Facebook Twitter
¹ბს-691-657(უს-კ-09) 7 ივლისი, 2009 წელი

¹ბს-691-657(უს-კ-09) 7 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ დ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ე-ძე

მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტისა და 23 აპრილის განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 3 აგვისტოს თ. ე-ძემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სსსკ-ის 196-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა და დ. ა-ძის სახელზე აღრიცხული ქ. ბათუმში, ... ქ. ¹17-ში მდებარე ბინაზე ყადაღის დადება შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სადავო ქონების მოპასუხის სახელზე დარეგისტრირება. საქმის არსებითად განხილვისას დადგინდა, რომ სადავო ბინა აღრიცხული იყო მოპასუხის სახელზე, შესაბამისად, ამჟამად არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხე გაასხვისებდა ბინას, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა მოსარჩელე (იხ. ს.ფ. 1; ტ.II).

მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფა შემდეგი მოტივით:

უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით მას მიადგება ზიანი, რადგან ის აპირებს მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებას, ამასთან, კომერციულ ბანკებში ვადიან ანაბარზე დადგენილია მინიმუმ 15%-იანი სარგებელი. შესაბამისად, განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დ. ა-ძეს შეეზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციის პირველი ოქმით განმტკიცებული საკუთრების ფლობის უფლება და ვერ შეძლებს ქონების განკარგვას საკუთარი შეხედულებისამებრ, რითაც მიადგება ზიანი წლიური 9600 ლარის ოდენობით.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, დაწყებულ დავასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შესაძლოა გაგრძელდეს მინიმუმ ორი წელი, რაც მიაყენებს მას მნიშვნელოვან ზიანს (იხ. ს.ფ. 9; ტ.II).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს განჩინებით თ. ე-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო დ. ა-ძის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹17-ში მდებარე უძრავ ქონებას; განმცხადებელს განემარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სარჩელის უსაფუძვლობის შემთხვევაში დაეკისრება მას; დ. ა-ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ე-ძეს დაევალა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფა და ამ მიზნით დეპოზიტზე 3000 ლარის შეტანა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191.1 მუხლით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეა დ. ა-ძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრს აეკრძალა ტექბიუროს მონაცემების შესაბამისად, მითითებული უძრავი ქონების დ. ა-ძის სახელზე დარეგისტრირება, მაგრამ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიუხედავად, დ. ა-ძის სახელზე დარეგისტრირდა სადავო ბინა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება. შესაბამისად, საქმის წარმოების დასრულებამდე დ. ა-ძის მიერ სადავო ქონების გასხვისების პირობებში, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გართულდეს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია თ. ე-ძის მოთხოვნა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის _ დ. ა-ძის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე, კერძოდ, დასაბუთებულად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი, რომ მას სურს სადავო ბინის გასხვისება და მიღებული თანხით შემოსავლის მიღება, მაგრამ საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება დავის გაგრძელების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ დავა არ გაგრძელდებოდა 2 წელზე მეტი, რადგან დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში შესაძლებელი იყო დავა დასრულებულიყო 5 თვეში, რის გამოც, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანი უნდა გამოთვლილიყო 5 თვეზე მიუღებელი შემოსავლით (იხ. ს.ფ. 11-12; ტ.II).

2009 წლის 10 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. ა-ძემ და მოითხოვა თ. ე-ძის დავალდებულება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე დამატებით 12600 ლარის შეტანა, ან უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება შემდეგი მოტივით:

განმცხადებლის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი, რომ სასამართლოში დავა შეიძლება გაგრძელებულიყო 2 წელი. თ. ე-ძის მიერ აღძრულ სარჩელზე სასამართლო დავა არ არის დამთავრებული, საქმეს იხილავს სააპელაციო სასამართლო, სადაც სხდომა ჩანიშნულია 2009 წლის თებერვალს. შესაბამისად, საქმის განხილვა გაგრძელდება სავარაუდოდ 8 თვე, რადგან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ვადაა 6 თვე. 2007 წლის 6 აგვისტოდან გასულია 18 თვე, თუ საქმის განხილვა კიდევ გაგრძელდება 8 თვე, სულ განხილვის ვადა შეადგეს 26 თვეს, საიდანაც უზრუნველყოფილია მხოლოდ 5 თვის და უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილია 21 თვის ზიანი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 5 თვის განმავლობაში მოსალოდნელი ზიანი შეადგენს 3000 ლარს, შესაბამისად, 21 თვეზე _ 12600 ლარს (იხ. ს.ფ. 24; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით დ. ა-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს განჩინებით თ. ე-ძეს დაევალა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფა და ამ მიზნით დეპოზიტზე 3000 ლარის შეტანა, რაც არ გასაჩივრებულა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2009 წლის 27 თებერვალს მიღებულია განჩინება, რომლითაც დ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებულია მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა. იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ უკვე დასრულებულია საქმის განხილვა, არ არის მოსალოდნელი საქმის გაჭიანურება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია განცხადების დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 33-37; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა დ. ა-ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისათვის სააპელაციო სასამართლოს უნდა მიენიჭებინა პრეიუდიციული ძალა, კერძოდ, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 5 თვის განმავლობაში დამდგარი ზიანის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის გარემოება, რომ თ. ე-ძის სარჩელით აღძრული სასამართლო დავა არ დასრულებულა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების პირობებში, სადაც საქმის განხილვის ვადა შეადგენს 6 თვეს, საქმისწარმოება გაგრძელდება სულ მცირე 8 თვე, 2007 წლის 6 აგვისტოდან დღემდე გასულია უკვე 20 თვე, 8 თვის დამატებით სულ _ 28 თვე, საიდანაც უზრუნველყოფილია მხოლოდ 5 თვის ზიანი და უზრუნველყოფის გარეშე დარჩა 23 თვე. შესაბამისად, 23 თვის ზიანის ოდენობა შეადგენს 13800 ლარს (იხ. ს.ფ. 41-44; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით დ. ა-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსსკ-ის 1971.4 მუხლებით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სსსკ-ის 191.1 მუხლი ავალდებულებს განმცხადებელს მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დ. ა-ძის არგუმენტი დავის უსასრულოდ გაგრძელების გამო, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით დამატებით თანხის შეტანის დავალდებულების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე 2009 წლის 27 თებერვალს მიღებულია განჩინება დ. ა-ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ ერთხელ გამოყენებულია მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება (იხ. ს.ფ. 51-55; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ა-ძის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილისა და 19 მარტის განჩინებები და ახალი განჩინებით დ. ა-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის დამატებით უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე», «ე1» ქვეპუნქტების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2007 წლის 3 აგვისტოს თ. ე-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 196-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოქმედების განხორციელების აკრძალვის შეცვლა სხვა სახის ღონისძიებით _ სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით, სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე _ დ. ა-ძის სარჩელის გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქ. ბათუმში, ... შესახვევი ¹17-ში მდებარე საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ თ. ე-ძის მიერ 2007 წლის 3 აგვისტოს განცხადების შეტანისას (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 14 აპრილის განჩინება, ხოლო საქმის წარმოების განახლების შედეგად, 2007 წლის 30 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა). აღნიშნულის მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 6 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა თ. ე-ძის მოთხოვნა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეზე მიიღო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც წარმოადგენს სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების შეზღუდვას. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ სარჩელზე მიღებული იყო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და იგი კანონიერ ძალაში იყო შესული. მით უფრო, რომ განმცხადებელი ითხოვდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას სხვა სახის ღონისძიებით, რაზეც არ უმსჯელია სასამართლოს და ფაქტობრივად მოახდინა არა სსსკ-ის 196-ე მუხლის შესაბამისად, ერთი სახის ღონისძიების სხვა სახის ღონისძიებით შეცვლა, არამედ სსსკ-ის 194-ე მუხლის შესაბამისად, გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქალაქო სასამართლოს უნდა განემარტა განმცხადებლისათვის, რომ ამ უკანასკნელს სსსკ-ის 2672 მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა სარჩელის უზრუნველყოფის, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების მიზნით.

აღნიშნულის მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული პროცესუალური კომპეტენცია იმსჯელოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს განჩინების კანონიერებაზე, რადგან სსსკ-ის 264.1 მუხლის შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხეს სსსკ-ის 194.3 მუხლის შესაბამისად, არ გაუსაჩივრებია მითითებული განჩინება.

საქმის მასალების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობის ნაწილობრივ გაზიარების შედეგად, სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძინების გამო მოსალოდნელი ზიანის უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს დაავალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 3000 ლარის შეტანა. დ. ა-ძემ 2009 წლის 10 თებერვლის განცხადებით მოითხოვა უზრუნველყოფის ღმონისძიებით მოსალოდნელი ზარალის დამატებით უზრუნველყოფა, რაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.

საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 199-ე მუხლით და მიზანშეუწონლად მიიჩნია განცხადების დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო არა განცხადების საფუძვლიანობის, არამედ მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების პროცესუალური წინაპირობა, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძინების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის დამატებით უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. სსსკ-ის 199-ე მუხლი იცავს მოპასუხის ინტერესს, რათა გარკვეული ზიანი არ მიადგეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, როდესაც იკვეთება ამგვარი ზიანის მიყენების მოსალოდნელი საფრთხე, რაც გამოყენებულ იქნა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, მაგრამ მითითებული ნორმა არ ითვალისწილებს ამგვარი მოსალოდნელი ზარალის დამატებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუშვებლად უნდა ეცნო დ. ა-ძის განცხადება. აღნიშნულის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია დ. ა-ძის მოთხოვნა და გასაჩივრებული განჩინებით მხარეს განუმარტა მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც ასევე არ შეესაბამება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რადგან აღნიშნულს არ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არ არსებობდა სსსკ-ის 1971 მუხლის გამოყენების პროცესუალური წინაპირობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, რის გამოც ნაწილობრივ უნდა იქნეს გაზიარებული დ. ა-ძის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილისა და 19 მარტის განჩინებების გაუქმების შესახებ და ახალი განჩინებით დ. ა-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის დამატებით უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, რადგან არ არსებობს მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ა-ძის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 აპრილისა და 19 მარტის განჩინებები და ახალი განჩინებით დ. ა-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის დამატებით უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.