Facebook Twitter

ბს-695-661(2კ-09) 2 დეკემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - ზ. ბ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ. ბ-ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 1 მარტს ზ. ბ-ძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად გამწესდა სამხედრო სამსახურში. ზ. ბ-ძე შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის დღიდან იყო სამხედრო მოსამსახურე.

მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფოს შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს გამოყოფილი ასიგნებები და მათი მიზნობრივად გამოყენება სამინისტროს ვალდებულებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას, კვების, სანივთე უზრუნველყოფისა და წვრთნისა და აღჭურვისთვის განსახორციელებლად წინასწარ დაგეგმავს ფულად სახსრებს, იგი ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თითოეული ლარი განკარგოს დანიშნულებისამებრ ანუ უზრუნველყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით.

კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და «სამინისტროსთან» შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ «სამინისტრო» იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი «სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 წლის ხელფასის სახით საშუალოდ 1400 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება მთელი თვის ხელფასის შესაბამისად; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 1000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ზ. ბ-ძე სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 20 აგვისტოს ¹2344 ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. მოპასუხის სამხედრო სამსახურში მომსახურების ვადა შეადგენდა 5 თვესა და 19 დღეს.

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, საკონტრაქტო სამსახურის გამვლელთათვის დადგენილია არანაკლებ 3 წლიანი ვადა, ხოლო ზ. ბ-ძეს ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება 4 წელი ემსახურა შეიარაღებულ ძალებში. კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ათი დღის ვადაში, მოპასუხე ვალდებული გახდა აენაზღაურებინა სამინისტროსათვის მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა 1400 ათას ლარს, ხოლო 4.3 პუნქტი სამხედრო მოსამსახურის მომზადების პერიოდად განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის პირველ სამი თვეს, მოპასუხე ზ. ბ-ძე კი, როგორც დათხოვნის ბრძანებიდან ირკვევა გათავისუფლებულია შეიარაღებული ძალებიდან «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტით (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო), რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს კონტრაქტის 7.3 პუნქტის მოქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს – ზ. ბ-ძეს დაკისრებოდა ჯარიმის – 14 000 ლარის, ზიანის სახით – 2449,57 ლარისა და პირგასამტეხლოს – 14 000 ლარის 0,2%-ის ოდენობით ყოველდღიურად 2005 წლის 31 აგვისტოდან ჯარიმის ძირითადი თანხის გადახდამდე გადახდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ. ბ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 16449,57 ლარისა და 14 000 ლარის გადახდამდე, ყოველდღიურად 2005 წლის 31 აგვისტოდან ამ თანხის 0,2%-ის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. ბ-ძეს საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2449,57 ლარის გადახდა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარიმო თანხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციული-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვალა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ოარგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ბ-ძეს შორის 2005 წლის 01 მარტს დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების ვადა, ოთხი წელი და მისი შეწყვეტის პირობები. ზ. ბ-ძე სამხედრო სამსახურში აღნიშნული კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა 2005 წლის 01 მარტიდან 2005 წლის 20 აგვისტომდე, სულ 4 თვე და 20 დღე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ მომდევნო 3 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად, ბ) 2 წლის სამსახურის გავლის შემდეგ მომდევნო 2 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად გ) 3 წლის სამსახურის გავლის შემდეგ მომდევნო 1 წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულ იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

კონტრაქტის 7.4 მუხლის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურის” მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების, ამავე მუხლებში დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების გადაცილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი წარმოშობა არ ხდება დელიქტის, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სამინისტროს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, თუ პირი კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა არანაკლებ ერთი წლისა და მეტი ვადით. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ თავდაცვის სამინსიტროსა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება შეწყდა ერთი წლის გასვლამდე, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის, ჯარიმის სახით, ფულადი თანხის 14000 ლარისა და მის საფუძველზე ჯარიმის დადგენილ ვადებში გადაუხდელობისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს 0,2%-ის ოდენობით დაკისრება, კანონშეუსაბამოა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი ზიანის სახით მის მიერ დახარჯული 2449,57 ლარის ანაზღაურების თაობაზე და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლით რეგლამენტირებულია კრდიტორის უფლება ხელშეკრულებიდან გასვლისას მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც ზ. ბ-ძის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელე მხარეს მიადგა ზიანი და მოუხდა ზ. ბ-ძის მომზადებაში დახარჯული თანხის ხელახლა გაღება, მის სანაცვლოდ ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნის გამო, ზ. ბ-ძეს ეკისრება ვალდებულება ზიანის სახით აანაზღაუროს მასზე დახარჯული 2449,57 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ზ. ბ-ძემ.

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

მეორე კასატორი – ზ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მისთვის 2449,57 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ხელშეკრულების შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის მინისტრის სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.

საკასაციო სასამართლო ეთნახმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის თაობაზე და ადასტურებს სასამართლოს მხრიდან ხელშეკრულების 7.3 მუხლის თაობაზე განმარტების შესახებ წარმოდგენილი მოტივაციის მართებულობას.

ხელშეკრულების 7.3 მუხლი განსაზღვრავს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინსტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ,,სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი. “სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) 1 (ერთი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) 2 (ორი) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ორი წლის ხელფასის სახით 10000 ლარის ოდენობით; გ) 3 (წლის) წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის ხელფასის სახით საშუალოდ 5000 ლარის ოდენობით.

ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, სამხედრო მოსამსახურეს ფულადი თანხების – ჯარიმის, გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ კონტრაქტის 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. რაც შეეხება ერთ წლამდე პერიოდს, აღნიშნულზე მხარეთა შორის ჯარიმა-საურავების თაობაზე შეთანხმება არ არსებობს, რაც გამორიცხავს სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის დაკისრებას კონტრაქტის ერთ წლამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ბ-ძეს შორის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 01 მარტს და შეწყდა 2005 წლის 20 აგვისტოს. ამდენად, ხელშეკრულები მოქმედების ვადამ შეადგინა 4 თვე და 20 დღე.

მითითებულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა და სააპელაციო სასამართლოს სწორმა სამართლებრივმა შეფასებამ საკასაციო სასამართლოს მისცა საფუძველი უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის საკასაციო საჩივრის დაშვებაზე, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზიანის სახით ზ. ბ-ძისათვის საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 2449,57 ლარის დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით არამართებულია, ვინაიდან მხარეთა შორის 2005 წლის 1 მარტს დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის აუცილებელ პირობას, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოადგენს სამხედრო ძალებში სულ მცირე 1 წლის სამსახური, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სამინისტროს მოთხოვნა ეხება მოპასუხისათვის ხელშეკრულების არა 7.3 მუხლში მითითებული ჯარიმის თანხის, არამედ ზ. ბ-ძეზე დახარჯული თანხის – 2449,57 ლარის სამინისტროსათვის ანაზღაურებას, რომლიდანაც 1924,57 ლარი წარმოადგენს ხელფასს, ხოლო 525 ლარი კვების ხარჯს. (ს.ფ 18,19).

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდქსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20.08.2005 წლის ¹2344 ბრძანებით ზ. ბ-ძე კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ (სკ-ის 352.1 მუხ.). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიღებული შესრულების – მოპასუხის მიერ გაწეული სამსახურის და გაწეული სამსახურის შედეგად გადახდილი ხელფასის თანხის ხასიათიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის თანამად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა შეადგენს დამსაქმებლის ვალდებულებას, ამდენად მოსარჩელის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელფასის თანხის დაბრუნების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო რაც შეეხება სასურსათო ულუფას (525 ლარი), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ხელფასის – 1924,57 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ზ. ბ-ძისათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას დანარჩენ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ზ. ბ-ძისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 2449,57 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ზ. ბ-ძისათვის სახელფასო თანხის – 1924,47 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ზ. ბ-ძისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 525 ლარის დაკისრების თაობაზე;

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.