შვილი არ დაჯარიმდებოდა.
პატრულ-ინსპექტორების მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე და 2341-ე მუხლის მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 2007 წლის 19 სექტემბრის ¹ბა309354 და 2007 წლის 23 სექტემბრის ¹ბა309007 საჯარიმო ქვითრების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ი-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლის შესაბამისად, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომელთა თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტი საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, - გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში.
სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ნიკოლოზ ი-შვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, მძღოლს ადგილზევე გამოეწერა საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შედგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა ამ კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები, რამდენადაც სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოება ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და მითითებული კოდექსის ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დარღვეული არ ყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნიკოლოზ ი-შვილმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრაში მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება; ასევე სასამართლომ არ იმსჯელა ისეთი სახის ფაქტობრივ გარემოებაზე, როგორიცაა სასწორის გამართულობა და გაუმართაობა. საქმეში წარმოდგენილია შემოწმების აქტი, რომლითაც სასწორი შემოწმდა 117-ე კილომეტრზე და არ შემოწმებულა იმ მონაკვეთზე, სადაც გაჩერებულ იქნა მისი კუთვნილი ავტოტრანსპორტი, ანუ მე-80 კილომეტრზე. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულება, როგორიცაა აწონვის ქვითარი, რაც ასევე უტყუარად ადასტურებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ი-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 19 სექტემბრის ¹ბა309354 საჯარიმო ქვითარი 5.3 პუნქტის – ჯარიმის 1830 ლარის დაკისრების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ასევე 2007 წლის 23 სექტემბრის საჯარიმო ქვითარი 5.3 პუნქტის – ჯარიმის 2460 ლარის დაკისრების ნაწილში; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ამასთან, მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლში, 2008 წლის 11 მარტს განხორციელებულ ცვლილებეზე, რომლის შესაბამისად, თითოეულ ზედმეტ ტონაზე ჯარიმის სახით გათვალისწინებულ იქნა _ 500 ლარი, ნაცვლად სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის გათვალისწინებული _ 1000 ლარისა.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სამართალდარღვევის შემდეგ კანონით გაუქმდა ან შემსუბუქდა პასუხისმგებლობა, ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევაზეც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება და თითოეულ ზედმეტ ტონაზე ჯარიმის სახით გათვალისწინებული უნდა იქნეს 500 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა და ნ. ი-შვილმა.
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლში განხორციელებული 2008 წლის 11 მარტის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ბათილად ცნო საჯარიმო ქვითრის 5.3 პუნქტი ანუ ჯარიმის სახით სახდელის დადების ნაწილი, მაშინ როცა მითითებული ცვლილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 1291-ე მუხლით განსაზღვრული სახდელი – თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარი შემცირდა და განისაზღვრა 500 ლარით, შესაბამისად, ნ. ი-შვილს 19.09.2007 წლის ¹ბა309354 საჯარიმო ქვითრით დაკისრებული 1830 ლარის ოდენობით ჯარიმა უნდა შეუმცირდეს 915 ლარით და 23.09.2007 წლის ¹ბა309007 საჯარიმო ქვითრით დაკისრებული 2460 ლარი – 1230 ლარით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ აქტს აქვს უკუქცევითი ძალა ე.ი. ვრცელდება ამ ფაქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევაზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ი-შვილისათვის 19.09.2007 წლის ¹ბა309354 საჯარიმო ქვითრით ჯარიმის სახით 915 ლარის, ხოლო 23.09.2007 წლის ¹309007 საჯარიმო ქვითრით – 1230 ლარის განსაზღვრას.
კასატორმა – ნ. ი-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით ცნობილ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის ,,გ” ქვეპუქნტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, დატოვებულია განუხილველად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში.
ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ მიიჩნევს პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლის გამოყენების არამართებულობის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არა აქვს სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის (2006წ 23 ივნისის რედაქციით) შესაბამისად, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომელთა თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი ტვირთამწეობის ზღვარს, გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).
2008 წლის 11 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია ,,თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად)”, შემცირდა და განისაზღვრა ახალი სანქცია ,,თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად)”.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტს აქვს უკუქცევითი ძალა, ე.ი. ვრცელდება ამ აქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე. აღნიშნული ნორმა საკასაციო სასამართლო აძლევს საფუძველს დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მითითება ნ. ი-შვილისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით შეფარდებული სანქციების შემცირების სავალდებულობის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო ფაქტობრივად ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას, თვლის, რომ სანქციის შემცირების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს უზუსტობას, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის აუცილებლობას.
საქმის მასალებით დადგენილადაა ცნობილი, რომ 2007 წლის 19 სექტემბერს საპატრულო პოლიციის მიერ ნ. ი-შვილის მიმართ შესდგა სამართალდარღვევათა ოქმი ¹ბს309354, რის საფუძველზეც ნ. ი-შვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 2960 ლარით, ხოლო 2007 წლის 23 სექტემბერს ¹ბს 309007 სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე იმავე სახის სამართალდარღვევისათვის დაჯარიმდა 4920 ლარით.
როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლში 2008 წლის 11 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, შეფარდებული სანქციების ორჯერ შემცირებას, რისი გათვალისწინებითაც ნ. ი-შვილს საპატრულო პოლიციის მიერ ¹ბს309354 სამართალდარღვევათა ოქმით განსაზღვრული სანქცია უნდა შემცირდეს 1480 ლარამდე, ხოლო ¹ბს 309007 სამართალდარღვევათა ოქმით განსაზღვრული სანქცია 2460 ლარამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ი-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულის მიერ 2007 წლის 19 სექტემბერს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით ¹ბს309354 განსაზღვრული სანქცია (ფულადი ჯარიმა 2960 ლარი) შემცირდეს 1480 ლარამდე, ხოლო 2007 წლის 23 სექტემბერს ¹ბს 309007 სამართალდარღვევათა ოქმით განსაზღვრული სანქცია (ფულადი ჯარიმა 4920 ლარი) შემცირდეს 2460 ლარამდე.
დანარჩენ ნაწილში ნ. ი-შვილს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.