Facebook Twitter
ბს-68-66(კ-09)

ბს-68-66(კ-09) 11 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. ფ-ოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 25 ივნისს ს. ლ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირის – ი. ფ-ოვის მონაწილეობით და მოითხოვა 2007 წლის 8 მაისის ¹7442/2007 რეგისტრაციის გაუქმება ი. ფ-ოვის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის საბურთალო-გლდანი-წყნეთის სექტორის სახელმწიფო რეგისტრატორ ქ. ზ-შვილის 2007 წლის 25 მაისის ¹0601-17599 და ¹06/01-17600 გადაწყვეტილებების გაუქმება, ასევე მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული ბინისა (თბილისში ... ქ. ¹5-ში მდებარე ბინა წილობრივი მონაცემი 78/596) და ი. ფ-ოვის სახელზე საჯარო რეესტრის მიერ 2007 წლის 8 მაისს განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველზე აღრიცხული ბინის (ქ. თბილისი, ... ქ. ¹5, ბინა7) იდენტურობის დადგენა და შედეგად ბინაზე ი. ფ-ოვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე უკანონო ჩანაწერის გაუქმება (იხ.ს.ფ. 2-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ლ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 8 მაისის ¹57442-2007 სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც ქ. თბილისში ... ქ. ¹5-ში მდებარე ბინა ¹7 ბინის მესაკუთრედ რეგისტრაციაში გატარდა ი. ფ-ოვი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. თბილისში ... ქ. ¹5-ში მდებარე ბინა ¹7 საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება ს. ლ-შვილის სახელზე (იხ. ს.ფ. 301-310).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ი. ფ-ოვმა და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 322-345).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ი. ფ-ოვის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 69-73).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-ოვმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 80-92).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით ი. ფ-ოვის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 106-107).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები მხარეებს არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ფ-ოვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ი. ფ-ოვის საკასაციო არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ილია ფილიპპოვის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ილია ფილიპპოვის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ფ-ოვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ ი. ფ-ოვის სახელზე თ. ფ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, კასატორს _ ი. ფ-ოვს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ფ-ოვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ი. ფ-ოვის სახელზე თ. ფ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კასატორს _ ი. ფ-ოვს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

1. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.