ბს-683-649(2კ-09) 2 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილებისა და ქ. ა-ავას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 24 აგვისტოს შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების მიმართ, მესამე პირად კი ქ. ა-ავაზე მიუთითა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს «...» წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე 228,38 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს, რაც დასტურდებოდა 2007 წლის 12 ივლისს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ამ უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2000 წლის 31 მარტს გაცემული ¹23/1104-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. მითითებული არასაცხოვრებელი ფართი მდებარეობდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ქვეშ, რომლის მესაკუთრეც იყო ქ. ა-ავა. ამ უკანასკნელმა 2007 წლის 3 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს, რომელშიც მიუთითა, თითქოს შპს «...» უკანონოდ ჰქონდა დაკავებული მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის სარდაფის ნაწილი, რითაც ხელყოფდა მისი საკუთრების უფლებას. ქ. ა-ავამ განცხადებაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 მარტის ¹495 ბრძანებაზე მითითებით, აღნიშნული ფართიდან იქ მყოფ პირთა გამოსახლება და ხსენებული ფართის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა. ქ. ა-ავამ განცხადებას მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... ¹12-ში მდებარე უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერისა და საკადასტრო გეგმების ასლები დაურთო.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების საუბნო ქ/განყოფილების უბნის ინსპექტორმა გ. დ-შვილმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. ა-ავას მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა მისი საკუთრების უფლება განცხადებაში მითითებულ არასახოვრებელ ფართზე და 2007 წლის 12 ივლისს გამოსცა ¹23 გაფრთხილება. ხსენებული გაფრთხილების თანახმად, მოსარჩელეს წინადადება მიეცა წარედგინა სადავო ფართზე საზოგადოების საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ხუთი დღის განმავლობაში ნებაყოფლობით დაეცალა ფართი, წინააღმდეგ შეთხვევაში ხსენებული ფართის განთავისუფლება მოხდებოდა იძულების წესით. 2007 წლის 12 ივლისს, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი სადავო ფართზე შპს «...» საკუთრების უფლების თაობაზე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, 2007 წლის 26 ივლისს ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა შპს «...» გამოსახლება სადავო ფართიდან ისე, რომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის უფლებები. მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები _ 2007 წლის 12 ივლსის ¹23 გაფრთხილება «საკუთრებაში არსებული უძრავი ნოვთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის შესახებ», ასევე ასეთი ხელშეშლის აღკვეთის 2007 წლის 26 ივლისის ოქმი ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად დარღვეული იყო მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების საუბნო ქ/განყოფილების უბნის ინსპექტორის გ. დ-შვილის მიერ 2007 წლის 26 ივლისს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ «საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის» ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების საუბნო ქ/განყოფილების 2007 წლის 26 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარმოებების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, ხსენებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-ავამაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე შპს «...» შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. ა-ავას სააპელაციო საჩივარიც; შპს «...» შეგებებული სააპელაციო საჩივარი კი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების საუბნო ქ/განყოფილების ინსპექტორ გ. დ-შვილის მიერ 2007 წლის 26 ივლისს გამოცემული «საკუთებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის» ოქმი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-ავამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველმა განყოფილებამაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისისა და 10 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილებისა და ქ. ა-ავას საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილებისა და ქ. ა-ავას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მ. გ-შვილს ქ. ა-ავას საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილებისა და ქ. ა-ავას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება;
3. მ. გ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ ქ. ა-ავას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.